„კუთხე-კუნჭული“ 9 - 2022

ზეთისხილი

1787882
„კუთხე-კუნჭული“ 9 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 9 - 2022

ზეთისხილი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

დასავლურ ენებზე ფონეტიურად სხვადასხვაგვარად მჟღერად „ოილი“ ბერძნული სიტყვა „ელეია“დან მომდინარეობს, რაც ზეთისხილის ხეს ნიშნავს. რამდენად სიმართლეს შეესაბამება ამაზე კამათი რთულია, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ ზეთისხილის ხის მოშენება ადამიანმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მის ნაყოფს გემო გაუსინჯა და ის პირველი ხე იყო, რომელიც „მოაშინაურა“. ზეთისხილის ხეს წმინდა ხესაც უწოდებენ და ის თითქმის ყველა რელიგიურ წიგნში, მითოლოგიასა თუ ამქვეყნიერების შექმნის გადმოცემებსა თუ ლეგენდებში იკავებს ადგილს. მტრედის მორთმეული ზეთისხილის ხის ტოტი, ძველი აღთქმის მიხედვით, ნოესთვის სამშვიდობოზე გასვლისა და წარღვნის დამთავრების ნიშანიც კი გახდა. სავარაუდოა, რომ ზეთისხილის ხემ ამ ამბის საფუძველზე და მისმა ფოთოლმა, მშვიდობის სიმბოლური სახე შეიძინა. 

ეგეოსის ზღვის აუზის სანტორინის კუნძულზე არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ზეთისხილის კურკები და ზეთისხილის ფოთლების ფოსილური ნაშთები ძვ.წ.აღ.-ით 3700 წელს მიეკუთვნება. ზეთისხილის მოშენება პირველად ძვ.წ.აღ.-ით 4000 წელს ანატოლიის ნახევარკუნძულზე დაუწყიათ და შემდგომ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვადასხვა ქვეყნებში გაუვრცელებიათ.

ანატოლიიდან ზეთისხილის ნერგები კუნძულ კრეტაზე წაუღიათ. ეს კუნძული 3000 წლის განმავლობაში ხმელთაშუაზრვისპირეთში ამ ბარაქიანი ხის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ადგილი გამხდარა. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ზეთისხილის ნაყოფისაგან (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თურქეთში ზეთისხილის ნაყოფს ხილად მოიხსენიებენ) ზეთის მიღებას, მის ტექნოლოგიურად დამუშავებას და გაყიდვის მიზნით მის იმდროინდელ „ინდუსტრიულ“ წარმოებას. ამ კუნძულზე არსებული კნოსოსა და ფაიტოს სასახლეების არქეოლოგიური გათხრებიც ამას მოწმობს, აქ ნაპოვნია ზეთისხილის შემნახველი თიხის ჭურჭლები, ზეთისხილის ხეივნებში მოცეკვავე ადამიანების კედლის ფრესკები და ა.შ.

ანტიკურ მითოლოგიაში მეცნიერების და სიბრძნის ქალღმერთი ათენა ზეთისხილის ხის დამცველადაც მოიხსენიება. არისტოტელეც ჩანაწერებში ამ „წმინდა“ ხის შესახებ საუბრობს. პლატონიც ყურძნის აცმასა (იგივე აკიდოს) და ზეთისხილის ზეთს შეუცვლელ და სასარგებლო პროდუქტად მოიხსენიებს. ცნობილია ისიც, რომ წლიურად თითო ათინელი ოცდაათ ლიტრ ზეთისხილის ზეთს მოიხმარდა.

ძვ.წ.აღ-ით 1035 წელს ისრაელის პირველი მეფე საული ტახტზე ასვლისას შუბლზე ზეთისხილის ზეთის წასმით იქნა ხელდასხმული. ამ რიტუალის შემდეგ ებრაულ ენაში ასეთი ფრაზეოლოგიზმიც კი შეიქმნა, რომელიც შემდგომ თურქულ ენაშიც გადმოვიდა “halis zeytinyağı gibi” ანუ „ზეთისხილის ზეთივით სუფთა, წმინდა“.

ზეთისხილის სავაჭრო ნიშნულის მინიჭების შემდეგ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნების პორტებში სპეციალური გემებიც კი ააშენეს. ხოლო მისი ამერიკამდე ჩატანის თავგადასავალი ესპანელებს ეკუთვნით. მისიონერებმა ეს წმინდა ხე მე-16-ე საუკუნეში ჯერ მექსიკაში, შემდგომ კი კალიფორნიასა და მთელ სამხრეთ ამერიკაშიც გაავრცელეს.

ზეთისხილის ხე სიბრძნის, გამარჯვების, მისი ტოტი მშვიდობის, დედის რძესავით მარგებელი ზეთი კი უმანკოების სიმბოლოდ იქცა.

ცნობილი ფაქტია, რომ თურქეთში ზეთისხილი ხელშეუხებელ მცენარედ მიიჩნევა. მისი გაჩეხვა, დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ასევე აკრძალულია ქვეყნის გარეთ ზრდადასრულებული ზეთისხილის ხეების გატანა, მისით ვაჭრობა და ა.შ. იმ შემთხვევაში თუკი მსურველი, განსაკუთრებით ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვისპირის რეგიონში ისეთ მიწის ნაკვეთს იყიდის, სადაც ბუნებრივად თუ ვინმეს ხელით ზეთისხილის ხეებია გაშენებული, ახალი მფლობელი იძულებულია მას მოუაროს. ზეთისხილის ხესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მკაცრად კონტროლდება და სწორედ ესეც არის იმის მიზეზიც, რომ თურქეთში ეს ხე განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. თუმცა აღსანიშნია, რომ თურქეთში მოსახლეობამ აკრძალვების გარეშეც ამ ხის მნიშვნელობა, მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება მშვენივრად იცის. ასევე სჯერა, რომ ამ ხესთან უხეში მოპყრობა ბარაქის გაქრობას გამოიწვევს.


საკვანძო სიტყვები: #ზეთისხილი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები