კუთხე-კუნჭული“ 48/2021

"თეატრის საფუძვლები თურქეთში"

1744223
კუთხე-კუნჭული“ 48/2021

კუთხე-კუნჭული“ 48/2021

"თეატრის საფუძვლები თურქეთში"

მარიამ გაფრინდაშვილი

მე-19-ე საუკუნეში ოსმალეთის იმპერიაში დაწყებულმა მოდერნიზაციის „პროექტმა“ გაამართლა. დასავლური ხელოვნებისა და კულტურის შემოდინებამ ოსმალეთის იმპერიაში თეატრის გაჩენის აუცილებლობაც შექმნა. სტამბოლის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული მოსახლეობა ამ ახალ სანახაობას მზად დახვდა. მსახიობებიც მალევე გამოიძებნა, რადგანაც თეატრის ჩანასახები მაშინდელ სტამბოლშივე არსებობდა. ქალაქში 1850 წლიდან მოყოლებული სახლ-სალონებსა თუ სკოლებში თეატრალური სანახაობების დადგმა დაიწყეს, თუმცა მას საზოგადოებრივი სახე ჯერ კიდევ არ გააჩნდა.

მე-19-ე საუკუნის მიწურულს იმპერიის მმართველმა წრემ თეატრის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების მნიშვნელობა გაიაზრა და მის განვითარებას უფრო მეტი დრო და რესურსები დაუთმო. დროთა განმავლობაში თეატრალური დადგმებისადმი ხალხის ყურადღებაც გაიზარდა. თუმცა იმპერიის არსებობის დასასრულს სულთნის აბდულჰამიდ II-ის დროს თეატრზე კონტროლი გამკაცრდა, დაწესდა ცენზურა; მაგრამ მალევე მეშრუთიეთის პერიოდის იგივე კონსტიტუციის სისტემის შემოღებისთანავე თეატრისადმი მმართველი ხელისუფლების დამოკიდებულება დათბა და ხელოვნების ეს დარგი ახლად დაარსებული თურქეთის რესპუბლიკის კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

თუმცა საინტერესოა რესპუბლიკამდელი ოსმალეთის იმპერიის თეატრის თავგადასავალი. თეატრმცოდნე და მკვლევარი მეთინ ანდი თურქული თეატრის კვლევისას, ჩვენს ყურადღებას იპყრობს ამ თეატრის ძალიან ადრეული ფესვების - ჰაჯივათისა და ქარაგოზის თეატრალიზებული სანახაობასადმი. ჩვენ ერთ გადაცემაში საუბარი გვქონდა ჯერ კიდევ მე-17-ე საუკუნეში ოსმალეთის იმპერიაში ხალხის გასართობად მოგონილი თოჯინების თამაშის შესახებ, რომლის დიალოგები წინასწარ იყო დაწერილი და ხშირად საზოგადოებრივ გზავნილებსაც შეიცავდა. არ ერიდებოდა ხელისუფლების კრიტიკასაც და სოციალური ფენების პრობლემებსაც ირიბად ეხებოდა. მეთინ ანდის თქმით, სულ პირველად თეატრალურ სანახაობებს სპეციალურად ამ საქმისთვის მომზადებული პროფესიონალი მსახიობები სასახლის კარზე მართავდნენ. ეს ყველაფერი კი XVII საუკუნეში სულთნების მიერ დასავლური სამყაროს გაცნობით დაიწყო. თეატრისადმი განსაკუთრებულ ინტერესს სელიმ III (1789-1807) და მაჰმუდ II (1808-1839) ავლენდნენ. 1828 წელს სწორედ მაჰმუდ II-მ სტამბოლში ჯუზეპე დონიზეტი მოიწვია და მას “Muzıka-i Hümayun’u” დააარსებინა. ის ოპერისა და თეატრის საფუძვლებს შეიცავდა და მან რესპუბლიკის პერიოდამდე იარსება. ის უკვე შემდგომში არსებულ „რესპუბლიკის სიმფონიური ორკესტრის“ ერთგვარ წინაპრადაც კი მიიჩნევა. 1859 წლიდან კი ჯერ დოლმაბაჰჩეში, შემდგომ კი ილდიზ სასახლეში სალონური ტიპის თეატრები გაიხსნა.

იმის გამო, რომ თეატრების სცენა მოძრავი იყო, ის ხან სად იდგმებოდა და ხან სად, ამიტომაც ხშირად სტამბოლში საფრანგეთისა და იტალიის საელჩოები ამ სანახაობისათვის თავიანთ სალონებს უთმობდნენ. ამავე პერიოდში „ტიტების რევოლუციის“ დროს სულთანმა აჰმედ III-მ და სადრაზამმა დამათ იბრაჰიმმა სასახლეში ვენეციური „მასკარადის“ ერთგვარი ნაირსახეობა მოაწყვეს, ასევე მსახიობებს კომედიური ჟანრის სპექტაკლების ჩატარების ნებართვაც დართეს.

სასახლის კარისა და საელჩოების გარდა, ოსმალეთში თეატრის დაარსებაში მაინც ყველაზე დიდი როლი ეთნიკურმა უმცირესობებმა შეასრულეს. XVII საუკუნიდან მოყოლებული სტამბოლელი იტალიელები ღია ცის ქვეშ სპექტაკლებს მართავდნენ, მაგრამ ამავე დროს თეატრის მშენებლობასა და მის არქიტექტურულ გადაწყვეტაში იღებდნენ მონაწილეობას. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოგზაური უცხოური თეატრების როლი სტამბოლის მოსახლეობისათვის. უცხოურ ენებზე, თუმცა უფრო მეტად პლასტიკითა და ქორეოგრაფიით, ასევე სასიმღერო რეპერტუარით დატვირთული სპექტაკლები მოსახლეობაში თეატრისადმი დამოკიდებულების კულტურას აყალიბებდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტამბოლელ სომხებსაც თავიანთი თეატრი გააჩნდათ და ისევე როგორც იტალიელები, ისინიც ქალაქის თეატრის განვითარებაში დიდ როლს ასრულებდნენ. ამ საქმით იყვნენ დაკავებული სტამბოლელი რუმებიც, რომლებმაც 1860 წელს „ნეოლოგოს“ სახელწოდების თეატრალური ჟურნალიც კი გამოსცეს.

ისევ მეთინ ანდის ცნობებზე დაყრდობით, ვიგებთ რომ ბელინის ოპერა „ნორმა“ სტამბოლში გახსნილი ოპერის თეატრში (1841) შესრულებული პირველი ნაწარმოები იყო. ოპერაში მისულ მაყურებელს კი სპეციალურად თურქულად დაბეჭდილ ლიბრეტოებს ურიგებდნენ.

ბოლოს კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ სტამბოლის თანამედროვე სომხური თეატრის შემქმნელი ბეშიქთაშლიანი, რომელმაც ორთაქოიში პირველმა თეატრში სპექტაკლების თანამედრვე სომხურ ენაზე დადგმა დაიწყო. თავისივე პიესების დადგმით ცნობილმა რეჟისორმა მიზანს მიაღწია, მისი სპექტაკლები ხალხის მხრიდან ყურებადი გახდა. თუმცა იმის გამო, რომ სპექტაკლებზე თურქულად მოსაუბრენიც მიდიოდნენ, ენის პრობლემა იქმნებოდა. ამიტომაც 1859 წელს სირაბიონ ჰექიმიანის მიერ „არეველიან ტადრო“ იგივე „აღმოსავლური თეატრი“ უკვე ფართო მაყურებლისათვის გაიხსნა. ბეიოღლუზე, კაფე „ორიენტალ“ში ძმებ ალთინდურიანების მხარდაჭერით გახსნილი ეს თეატრი თურქულად, სომხურად და იტალიურად სთავაზობდა მაყურებელს სპექტაკლებს. ის უმეტესწილად კომედიური ჟანრის იყო და სწორედ ამანაც გამოიწვია მისდამი დიდი ინტერესი. სამწუხაროდ ამ თეატრმა არსებობა შეწყვიტა და მალევე რევანშით ახალი „აზიის თეატრი“ გაიხსნა, სწორედ მასში იღებდა მონაწილეობას ოსმალური თეატრის ყველაზე დიდი სახელი, სომხური ფესვების მქონე ჰაგოპ ვარტოვიანი. ამ თეატრს ორი წლის შემდეგ „ოსმალური თეატრის“ სახელი დაერქვა.

ეთნიკური უმცირესობების მიერ ოსმალური თეატრის აღორძინებამ XIX საუკუნიდან  მოყოლებული თურქი ინტელექტუალებიც მიიზიდა. მათ თურქულ ენაზე პიესების წერა დაიწყეს და ამით თურქულ ენაზე თეატრის არსებობის საკითხი წინ წამოსწიეს. „ქურთულუშის ომის“ ამბებს, რესპუბლიკის დაარსებას პიესები მიეძღვნა და პატრიოტული თემებით მოსახლეობა აღფრთოვანდა. სწორედ ასე ჩქარი ტემპით თურქეთის მოსახლეობა თეატრს შეეჩვია და დღეს უკვე ხელოვნების ეს დარგი მისი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა.

 



მსგავსი ინფორმაციები