კუთხე-კუნჭული“ 46/2021

"ლოქუმი თუ რახათ-ლუხუმი"

1737517
კუთხე-კუნჭული“ 46/2021

კუთხე-კუნჭული“ 46/2021

"ლოქუმი თუ რახათ-ლუხუმი"

მარიამ გაფრინდაშვილი

ჩვენში თურქული შინაარსის ამ ტკბილეულს რაჰათ-ლუხუმს ეძახიან. შეიძლება ფონეტიურად ასეთი სახელწოდებით გადმოცემა ჯემალ ქარჩხაძესაც უკავშირდება, რომელსაც ასეთივე დასახელების ნოველა აქვს. ნოველაში ეს ტკბილეული თავისი არც თუ ისე ტკბილხმოვნად მჟღერადი სახელით ფიგურირებს. მოთხრობის მიხედვით, რაჰათ-ლუხუმის გამყიდველი თურქი, რომელიც ადრე სასახლის კარზე მრჩეველი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხედარი იყო, ქართველ მოგზაურს შემთხვევით უყვება ერთი მღვდლის ამბავს, რომელმაც ლუარსაბ მეფის შესაპყრობად წასულ ოსმალო ჯარს გზა აუბნია. ამბის მთხრობელი კი თავადაც ამ ბრძოლაში მონაწილეობას და მეტიც, მთავარი სარდლის მეურვედ ყოფნასაც იკვეხნიდა. მოთხრობის ჩაკითხვისას ვიგებთ, რომ ამბავი, რომელსაც მოხუცი გამყიდველი ჰყვება თევდორე მღვდელზეა. თუმცა ვინ იცის, იქნებ ავტორის თქმისაც არ იყოს რაჰათ-ლუხუმის გასაყიდად მოხუცმა თურქმა ეს ამბავი თავის თავზე მოირგო და ფლიდურად ორჯერ შეასაღა ქართველ მსმენელს სასახლის კარის განთქმული ტკბილეული. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა რა შუაშია ლუარსაბ მეფის დროინდელი ამბავი და რაჰათ-ლუხუმიო, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ტკბილეულიც ისეთივე ძველი საკონდიტრო ნაწარმია, როგორც ოსმალეთის ბრძოლების ამბები. დღეს კი საუბარი სწორედ ამ ტკბილეულზე გვექნება.

მართალია „ყელში გაჩხერილი ფხასავით“ უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს რჰთ-ლხმ ბგერების წარმოთქმა, თუმცა რბილ ენად ცნობილ თურქულში ის ასე მარტივად წარმოითქმის - ლოქუმი. „რაჰათ-ლუხუმი“ კი არაბულიდან შეიჭრა ქართულში და ასე დამკვიდრდა კიდეც. არაბულად ის ასე ჟღერს, „rahat-ul hulküm“, რაც ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ, „ყელის ჩაკოკლოზინება“.

თურქეთის მოსახლეობამ რაც უნდა ბაქლავას ნაირფეროვნებაში და გემრიელ ვარიაციებში თავი სანაქებოდ წარმოაჩინოს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ტკბილეულში მისი „საპატიო ელჩი“ მაინც ლოქუმი რჩება. მას სახელი თურქულმა სერიალებმა კიდევ უფრო შორ მანძილზე გაუთქვეს. ოსმალური სასახლის კარის ამბების აღმწერ ამ სერიალებში ლოქუმი თურქულ ყავასთან ერთად გამოდის სცენაზე. ეს ორი განუყრელი რამ ჰარამხანების ინტრიგების თანხმლები გემრიელი ატრიბუტებია. ვერცხლის სინზე დალაგებული ტკბილეული მადისაღმძვრელია სულთნისთვისაც და იმდროინდელი დაბალი სოციალური ფენებისთვისაც. თუმცა საინტერესოა, სასახლის გარეთ იყო თუ არა ხელმისაწვდომი საქვეყნოდ განთქმული ლოქუმი. იქედან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ, რომ ჯერ კიდევ მე-15-ე საუკუნიდან სულთნის სასახლის კარის გასტრონომიაში ცნობილი ლოქუმი უმეტესად შაქრის ერთგვარი სახეობა იყო, ღარიბი მოსახლეობისთვის კი შაქარი დიდი ფუფუნება გახლდათ, ეჭვი მეპარება მე-19-ე საუკუნემდე სულ მცირე შესაძლებლობა მაინც ჰქონოდა უბრალო მოსახლეობას, რომ ის დაეგემოვნებინა.

სულთნების ნაირფეროვანი გემოვნების ამბავი საქყვეყონდ ცნობილია და გადმოცემის მიხედვით სულთან აბდულჰამით I-ს ერთფეროვანი მაგარი შაქრის ნაცვლად რბილი შაქარლამები მოუთხოვია და ამისთვის მზარეულებს შორის შეჯიბრიც კი გაუმართავს. მუჰითინ ჰაჯი ბექირს პირველობა მოუპოვებია და სწორედ მას ეკუთვნის ლოქუმის პირვანდელი ფორმისა და გემოს შექმნა.

ბევრი ნაირსახეობის, თხილის, კაკლის, სხვადასხვა ჩირის, სტაფილოს, ქოქოსის ლოქუმთან ერთად ოსმანელის კომშიანი ლოქუმი გამორჩეულია. კომშის, შაქართან ერთად დიდხნიანი ხარშვის შედეგად იღებენ რბილი, წელვად მასას, რომელსაც ოთკუთხა ფორმებად ჭრიან.

ასევე ცნობილია საფრანბოლუს ლოქუმი, რომელსაც ის თავისებურება აქვს, რომ მირთმევისას სასაზე არ ეკვრის და გარეგნულად პრიალაა. მის დასამზადებლად შაქარს, წყალს, სახამებელს და ლიმონმჟავას იყენებენ. დღესდღობით საფრანბოლუს ლოქუმი მის ნაირსახეობებს შორის სწორედ ამ რეგიონის დასახელებით ლიდერობს და საზღვარგარეთაც ამავე სახელითაა წარმოდგენილი.



მსგავსი ინფორმაციები