კუთხე-კუნჭული“ 41/2021

"ქირაათჰანეები"

1721865
კუთხე-კუნჭული“ 41/2021

კუთხე-კუნჭული“ 41/2021

"ქირაათჰანეები"

მარიამ გაფრინდაშვილი

ქირაათჰანე არაბული სიტყვაა. ქირაათ „კითხვას“ ნიშნავს, ხოლო ჰანე - ადგილს, სახლს აღნიშნავს. ქირაათჰანე ერთგვარი ძველი სტილის კაფეს ტიპის ადგილია, სადაც ყავის, ჩაის ზოგან ნარგილეს თანხლებითაც გაზეთის საკითხავად  დადიოდნენ ადამიანები. ის თურქეთში თანამედროვე კაფეებმა ჩაანაცვლა. თუმცა ქაჰვეჰანეები დღესაც შემორჩა ოღონდ მას ოდნავ განსხვავებული ფუნქცია აქვს. ჯერ კიდევ მე-16-ე საუკუნიდან შუა აზიაში ქაჰვეჰანეები გავრცელებული იყო და იქ უმეტესწილად მამაკაცები დაიარებოდნენ. სწორედ ქაჰვეჰანეებმა ჩაუყარეს საფუძველი სამკითხველო კაფეებს იგივე ქირაათჰანეებს, სადაც პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკითხები წყდებოდა.

ოსმალები ყავას მე-16-ე საუკუნეში გაეცნენ, მას შემდეგ რაც ყავამ იემენიდან მათთან ჩამოაღწია. ამ პერიოდს უკავშირდება გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, სტამბოლში ყავის მსმელთა რაოდენობის მომატების შემდგომ ალეპოდან და დამასკოდან ორმა მეგობარმა სტამბოლში, თაჰთაქალეს უბანში კაფე გახსნენ. იმპერიის ფარგლებში მყოფ ქვეყნებშიც კაფეს კულტურა ნელ-ნელა სწორედ აქედან გავრცელდა. კაფე ადამიანთა სოციალიზაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა.

სირიელი მეგობრების კაფედან დაწყებულმა ტრადიციამ, სადაც ყავის თანხლებით სტუმრები ჭადრაკს, ნარდს თამაშობდნენ ან კითხულობდნენ, სხვა კაფეებშიც გადაინაცვლა. კაფეები  ერთგვარ კულტურულ ცენტრებადაც იქცა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც არ ემხრობოდა კაფეების ასეთ პოპულარიზაციას. მავანნი კაფეებს ასეც კი  მოიხსენიებდნენ - „მეიჰანეები ღვინის გარეშე“ ან კიდევ „სალოცავები ღმერთის გარეშე“.

მე-18-ე საუკუნეში მურათ IV სულთანმა კაფეების დახურვის ბრძანება გამოსცა. ბრძანება ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ საიმპერატორო კარის წინააღმდეგ შეთქმულებები და ხელისუფლების კრიტიკა სწორედ კაფეებში იბადებოდა, ამიტომაც მათი გაუქმებით იმპერიას საფრთხე აერიდებოდა. თუმცა ამისდა მიუხედავად კაფეებმა არსებობა მაინც განაგრძეს. კაფეებს ოსმალეთის იმპერიაში სახელი იენიჩარის ოჯაქმა იგივე ოსმალო ჯარმა გაუფუჭა. მას შემდეგ რაც ინეჩართა კორპუსმა დეგრადაცია განიცადა, ჯარისკაცთა დიდმა ნაწილმა ხელში კაფეები ჩაიგდო, სადაც ადგილი ჰქონდა კორუფციას, მათი შემოსავლის წყარო არაკანონიერი თანხები გახდა. იმდროინდელი სტამბოლის კაფეების ჩეთეს იგივე ბანდის მეთაურები ცნობილნი იყვნენ თავიანთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობებით, მათი სახელებიც კი შემორჩა - გალათელი ჰუსეინ აღა ჩარდაქი, თიფლისელი ალი თოიგარ თეფესი და სხვ.

მაჰმუდ II-ს შემდეგ, რაც იენიჩართა კორპუსი დაიშალა კაფეებმა თავიანთი სტატუსი დაკარგეს. თუმცა სულთან აბდულაზიზ და სულთან აბდულჰამიდ II-ს დროს კაფეებს ოქროს ხანა დაუდგათ. სტამბოლის კაფეები ინტელექტუალთა შეკრების ადგილებად იქცა.

დღეს თურქეთში გარდა კაფეებისა ქირაათჰანეებიც პოპულარობით სარგებლობს. მას ცოტათი განსხვავებული დატვირთვა აქვს. ქირაათჰანეში თითოეულ ხავერდგადაფარებულ მაგიდას ოთხი ადამიანი უზის და უმეტესწილად თამაშობს თურქებისათვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ თამაშს - ოქეის. ამ თამაშს თურქებთან თითქმის კავშირი არ აქვს, ის რუმინეთში დაბადებულმა ებრაელმა გამოიგონა და 70-იან წლებში ის ამერიკაშიც კი ყველაზე გაყიდვად თამაშის ნაკრებად იქცა. ოდესღაც ჩინელების მიერ გამოგონილი დომინოს მსგავსი ეს თამაში გერმანიაშიც 60-იან წლებში წასული თურქი მუშა-ხელის განუყრელი გასართობი იყო. მან დღევანდელობამდეც მოაღწია და თურქული გასართობი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.


საკვანძო სიტყვები: #ქირაათჰანე , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები