კუთხე-კუნჭული“ 40/2021

"აფრიკული წარმოშობის თურქები"

1718255
კუთხე-კუნჭული“ 40/2021

კუთხე-კუნჭული“ 40/2021

"აფრიკული წარმოშობის თურქები"

მარიამ გაფრინდაშვილი

სტამბოლში გამართული და უაქცენტო თურქულით მოლაპარაკე შავკანიანებს თუ წააწყდებით, არ გაგიკვირდეთ, ისინი უფრო მეტად სტამბოლელები არიან ვიდრე მერე იქ დასახლებული თურქები თუ სხვა ეთნიკური ჯგუფები. თურქეთში აფრიკელი თურქები ან აფრო-თურქები უმეტესწილად ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა პერიოდში მუშახელად ან მონის სტატუსით არიან ჩამოყვანილნი. მათი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის შემდეგ ისევ აფრიკაში დაბრუნდა, ნაწილი კი სტამბოლში, ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვის რეგიონებში  დასახლდა, მათ იქ სოფლებიც კი დააარსეს. დღემდე იქ მცხოვრები ასაკოვანი აფრო-თურქები თავიანთ თავს არაბებს უწოდებენ, ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი ურჩევნიათ რომ მათ არა არაბები, არამედ აფრიკული წარმოშობის უწოდონ.

ოსმალების პერიოდში ნიგერიიდან, საუდის არაბეთიდან, ლიბიიდან, კენიიდან და სუდანიდან აფრიკული წარმოშობის ადამიანები დალამანის, მანავგათის, ჩუქუროვას, მენდერესისა და გედიზის დაბაში ჩამოჰყავდათ. აფრო-თურქების ნაწილი კი 1923 წელს თურქეთ-საბერძნეთს შორის ე.წ. მუბადელეს იგივე გაცვლის პერიოდში კრეტიდან ეგეოსის რეგიონში დაასახლეს. აივალიქის აფრო-თურქები ჯერ კიდევ ახლო წარსულამდე ბერძნულად ლაპარაკობდნენ, თურქული კი მომდევნო თაობებმა შეისწავლეს.

თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების შესახებ წყაროებიდან ვიგებთ, რომ მე-19-ე საუკუნეში იზმირის საბირთაშში, დოლაფქუიუში, თამაშალიქში, იქიჩეშმელიქსა და ბალიქქუიუს უბნებში აფრიკელების პატარ-პატარა ღარიბული დასახლებები არსებულა. ასევე ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1880 წლიდან 1920 წლამდე მხოლოდ აფრიკელებისთვის განკუთვნილ გაზაფხულის იგივე დანას დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დღესასწაულზე გოდიები, რომლებიც აფრიკული საზოგადოების ე.წ. დამსახურებული პირები გახლავთ, შეგროვილი ფულით ხბოს ყიდულობდნენ და მაისის თვის პირველ შაბათს კლავდნენ. დღეს უკვე ეს ზეიმი მხოლოდ ორი დღე აღინიშნება და შესაწირავსაც აღარავინ კლავს. არსებობს მოსაზრება რომ ეს დღესასწაული აფრიკული წარმოშობის ხალხების მონობისგან გათავისუფლების აღსანიშნად მიიჩნევა.

დღესდღეობით აფრო-თურქებს ურჩევნიათ თქვან რომ ისინი თურქები და ამავე დროს მუსლიმები არიან. მიუხედავად იმისა, რომ კანის ფერი მათდამი საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, ისინი თავიანთ თავს უკვე თურქებთან ასიმილირებულ ეთნიკურ ჯგუფად მიიჩნევენ. მათ თურქული გვარებიც ათათურქის ბრძანებით გვარის შეცვლის რეფორმების დროს მიიღეს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათ დღესაც უწევთ თავიანთი კანის ფერის გამო თურქეთში საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ სადაურნი არიან წარმოშობით. თუმცა ბოლო დროს გახშირდა თეთრკანიანებთან შერეული ქორწინებებიც.  მულატი ახალშობილები უკვე კანის ფერითაც ასიმილირებულნი ხდებიან თურქეთის საზოგადოებასთან. თუმცა ეს წარმოშობს ერთ პრობლემას: თანადათან აფრო-თურქების რაოდენობის სტატისტიკური მონაცემები მცირდება და უკვე რთული დასადგენია თუ რამდენი აფრო-თურქი ცხოვრობს დღევანდელ თურქეთში.

მუსტაფა ოლფაქმა, რომელიც ერთ-ერთი კენიელი მონის შთამომავალი გახლავთ, წინაპრების შესახებ კვლევა ჩაატარა და 2005 წელს წიგნიც კი გამოუშვა, სახელწოდებით „აფრო-თურქები“. ავტორის თქმით, ამ წიგნის მისია, ამავე დროს თავისი და მთელი ამ ეთნიკური ჯგუფის მოკრძალებული თხოვნაა, რომ ისინი საზოგადოებამ ისეთები მიიღონ, როგორებიც არიან.

აფრო-თურქების შესახებ კი სიღრმისეული კვლევა ისტორიის ფონდს ეკუთვნის (Tarih vakfı), რომელმაც ასეთი სახელწოდების ნარკვევი გამოუშვა: „უხმო წარსულიდან ხმები: აფრიკული წარმოშობის ხალხების „თურქად“ ყოფნის გუშინდელი და დღევანდელი დღე“. ნარკვევში 100 აფრო-თურქის ინტერვიუა ჩაწერილი, სადაც ისინი წინაპრებისა და თავიანთ დღევანდელ ყოფას ჰყვებიან.



მსგავსი ინფორმაციები