კუთხე-კუნჭული“ 37/2021

"ჰაჯივათი და ქარაგოზი"

1708799
კუთხე-კუნჭული“ 37/2021

კუთხე-კუნჭული“ 37/2021

"ჰაჯივათი და ქარაგოზი"

მარიამ გაფრინდაშვილი

ქარაგოზი და ჰაჯივათი პაროდიასა და შაირობაზე დამყარებული ორგანზომილებიანი გამოსახულებების ფარდის უკან დამალული თორჯინებისგან შემდგარი ჩრდილის თეატრია. მათ ვინც, ამ მარიონეტებს სიცოცხლისუნარიანს ხდის, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს გამომგონლებლებას ან მეოცნეებს ეძახიან. სპექტაკლში მთავარი პერსონაჟების დამხმარეთა სახელები კი თურქულად ასე ჟღერს - ჩირაქ (შეგირდი), იარდაქ, დაირეზენ, სანდიქქარი და ა.შ. მთავარი დიალოგები კი უმეტესწილად პროტაგონისტებს შორის მიმდინარეობს.

არავინ იცის, ეს ორი პერსონაჟი - ჰაჯივათი და ქარაგოზი მართლა თუ ცხოვრობდნენ, ჰყავდათ თუა არა მათ ცოცხალი პროტოტიპები. თუმცა მათ შესახებ გადმოცემები არსებობს. მოგზაური და ეთნოგრაფი ევლია ჩელების ჩანაწერებს თუ დავეყრდნობით, ქარაგოზი ბიზანტიის იმპერიის კარზე ინსტრუმენტ გაიდის შემსრულებელი ბოშა ბალი ჩელები იყო. სხვა გადმოცემის მიხედვით კი ჰაჯივათი და თრაქიაში სოფელ სამაქოლში რკინის ოსტატი ქარაგოზი, ოსმალეთის მეორე ფადიშაჰის ორჰან გაზის პერიოდში (მე-14-ე საუკუნე) ბურსაში მომუშავე მეჩეთის მშენებლობების  მუშები იყვნენ. იმის გამო, რომ თავად მუშაობას დიდად თავს არ უდებდნენ, სხვასაც ხელს უშლიდნენ. ფადიშაჰის მოწოდების თანახმად კი „თუ მეჩეთის მშენებლობას დროულად არ დაამთავრებთ, თავებს დაგაჭრით“, მუშების პროტესტი გამოიწვია. მათ აღიარეს, რომ მუშაობაში ხელს ქარაგოზი და ჰაჯივათი უშლიდნენ. ფადიშაჰმაც მათი დასჯა არ დააყოვნა და ორივეს თავი მოაკვეთინა. მათი სიკვდილის გამო დამწუხრებულმა შეიჰ ქუშთერმა მათ უკვდავსაყოფად ამავე სახელის ორი თოჯინა შექმნა და ფარდის უკან ჩრდილი თამაშით გააცოცხლა ისინი.

თუმცა არსებობის უფლება აქვს ამ „თამაშის“ შექმნის სხვა ვერსიებსაც. მე-17-ე საუკუნეში ოსმალეთის იმპერიაში ქარაგოზისა და ჰაჯივათის ჩრდილის სპექტაკლმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა. გრძელდებოდა დავა იმის შესახებ თუ საიდან მოაღწია ამ თამაშმა ოსმალეთის იმპერიამდე. საფუძვლიანი შეიძლება იყოს ის მოსაზრება, რომ ჩინელების კულტურიდან მონღოლებთან გადასულმა ჩრდილის თეატრმა, შუა აზიიდან თურქებთან ერთად ანატოლიამდე მოაღწიეს. ჯერ კიდევ შუა აზიაში „ჩადირ ჰაიალ“ ანუ „კარვის სიზმარი“ ან კიდევ „ქოლქორჩაქ“ სახელწოდების ჩრდილის ფარდისუკანა თამაშები იყო გავრცელებული. ის ქარაგოზის სპექტაკლთან შინაარსობრივი და გამოსახულებითი მსგავსებით გამოირჩევა. „ქოლქორჩა“ ძველი თურქულიდან „ქორჩოქ, ქონჩაქ“ – „ბავშვს“ აღნიშნავს.

ქარაგოზისა და ჰაჯივათის ჩრდილის სპექტაკლები იმითაა საინტერესო, რომ ის ოსმალეთის იმპერიის სოციო-კულტურულ და ისტორიულ ფონს ასახავს. სპექტაკლის მონაწილეთა სია იმდროინდელი იმპერიის ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლებითაა სავსე. ესენი არიან ებრაელები, ქურთები, ბერძნები, არაბები, ალბანელები, სპარსები და ა.შ. ასევე სპექტაკლში ყურადღება გამახვილებულია იმდროინდელ პროფესიებზე, უნარშეზღუდულ ადამიანებზე, ასევე ქუჩის ე.წ. კრიმინალებზე და სხვ. ყველა ეს პერსონაჟი თავიანთ ენასა და სლენგზე საუბრობს. ქარაგოზისა და ჰაჯივათის გამხმოვანებელი ამ პაროდიებს უნაკლოდ ასრულებს ხოლმე.

ქარაგოზი არის პერსონაჟი, რომელიც ხალხის ნაწილს წარმოადგენს. გაუნათლებელია, თუმცა გამბედავია და სიახლეებს არ უშინდება. ჰაჯივათი კი განათლებულია. საუბრისას არაბულ და სპარსულ ლექსიკასაც იშველიებს. ამიტომაც ქარაგოზთან დიალოგში ისინი ხშირად ვერ თანხმდებიან და მაყურებელთა სიცილს სწორედ მათი შეუსაბამო დიალოგები იწვევს. მათი დიალოგის დიდი ნაწილი დუდუკის ჰანგების ფონზე შაირობაა, რაც ერთმანეთისთვის გამოცანების დავალების მიცემით გრძელდება. სპექტაკლს სიუჟეტი არ გააჩნია. იქ კულმინაციაც არ ხდება, რადგანაც რაიმე ამბის თხრობასაც კი არ აქვს ადგილი. ეს მხოლოდ პაროდიებზე, სარკაზმზე, შაირობაზე, სიმღერებსა და სხვადასხვა ენების მოშველიებით შეთხზული დიალოგია, რომელიც მაყურებელთა არათუ ღიმილს, არამედ გულიანად სიცილსაც კი იწვევს ხოლმე.

ქარაგოზი და ჰაჯივათი თურქული კულტურისა და ისტორიული მეხსიერების ერთგვარ ნიშნულადაც კი იქცა. დღემდე ამ ჩრდილის სპექტაკლს დგამენ და მაყურებელი სიამოვნებას იღებს. ეს კი ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს ამ სპექტაკლის შექმნიდან საუკუნეები არ გასულიყოს.



მსგავსი ინფორმაციები