კუთხე-კუნჭული“ 21/2021

საზი

1646708
კუთხე-კუნჭული“ 21/2021

კუთხე-კუნჭული“ 21/2021

საზი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

სიტყვა საზი თურქულ ენაში სპარსულიდან შევიდა. ორივე ენაში ის „მუსიკალურ ინსტრუმენტის“ მნიშვნელობას ატარებს. ამ სახელწოდებამ შუა აზიიდან ხმელთაშუაზღვისპირეთის გეოგრაფიულ არეალშიც გადაინაცვლა. მოგზაური ევლია ჩელები თავის ნაშრომებში ჩანგს, ქუდუმს, თამბურას, ჩოღურს, ნეის, დავულსა და ზურნას საზის სახელით ხოლო ამ ინსტრუმენტებზე შემსრულებლებს კი „საზენდე“-დ მოიხსენიებს. ოსმალეთის იმპერიაში ხუთი საუკუნის განმავლობაში რელიგიური თუ საერო მუსიკის ინსტრუმენტებს საზს უწოდებდნენ.

 

მართალია თურქულ მუსიკაში ყველა ინსტრუმენტს საზს ეძახიან, თუმცა თავად საკრავ საზს, რომელსაც ცალკე სახელი აქვს - ბაღლამა, ფანდურის ფორმა აქვს, თუმცა შედარებით მოცულობითია და შვიდსიმიანია. მას ძალიან წააგავს ბერძნული საკრავი ბუზუკი. ბუზუკი თურქული სიტყვიდან „ბოზუქ“ არის წარმოებული, რაც „დაშლილს, გაფუჭებულს“ ნიშნავს. არსებობს ვარაუდი, რომ ბუზუკი საზის აკორდულად „დაშლილი“ სახეობაა.

 

თურქეთში დღეს უკვე სიტყვა საზს „ჩალგ“-ს ანაცვლებენ. შუა აზიის თურქული წარმოშობის ხალხებში საკრავის მნიშვნელობით „ქოფუზ, კომუზ, გუმუზ, ქიბიზ“ ტერმინებს იყენებენ. თუმცა ბოლო დროს ქოფუზი იქაც საზმა ჩაანაცვლა. საზის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, ორსიმიანით დაწყებული დივან საზით დამთავრებული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დიალექტიდან დიალექტზე იცვლება საზის სახელწოდება. ის ტრანსფორმაციას განიცდის, მაგ. საზი იგივე ტანბურა დანბურა, დინგირი, დუმბირ ტამბურდაქ სიტყვებშიც კი გადადის. ერთი სიტყვით გრძელ ტარიან, მუცელამოცლილ, სიმებიან საკრავს ან საზს ან ტამბურს ეძახიან. მის დასამზადებლად თუთის, წაბლის, რცხილის, ღვიის ხეს იყენებენ ხოლმე.

 

თურქეთში საზმა იგივე ბაღლამამ განსაკუთრებული მნიშვნელობა 1940-იანი წლებიდან შეიძინა. ამის მიზეზი სახელმწიფო რადიოში ხალხური მუსიკის საზის თანხლებით ხშირი გაჟღერება გახდა. სოფლებში და რაიონებში მოსახლეობა ყოველთვის უკრავდა ბაღლამას და „თურქუებს“ ანუ თურქულ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს მღეროდა, თუმცა ეს ისევ ხალხში რჩებოდა. საზის პოპულარობას აშიქ ვეისელმა, შემდგომში ნეშეთ ერთაშმა შეუწყო ხელი და საზი ხალხიდან სცენაზე ავიდა. ბაღლამამ იგივე საზმა ბოლო დროის თურქულ როკ მუსიკაშიც შეაბიჯა და ერთგვარი მულტიკულტურული ხასიათი შესძინა მას.

 

საზი თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანში განსაკუთრებული საკრავის ადგილს იკავებს. თურქეთში შიდა ანატოლიაში ის თითოეული სახლის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ის, რამაც ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად მიიპყრო, საზის თანხლებით შესრულებული ხალხური სიმღერები იყო, რომელიც დატირებას უფრო წააგავს, მასში ანატოლიის საუკუნეთა მანძილზე სიღარიბესა და ომებში, გადასახლებებში მყოფი ადამიანების სევდა იგრძნობა; თითქოს გაბმითი წამღერებით ანატოლიის თვალუწვდენელ სტეპებს უნდათ რომ ხმა მიაწვდინონ, წინაპართა ცრემლებს უთანაგრძნონ; სატრფოსთან ვერ შეყრის გამოუთქმელი სევდაც თან ახლავს ამას. ვუსმენ ხოლმე და ეს ერთი შეხედვით ფორმით ფანდურის მსგავსი, თუმცა მასზე ორჯერ უფრო დიდი ინსტრუმენტი, სევდის საკრავია მხოლოდ. ფანდურსაც ახლავს თავისი შინაგანი სევდა, თუმცა მისი მხიარულად ამღერება ადვილია, მას წამებში შეუძლია ნაღველიდან აღდგეს და საცეკვაოდ გამოიხმოს მსმენელი. საზს კი მოცეკვავე მსმენელი არ უნდა, მას სევდის გამზიარებელი, თითოეული სიმის ჩამოკვრაზე გულის დამდაღავი დარდის გამზიარებელი სურს.

 



მსგავსი ინფორმაციები