კუთხე-კუნჭული“ 19/2021

ქემენჩე

1640311
კუთხე-კუნჭული“ 19/2021

კუთხე-კუნჭული“ 19/2021

ქემენჩე

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ქემენჩე ან ქამანჩა - მუსიკალური ინსტრუმენტია, რომლის სახელწოდებაც სპარსული სიტყვიდან „ქემან“ მომდინარეობს და სიმებიან მომცრო ზომის საკრავს“ ნიშნავს. შუა და შორეული აზიის  ქვეყნებშიც ამ საკრავს ქემენჩეს უწოდებენ. ინგლისში მას მოიხსენიებენ, როგორც „ქით“ (kit), საფრანგეთში კი როგორც „ფოშეთ“ (Pochette). დღეს თურქეთში ორი სახეობის ქემენჩე გამოიყენება, ერთი კლასიკური თურქული მუსიკისათვის განკუთვნილი არმუდი ქემენჩე და მეორე კი, შავიზღვისპირეთის ქემენჩე. არმუდი ქემენჩე შეიძლება ითქვას ვიოლინისებრთა ოჯახიდანაა (მისი მსგავსი საკრავი უნგრელებსაც აქვთ, რომელსაც ჰეგედუ ჰქვია, ბერძნები მას ლირას, ბულგარელები გადულგას, არაბები კი რებაფს უწოდებენ).

მე-18-ე საუკუნემდე ქემენჩე თურქული მუსიკის ერთადერთი სიმებიანი საკრავი იყო. შემდგომში მას ევროპიდან შემოსული ვიოლინო ჩაენაცვლა. შავიზღვისპირეთში ქემენჩეს დღემდე ასიმილირებული სომხები და ბერძნები იყენებენ. მათგან შავიზღვისპირელმა ადგილობრივებმაც ისწავლეს მასზე დაკვრა და ჰორონის იგივე ხორუმის ცეკვას მისი თანხლებით ასრულებენ.

ტრაპიზონში და მის მიმდებარე რეგიონებში, უფრო მეტად სოფლებში, ქემენჩეს სახლებში ამზადებენ. საკრავის ე.წ. სხეულს და კისერს ანუ სიმებისთვის განკუთვნილ ადგილს ერთი მთლიანი ხის ნაჭრისგან ქმნიან. მისი ყველაზე გავრცელებული ზომა 56 სმ.-ია. მის შესაქმნელად ქლიავის ან ღვიის ხეს იყენებენ. მის შიგნითა ნაწილს ათხელებენ, ისე რომ შუაში ჰაერი მოძრაობდეს, ზემოდან კი ხის ნაჭერს აფარებენ და ორ ხაზისებურ ნახვრეტს უტოვებენ. ზემოდან კი თმის მსგავს თხელ სიმებს ამაგრებენ.

არმუდი ქემენჩე, რომელიც კლასიკური შავიზღვისპირული ქემენჩესაგან ფორმით განსხვავდება, უფრო სქელია და მოცულობითი, „ლირას“ სახელწოდებით ჯერ კიდევ მე-10-ე საუკუნეში ბიზანტიელების საკრავი გახლდათ. მისი სახელი არმუდი ანუ მსხლისგან წარმოდგება ალბათ მისი ფორმის მსხალზე შედარების გამო. გლოსარიუმ ლათინო-არაჰიქუმის ლექსიკონში ის „ლირა დიქტა“თიც მოიხსენიება.

ყველაზე ძველი ნახატი, რომელზეც ქემენჩეა გამოსახული ჩარლ ჰენრი ბლენვილის „მუსიკის კრიტიკა“ ნაშრომშია მოთავსებული. ქემენჩეს წარმოშობას ისევ და ისევ ბიზანტიურ ლირას და მაღრიბულ რებაფს უკავშირებენ, რომელიც როგორც ვთქვით ფორმით და ხმოვანებით ძალიან წააგავს მას.

დიდი ხნის მანძილზე ტავერნებისა და ოსმალური მეიჰანეების განუყოფელ საკრავად ქცეული ქემენჩე მე-20-ე საუკუნეში ტანბურთან (სიმებიანი საკრავი) და ნეისთან (სალამურის მსგავსი ჩასაბერი საკრავი) ერთად თურქული კლასიკური მუსიკის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ჰუსეინ სადეთთინ არელი პოლიფონიური თურქული მუსიკის ორკესტრულ შესრულებაში ქემენჩეს მონაწილეობას განსაკუთრებულ ადგილს უთმობდა. მან, სოპრანოს, ალტოს, ტენორისა და ბარიტონის შესაბამისად ოთხსიმიანი სხვადასხვა ხმოვანების ქემენჩეები 1933 წელს დაამზადებინა. მხოლოდ ამ საკრავებზე მორგებული მელოდიები შექმნა. თუმცა ეს მეთოდი მალევე დაივიწყა ახალმა თაობამ. 1976 წელს კი ახალგახსნილ სტამბოლის თურქული მუსიკის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქემენჩეს მასწავლებელმა ჯუნეით ორჰონმა, არელის ქემენჩეს მსგავსი აკორდებისგან მხოლოდ სოპრანოს ხმოვანების მქონე ქემენჩე აირჩია და სწავლება მისით განაგრძო. დღეს ამ კონსერვატორიაში სამსიმიანი ტრადიციული და ოთხსიმიანი არელის ქემენჩე ცალ-ცალკე ისწავლება.

გადაცემის ბოლოს მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი შთაბეჭდილება, რაც ტრაპიზონის რეგიონის სოფელ ტონიაში მივიღე. ამ სოფელში უფრო მეტად ქალები უკრავენ ქემენჩეზე და შავიზღვისპირეთის ნისლიან, მთებითა და იალაღებით მოცულ მისტიურ გარემოში ქემენჩეს აჩქარებული აკორდები და მასზე დამღერებეული კაფიები, რომელიც ხშირად გოგოებს შორის სიტყვათა თამაშს შეადგენს, წარსულისა და თანამედროვეობის შერწყმასთან ახლო შეგრძნებას იწვევს. და ქემენჩე კიდევ ერთხელ ხალხთა შორის ნათესაობისა და ახლობლობის განცდას ბადებს.


საკვანძო სიტყვები: #ქემენჩე , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები