„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 05-2021

ტროას ომი და სილამაზის პირველი კონკურსი

1612312
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 05-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 05-2021

ტროას ომი და სილამაზის პირველი კონკურსი

მითოლოგია და ლეგენდები ხშირად იპყრობს ჩვენს ყურადღებას, მაშინაც კი, თუ ვიცით, რომ ის ნამდვილად არ მომხდარა... ის ზოგჯერ ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითია და ზოგჯერ კი იმაზე მოგვითხრობს რა დაემართა იმ მოკვდავებს, რომლებიც ღმერთებს შეეწინააღმდეგნენ... დღეს ჩვენ მოგითხრობთ მითოლოგიურ ამბავზე და ამ ამბავთან დაკავშირებულ ომზე. მზად ხართ რომ მოუსმინოთ ისტორიაში პირველი სილამაზის კონკურსის და მის შემდეგ დაწყებული ცნობილი ტროას ომის შესახებ ლეგენდას?

გადმოცემის თანახმად, ისტორიაში პირველი სილამაზის კონკურსი ოთხი ათასი წლის წინ ჩატარებულა. ადგილი, სადაც ვითარდება ეს მითოლოგიური ამბავი, რომელიც ღმერთებს შორის დავას ეხება, არის კაზის ანუ იდას მთები, რომლებიც მოიცავს დიდ ტერიტორიას ჩანაქქალესა და ბალიქესირს შორის! ეს შესანიშნავი მთა არის ერთ-ერთი რეგიონი, სადაც თურქეთში ჟანგბადის ყველაზე მაღალი დონეა.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, უთანხმოების ღმერთი, რომელიც ნამდვილად არეულობას გამოიწვევდა, არ მიიწვიეს ღმერთების ქორწილში. ამით გაბრაზებულმა უთანხმოების ღმერთმა ადგილზე, სადაც ქორწილი იმართებოდა, დატოვა ოქროს ვაშლი წარწერით "ყველაზე ლამაზს". ამის გამო კონფლიქტი დაიწყო სამ დიდ ქალღმერთს, ათენას, ჰერასა და აფროდიტეს შორის. მათ, იმის გამოსავლენად, რომელი იყო ყველაზე ლამაზი, ზევსს მიმართეს. მაგრამ ზევსმა ეს საქმე პარიზს დაავალა, რომელიც იდას მთაზე ცხოვრობდა. იმისათვის, რომ ყველაზე ლამაზ ქალღმერთად აერჩია, ჰერა სამყაროს მეფობას, ათენა ბრძოლაში დაუმარცხებლობას, ხოლო აფროდიტე ქალებიდან ულამაზესი ელენეს სიყვარულს დაჰპირდა. დაუმარცხებლობა და სამყაროს მეფობა ორივე უმნიშვნელო იყო პარიზის თვალში, მან ლამაზმანი ელენეს სიყვარული მოითხოვა და აფროდიტე კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა. კონკურსის დასრულების შემდეგ მან აფროდიტეს დახმარებით ელენე გაიტაცა და დაიწყო ტროას ათწლიანი ომი, რადგან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ელენე,  სპარტელი მეფის მენელაეს ცოლი იყო.

ამ ომის შესახებ მოგვითხრობს ანტიკური ხანის ცნობილი პოეტი ჰომეროსი თავის ეპოსში „ილიადა“. ჰომეროსის მიხედვით, ეს კონკურსი ისტორიაში პირველი სილამაზის კონკურსი იყო! შემდეგ დაწყებული ტროას ომი კი პირველი ომი იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის! ლეგენდის თანახმად, ღმერთების ღმერთმა ზევსმა, იდას მთიდან უყურა ტროას ომს, რომელმაც სიკვდილი და განადგურება გამოიწვია!

ეს მართლაც მხოლოდ ლეგენდა იყო? მოხდა თუ არა სინამდვილეში ასეთი ომი, არსებობდა თუ არა ადგილი ტროა და ტროელები?

დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ტროა წარმოსახვითი ადგილი და გამოგონილი ამბავი იყო, რადგან მასზე საუბრობდა ეპიკური ნაწარმოები. „ილიადა“ შეიცავდა ეპოსის ელემენტებს, ამიტომ იგი ლიტერატურულ ნაწარმოებად ითვლებოდა. მაგრამ გერმანელი ვაჭარი ჰაინრიხ შლიმანი, რომელმაც ბევრჯერ წაიკითხა „ილიადას“ ეპოსი, იგი სახელმძღვანელოდ აირჩია, მიაჩნდა, რომ ტროა ნამდვილი იყო და ანატოლიაში ჩავიდა მის მოსაძებნად. მან დაიწყო გათხრები იმ რაიონში, რომელიც ჰისარლიკ თეპეს სახელით იყო ცნობილი და რომელიც მანამდე ბრიტანეთის კონსულის მიერ ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვად იქნა მიჩნეული. შლიმანი არ იყო არქეოლოგი; მას უნდოდა ეპოვა ქალაქი და გამდიდრებულიყო და ამიტომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმაზე, რაც მას აინტერესებდა. მან დაანგრია აღმოჩენილი კედლები, რადგან ფიქრობდა, რომ მუშაობას ანელებდა. მოგვიანებით გაირკვა, თუ რამხელა იყო მის მიერ მიყენებული ზიანი. გათხრების დაწყებიდან მალევე გაირკვა, რომ ქალაქს შვიდი იარუსი ჰქონდა. მიმდინარე გათხრების შედეგად აღმოჩნდა ჰისარლიქ თეფეზე ათი ერთმანეთზე აგებული ტროას ფენა! 2019 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქალაქის 600 წლის წინანდელი კიდევ ერთი ფენა!

ექსპერტები ამბობენ, რომ ტროაში 11 ფენის ქვემოდან დათვლის დროს მე-7 ფენა არის "ტროა", რომელზეც ჰომეროსის ეპოსშია საუბარი. არქეოლოგები არქეოლოგიურ ნანგრევებში აღმოჩენილ ძალადობრივი თავდასხმების და დამანგრეველი ხანძრის კვალს უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ქალაქში ნამდვილი იყო ომი.

დღეს უძველესი ქალაქი ტროა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ადგილია თავისი ისტორიით, ლეგენდებით, აღმოჩენების ისტორიით, რთული და მდიდარი ტექსტურით. ცნობილია, რომ 150 – ზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდა 350 – ზე მეტი მეცნიერი 20 სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება.

შლიმანმა დაამტკიცა, რომ ტროა რეალური იყო, მაგრამ ამით ის არ დაკმაყოფილდა. ამჯერად, მას სურდა სამეფო საგანძურის პოვნა, რომელიც ასევე აღწერილი იყო წიგნებში. მან ამ საქმისთვის სერიოზული ფული და დრო დახარჯა და ბოლოს იპოვა ოქროს და ძვირფასი ქვების საგანძური, რომელიც სავსე იყო ყელსაბამებით, საყურეებით, გვირგვინებით და ბროშებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი მას ოსმალეთის იმპერიის ოფიციალური პირებისთვის უნდა გადაეცა, მან საგანძური კონტრაბანდულად გაიტანა ისე, რომ არავის შეატყობინა. მას მისი გაყიდვა ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი საფრანგეთში სურდა, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდა. შემდეგ ის რუსებს მოელაპარაკა. ცოტა ხნის შემდეგ კი იგი დაივიწყეს და თემა დაიხურა... წლების განმავლობაში არავინ იცოდა განძის ადგილმდებარეობა, მის არსებობაშიც კი ეჭვი ეპარებოდათ და ლეგენდად მიიჩნევდნენ, სანამ ის 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში, პუშკინის სახვითი ხელოვნების მუზეუმის სარდაფებში არ აღმოჩნდა! ამ ფასდაუდებელმა განძმა კრიზისი გამოიწვია გერმანიასა და რუსეთს შორის. საგანძური ანატოლიის ტერიტორიიდან გაიტაცეს, მაგრამ მასზე პრეტენზიას გერმანია და რუსეთი აცხადებდა. დღეს, მართალია ზოგადად მიღებული მიდგომაა, რომ განძი იმ ქვეყნის კუთვნილებაა, სადაც არქეოლოგიური განძი იქნა აღმოჩენილი, თუმცა უნიკალური საგანძურიდან მხოლოდ 24 ოქროს ნაკეთობა დააბრუნეს თურქეთში.

ტროა ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია, რომელიც ბევრჯერ გადაიწვა, დაინგრა, განადგურდა მიწისძვრებისა და ომების შედეგად. თავისი 5500 წლიანი ისტორიით, იგი წინ უძღვის ანატოლიის და ევროპული ცივილიზაციების განვითარებას.



მსგავსი ინფორმაციები