„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 03-2021

ჩათალჰოიუქი

1603815
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 03-2021

ჩათალჰოიუქი

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 03-2021

ჩათალჰოიუქი

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

 

1800-იანი წლების ბოლოს ესპანეთში ერთ-ერთ მღვიმეში ნაპოვნმა ნახატებმა ადამიანების გაოცება გამოიწვია. სავარაუდოდ, ათეულობით ათასი წლის წინანდელი ეს ნახატები ისე შესანიშნავად არის შესრულებული, რომ პირი, რომელმაც მღვიმე აღმოაჩინა, თაღლითობაში დაადანაშაულეს. მას შემდეგ, რაც მსგავსი ნახატები სხვა ტერიტორიებზეც აღმოჩნდა, ზემოთ აღნიშნული ნახატების ნამდვილობა აღიარეს. ნახშირბადის ტესტებით დადგინდა, რომ ნახატები ორმოცი ათასი წლის წინაა შესრულებული! ნახატებთან ერთად მღვიმის კედლებზე მრავლადაა ხელის ანაბეჭდებიც. ხელოვნების ისტორიკოსები ამ ანაბეჭდებსა და ნახატებს ადამიანის მიერ ხელოვნებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებად აფასებენ. სინამდვილეში ყველაფერი ეს, მაშინ როდესაც სიტყვა არ იყო, ადამიანის მიერ ხელოვნების ძალის გამოყენების მტკიცებულებაა.

გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანმა ღია სივრცეში დაიწყო ცხოვრება. იგი თანდათან დახელოვნდა და ათასობით წლის წინ დაიწყო ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომლებიც დიდი ნიჭის მაჩვენებელი იყო. ანატოლიაში არის ადგილი, სადაც ასეთი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ: ჩათალჰოიუქი, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში.

ანატოლია არის ტერიტორია, რომელიც მოწმეა კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიისა. ეს ისტორიები ზოგჯერ ჩვენს წინაშე არქეოლოგიური ნაშთების სახით და ზოგჯერ ძეგლებით დგას. და კიდევ, ამ ისტორიების უცნობი პერსონაჟებიც არსებობენ: ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვები და გორასამარხები... ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვები ჩვეულებრივი თვალისთვის ბუნებრივ გორაკად გამოიყურება, თუმცა მასში დიდი ისტორია იმალება. ბორცვები წარმოიქმნება ერთმანეთის ნანგრევებზე აგებული დასახლებების დაგროვების შედეგად. გათხრილ ყოველ ფენაში ჩვენს წინაშე ჩნდება ძველი ქალაქი, ძველი სოფელი, უფრო ძველი დასახლებული ადგილი. დროის სიღმრეს მათი საშუალებით ვიგებთ.

გორასაფლავები ხელოვნური ბორცვებისგან განსხვავებულია. ის არის მეფეების, უფლისწულების ან საზოგადოებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის აგებული მონუმენტური საფლავები და მათში მხოლოდ ერთი ეპოქის კვალი გვხვდება.

ნეოლითის ხანა ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელშიც ადამიანი მონადირეობა-შემგროვებლობიდან გადავიდა ბინადარ ცხოვრებაზე და ერთად ცხოვრება დაიწყეს. ჩათალჰოიუქი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისი აღმოჩენებით, არის ერთ-ერთი პირველი ქალაქი და უნიკალური დასახლებული პუნქტი, რომელიც მიეკუთვნება ამ პერიოდს, კერძოდ ნეოლითის ხანას.

 

 

ჩათალჰოიუქი, რომელსაც ქუჩები არ აქვს, შესასვლელის სახურავებიდან მქონე მომიჯნავე სახლებისგან შედგებოდა. იგი ანატოლიაში ათასობით ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვიდან ყველაზე გამორჩეულია... ის არის არა მხოლოდ ანატოლიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ყველაზე თვალშისაცემი ნეოლითის ხანის სივრცე. ჩათალჰოიუქი შესულია იუნესკოს მსოფლო მემკვიდრეობის სიაში.

ჩათალჰოიუქის ნეოლითური ქალაქი შიდა ანატოლიაში, კონიის რაიონ ჩუმრაში მდებარეობს. მისი პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი ჩათალჰოიუქი, ორი ათასი წლის განმავლობაში უწყვეტი დასახლების ზონა იყო. ვარაუდობენ, რომ ამ 9 ათას წლოვან ნეოლითურ ქალაქში რვა ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის სერიოზულ სიმჭიდროვეს ნიშნავს ამ პერიოდისთვის ...

ჩათალჰოიუქი აღმოსავლეთ და დასავლეთ ბორცვებისგან შედგება. აღმოსავლეთ ბორცვზე 18 ნეოლითური დასახლების ფენაა აღმოჩენილი. ამ ფენებში ნაპოვნია კედლის მხატვრობა, რელიეფები და სხვადასხვა ქანდაკებები. როდესაც ოჯახის სახლში ცხოვრება სრულდებოდა ანუ დაახლოებით ოთხმოცი წლის შემდეგ, სახლს ნიადაგით ავსებდნენ, ზემოდან ახალს აშენებდნენ და ამგვარად 18 ფენისგან შემდგარი ბორცვი შექმნილა. ცნობილია, რომ ენეოლითის ანუ სპილენძის ხანაში, ხალხმა დატოვა აღმოსავლეთის ბორცვი და გადასახლდა დასავლეთის ბორცვზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადასახლების მიზეზი ვერ ამოიხსნა, ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ამის მიზეზი დიდი ეპიდემია გახდა.

სახლები ჩათალჰოიუქში ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო აშენებული, ამიტომ ამ დასახლებაში ქუჩები არ იყო. სახლის სახურავები ქუჩის ფუნქციას ასრულებდა და ადამიანაბი ამ სახურავებზე გადაადგილდებოდნენ. ტალახით, ხისგან და ლერწმისგან აგებული სახლები ერთსართულიანი იყო და მათი კარი სახურავზე იყო. სახლების სახურავზე გახსნილი ადგილიდან ხდებოდა პორტატული კიბის დახმარებით შესვლა, ხოლო ეს ხვრელი მოწყობილი იყო ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდა მისი ჩაკეტვა. თითოეული სახლი, მართალია განსხვავებული ზომის იყო, მაგრამ ყველა შედგებოდა ერთი ოთახისგან, ოთახის შიგნით აწეული პლატფორმისგან და საწყობისგან. მთავარ ოთახში ამზადებდნენ საკვებს, ადამიანები აწეულ პლატფორმაზე იძინებდნენ. პლატფორმების ძირი განსხვავებული მიზნით გამოიყენებოდა, რაც დღეს საშინლად გვეჩვენება: ისინი იქ თავიანთ მიცვალებულებს კრძალავდნენ.

თეთრად შეღებილი ოთახების კედლები გაფორმებული იყო ყვითელი, წითელი და შავი ფერის სურათებით და რელიეფებით. ჩანს, რომ კედლებზე დეტალურადაა გამოსახული ნადირობის სცენები, ვარსკვლავები, ფრინველები, ირემი, ერთმანეთში გადახლართული წრეები, სხვადასხვა გეომეტრიული ნიმუშები. ნახატები თავმოყრილია იმ ადგილებში, სადაც სახლში ადამიანები არიან დაკრძალული. ერთ-ერთი ამ სახლის კედელზე არის 3 მეტრის სიგრძისა და 90 სანტიმეტრის სიმაღლის  რუკა აღმოჩენილი. აღმოჩნდა, რომ ეს რუკა, რომელიც 8200 წლით არის დათარიღებული, არის ჩათალჰოიუქის ქალაქის გეგმა. ანკარაში მდებარე ანატოლის ცივილიზაციათა მუზეუმში გამოფენილი ეს რუკა ითვლება მსოფლიოში პირველი ცნობილ ქალაქის გეგმად.

ჩათალჰოიუქის წყალობით ვიგებთ, რომ 9000 წლის წინ ანატოლიაში ქალი და კაცი თანაბარ პოზიციებზე იმყოფებოდნენ. სახლების გარდა, ქალაქში არ არის სხვა საზოგადოებრივი შენობა, სასახლე, ტაძარი ან მონუმენტური ნაგებობა. ეს გვაჩვენებს, რომ ჩათალჰოიუქში არ არის სოციალური კლასი.

გათხრების დროს უამრავი ქანდაკება იქნა აღმოჩენილი, მათ შორის, ცხოველის მრავალი განსხვავებული ფიგურა, თუმცა ჩათალჰოიუქის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა დედა ქალღმერთის ფიგურები, რომლებიც სიმბოლოა ნაყოფიერებისა.

გათხრების შედეგად ნაპოვნია საქსოვი მოწყობილობა, მარტივი ფორმის ჭურჭელი, ხისგან გამოკვეთილი თასები, ქვისა და ძვლისგან დამზადებული იარაღები, კალათები და სამკაულები. აღმოჩენებმა გვაჩვენა, რომ ჩათალჰოიუქში ხალხი მხოლოდ სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას არ ეწეოდა, არამედ აქ განვითარებული იყო ქსოვა და მინერალების დამუშავება.

9000 წლის წინანდელმა ჩათალჰოიუქში ცხოვრებამ აჩვენა, რომ იმ პერიოდის ხალხი ისეთი პრიმიტიული არ იყო, როგორც ჩვენ ვფიქრობდით, პირიქით, ისინი იყვნენ საკმარისად განვითარებულები იმისთვის, რომ შეექმნათ პირველი სახლის არქიტექტურა, პირველი კედლის ნახატები და პირველი ქალაქის რუკა. ჩათალჰოიუქი არის უნიკალური არქეოლოგიური ადგილი, რომელიც იმ პერიოდის სოციალური სტრუქტურისა და მათი ცხოვრების გააზრების თვალსაზრისით კაცობრიობის ისტორიის საკვანძო წერტილში მდებაეობს.



მსგავსი ინფორმაციები