„კუთხე-კუნჭული“ 6/2021

"უმანკოების მუზეუმი"

1582440
„კუთხე-კუნჭული“ 6/2021

„კუთხე-კუნჭული“ 6/2021

"უმანკოების მუზეუმი"

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

ორჰან ფამუქის ცნობილი რომანი „უმანკოების მუზეუმი“ 2008 წლის 29 აგვისტოს დაიბეჭდა. რომანი მწერალმა თავის ქალიშვილს რუიას მიუძღვნა. ორჰან ფამუქი ამ ნაწარმოებს ათი წლის განმავლობაში წერდა. რომანი გამოსვლისთანავე ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის შევიდა. იგი მოგვითხრობს სიყვარულის ამბავს, რომელიც 1975 წელს დაიწყო. მთავარი პერსონაჟები ერთმანეთზე შეყვარებული, მდიდარი ოჯახის 30 წლის ვაჟიშვილის ქემალი და მათი შორეული ნათესავი 18 წლის ღარიბი გოგონა ფუსუნია. რომანის სხვა ენებზე მთარგმნელობითი უფლებები მის გამოსვლამდე გაიყიდა. პირველად გერმანულ ენაზე ითარგმნა და დაახლოებით 100 000 ტირაჟით გაიყიდა. ნიუ-იორკ თაიმსმა რომანი „2009 წლის საუკეთესო წიგნად“ დაასახელა.

რომანს გარდა შინაარსობრივი მრავალფეროვნებისა და მხატვრული ღირებულებისა პოპულარობა მწერლის ერთმა იდეამაც მოუტანა. ორჰან ფამუქმა წიგნის სახელწოდებისვე მუზეუმი გახსნა, იქ წლების განმავლობაში შეგროვილი ნივთები გამოფინა და რომანის კვალდაკვალ მუზეუმის ინტერიერი მოაწყო. უმანკოების მუზეუმი 2012 წლის 28 აპრილს გაიხსნა. მუზეუმი სტამბოლში, ჩუქურჯუმას უბანში, 1897 წლიდან შემორჩენილ სამსართულიან ძველ სახლში განთავსდა.

ორჰან ფამუქმა ამ რომანის წერა მაშინვე დაიწყო, როგორც კი ცნობილი წიგნი „თოვლი“ დაასრულა. თუმცა მასზე წერა შეწყვიტა და მის ნაცვლად „სტამბოლი: მოგონენები და ქალაქი“ სახელწოდების ესეების კრებული გამოსცა. მისი დამთავრებისთანავე კი ისევ რომანს დაუბრუნდა. ნობელის პრემიის მიღებით გამოწვეულმა დატვირთულმა რეჟიმმა მწერალს საშუალება არ მისცა, რომ წიგნი მალევე დაესრულებინა. იმისათვის, რომ მწერალს რომანში გამოყენებული კოლექციის შეგროვების შესახებ უფრო დამაჯერებლად ეწერა, ამიტომაც მან მუზეუმების როგორც დარგის შესახებ დიდხნიანი კვლევა ჩაატარა, ამასთან ერთად მან ევროპისა და აზიის ბევრი მუზეუმი მოინახულა.

რომანის წინა ყდაზე განთავსებული ფოტო, მწერლის მუზეუმისათვის შეგროვილი ფოტო კოლექციიდან რამდენიმე ფოტოს კოლაჟის სახით არის გამოყენებული. წიგნის უკანა ყდაზე კი მხატვარ გუსტავ მორეს მუზეუმში სტუმრობისას ორჰან ფამუქის ფოტოა მოთავსებული, რომელიც მისმა ქალიშვილმა რუიამ გადაიღო.

რომანის მიხედვით, ქემალი საყვარელი ქალის ნივთებს აგროვებს: ყვითელ ფეხსაცმელებს, ცალ საყურეს. ეს სულ მცირე ნაწილია იმ დიდი კოლექციისა, რომელიც მწერალმა წლების განმავლობაში რომანის პერსონაჟებს მიაკუთვნა და შემდეგ გამოჰფინა. მუზეუმში შესასვლელი ერთი ბილეთი და ადგილის რუკა წიგნის 574-ე გვერდზეა მოთავსებული.

მწერალმა როგორც ინტერვიუებში აღნიშნა, იმ ნივთების შეგროვება რაც მუზეუმშია გამოფენილი, მანამ დაიწყო, სანამ მუზეუმს გახსნიდა. ამ ნივთებზე დაკვირებით კი რომანის პერსონაჟები დაიბადნენ. კითხვაზე, მწერალს შეუძლია თუ არა მუზეუმის საქმით დაკავდეს, ორჰან ფამუქმა უპასუხა: „მე მუზეუმების მწამს, რადგანაც ყოველთვის მხატვრობა მსურდა. მუზეუმი კი ის ადგილია, სადაც ხელოვნება, ლიტერატურა და შემოქმედობითობა ერთმანეთს ერწყმის. ჩემი ბებიები სულ ასეთ ნივთებს იძენდნენ ხოლმე. ის ლატარიის ბილეთებიც ნამდვილია რომანში რაზეც ვყვები. და ისიც სიმართლეა, რომ ბებიები ნომრების მოსანიშნად ლობიოს მარცვლებს იყენებდნენ“.

უმანკოების მუზეუმის შესახებ დემეთ ჰასელჩინმა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. ფილმის ნაწილი მხატვრულია და რომანის მთავარ ამბავს მოგვითხრობს.



მსგავსი ინფორმაციები