წყალი და კაცობრიობა 19/2021

ბერგამა

1558450
წყალი და კაცობრიობა 19/2021

წყალი და კაცობრიობა 19/2021

ბერგამა

  ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანტიკური პერიოდის ხსენებისას ადამიანს მითოლოგია ახსენდება და პირიქით, მითოლოგიის ხსენებისას, ანტიკური პერიოდი. ისინი თითქოს ერთმანეთს ასაზრდოებენ. ანატოლიაში მრავალი ქალაქი გამოირჩევა მითოლოგიური ღმერთებითა და მათთვის აგებული სტრუქტურებით, მაგრამ მათ შორის არის ქალაქი, რომელიც გამორჩეულია: ბერგამა... ბერგამა ძალიან განსხვავდება თავისი სტრუქტურებით, რომლებიც ეძღვნება ზევსს, ღმერთების მეფეს, ზევსის მეუღლეს ჰერას, ნაყოფიერების ქალღმერთს დემეტრას, ჯანმრთელობის ღმერთს ასკლეპიოსს და ეგვიპტურ ღმერთებს. დღეს ჩვენ მოგითხრობთ ანტიკური სამყაროს კულტურისა და ხელოვნების ერთ – ერთი წამყვანი ცენტრზე, ბერგამაზე, დასავლეთ ანატოლიის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან სამეფოზე და მის "მეფეებისთვის შესაფერის" წყლის სტრუქტურებზე...

ბერგამას სამეფოს დედაქალაქი პერგამონი ანუ ბერგამა უძველესი დროიდან დღემდე მრავალ ცივილიზაციას მასპინძლობდა. საუბარი დავიწყოთ ამ უძველესი ქალაქის წყლის სტრუქტურებით, რომელიც დღეს იზმირის ბერგამას რაიონში მდებარეობს და ლიდერი იყო არქიტექტურის, ხელოვნებისა და ჯანმრთელობის სფეროში.

ბერგამა, რომთან, სტამბოლთან და იერუსალიმთან ერთად არის ქალაქი ანტიკური სამყაროს ულამაზესი წყლის სტრუქტურებით... უამრავი წიგნი და გამოკვლევაა დაწერილი მხოლოდ ამ თემაზე ანუ ბერგამას წყლის სტრუქტურებზე. სამწუხაროდ, ამ მონუმენტური ნაგებობების მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. წნევის მეშვეობით წყლის გადაცემა, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ შადრევნებში იყენებდნენ, პირველად ბერგამას სამეფოში გამოიყენეს მიწაში არსებულ მილებში. ბერგამაში კიდევ ერთი საყურადღებო მაგალითია ტყვიის მილის სისტემა. ამ სისტემით, მადრას მთიდან, დედაქალაქიდან 45 კილომეტრის დაშორებიდან გადაყვანილი წყალი კვეთდა სამ ხეობას და ორ დაბალ ბორცვს. ერთ-ერთი ხეობა 160 მეტრის სიღრმისაა ანუ 50 სართულიანი ცათამბჯენის სიმაღლე! წყალი მიწის ქვეშ დაგებულ დიდ ქვებში გატარებული ტყვიის მილებით მიდიოდა ქალაქამდე. ასეთი დიდი წყლი სისტემა, რომელიც ორასი ათასზე მეტი თიხის მილისგან შედგება, მეოცე საუკუნემდე არ გვხვდება. ამ თვალსაზრისით, ბერგამას წყალსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის ობიექტია და მას მეფეების შესაფერის წყლის სისტემას უწოდებენ.

ტერიტორიის ფორმამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ანტიკური ქალაქის ბერგამას დაგეგმვაში, რადგან ის მთის ფერდობზეა გაშენებული და სამეფოს დედაქალაქია. პერგამონში სწორი ტერიტორიების არარსებობის გამო ტერასები გაკეთდა, განხორციელდა ტერიტორიასთან ჰარმონიული არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების უნიკალური მაგალითი. ქალაქი გაფართოვდა ზემოდან ქვევით, რადგან ზედაპირული ფორმები ასე იყო ხელსაყრელი.

"ზემო ქალაქში" ანუ რეგიონში, სადაც ციხე და ქალაქის გალავნები მდებარეობდა, ცხოვრობდნენ მეფეები, დიდგვაროვნები და მეთაურები. და კიდევ, აქ ანტიკური თეატრი მდებარეობდა. ეს არის ანტიკური პერიოდის ყველაზე ციცაბო თეატრი, რომლის ტევადობაც 10 ათასი ადამიანი იყო. "ქვემო ქალაქში" კი მდებარეობდა გიმნაზია, დემეტრას და ჰერას წმინდა ადგილები. აქ არის ასევე „წითელი დარბაზი“, ყველაზე დიდი მონუმენტური ნაგებობა ქალაქში, რომელიც აგებულია აგურით რომაული პერიოდის ეგვიპტის ღმერთებისთვის და საკმაოდ კარგად არის შემონახული.

ქალაქი ყველა თვალსაზრისით ძალიან განსაკუთრებულია, მაგრამ ასკლეპიოსის ტაძრის გამო მას სხვა ადგილი უკავია მსოფლიოს უძველეს ქალაქებს შორის... ანტიკური პერიოდის მკურნალობის ღმერთის სახელზე აგებული ეს ტაძარი ასკლეპიონის საკურთხევლის ბოლოში მდებარეობს. ასკლეპიონის სამლოცველო სინამდვილეში მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საავადმყოფოა... მიუხედავად იმისა, რომ იგი განსხვავდება საავადმყოფოებისგან, რომლებსაც ჩვენ შეჩვეულები ვართ, ეს ის ადგილია, სადაც პაციენტები მიდიოდნენ გამოჯანმრთელებისთვის, ექიმების მიერ ხდებოდა მათი შეფასება და მკურნალობა. დასავლეთ ანატოლიის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ცენტრი ასკლეპიონი, ასევე პირველი დაწესებულებაა, რომელიც მკურნალობას ახორციელებდა ჩაგონების საშუალებით და აწარმოებდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას.

შესაძლოა ეს მხოლოდ მითია, რომ შესასვლელთან იყო გაკეთებული წარწერა "სიკვდილი აქ ვერ შემოვა", მაგრამ ფაქტია, რომ ორსულ ქალებსა და სასიკვდილო დაავადების მქონე პაციენტებს ასკლეპიონში არ იღებდნენ. ასკლეპიონში სამკურნალო და წმინდად აღიარებულ წყაროებთან და აუზებთან ერთად ასევე იყო საძილე ოთახები. ასევე პაციენტების არახელსაყრელი კლიმატური პირობებისგან დასაცავად აშენებული იყო გრძელი მიწისქვეშა გვირაბი. პაციენტებს აძინებდნენ საძილე ოთახებში, გაღვიძების შემდეგ კი ისინი სასულიერო პირ ექიმებს უყვებოდნენ მათ სიზმრებს და ისინიც ამის მიხედვით განსაზღვრავდნენ მკურნალობას. ამის გარდა, ამ ცენტრში გამოიყენებდნენ სამკურნალო საშუალებად შიმშილს, წყურვილს, ტალახის აბაზანებს, მცენარეული ზეთითა და მალამოებით მასაჟებს, მზის აბაზანებს. ეს სინამდვილეში იგივე თერაპიებია, რომლებსაც დღევანდელი ადამიანები ათასობით წლის შემდეგაც კი მიმართავენ! გარდა ამისა, პაციენტებს ასმევდნენ წყალს, რომელიც წმინდად და სამკურნალოდ ითვლებოდა, აბანავებდნენ აუზებში და ასმენინებდნენ წმინდა წყაროს წყლის ხმას. ამ გზით ფსიქოთერაპიის პრაქტიკა ამ ცენტრში წყლის გამაჯანსაღებელ ძალას ერწყმოდა და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ტარდებოდა.

ცნობილია, რომ გალენოსი მკურნალობდა პაციენტებს და უტარებდა გაკვეთილებს ამ ჯანმრთელობის ცენტრში. გალენოსი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ექიმი და ფარმაცევტია, რომელმაც ჰიპოკრატეს შემდეგ უდიდესი წვლილი შეიტანა მედიცინის მეცნიერებაში.

ასკლეპიონის სიახლოვეს ამოდიოდა სამკურნალო წყლები, რომელიც უხდებოდა კანის დაავადებებს. იმ დროს სამკურნალო წყლების ადგილებს SPA ეწოდებოდა. SPA, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება, სინამდვილეში არის ლათინური სიტყვების "Salus Per Aqua"-ს შემოკლება რაც "წყლიდან მოსული ჯანმრთელობას" ნიშნავს.

ბერგამას კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი სტრუქტურაა ზევსის საკურთხეველი... ბერგამას ზევსის საკურთხევლი, რომელიც წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ მიჰქონდათ გერმანიაში, აღაფრთოვანებს ხალხს არა მხოლოდ ფართო კიბით და ბრწყინვალე სტრუქტურით, არამედ მასზე გამოსახული რელიეფის ფიგურებით. ამ საკურთხეველს, რომელიც გამარჯვების ძეგლია, ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ანტიკური პერიოდის მონუმენტურ სტრუქტურებს შორის... ფიგურების მოძრაობა და მიმიკა ცხადყოფს ბერგამას ხელოვანების ოსტატობას ქანდაკებაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს უნიკალური კულტურული საგანძური, რომლის მონახულებაც დღეს ბერლინშია შესაძლებელი, არქეოლოგიური არტეფაქტების დაბრუნების სამუშაოების ფარგლებში დაუბრუნდება მის კუთვნილ ადგილს, ბერგამას.

შეუძლებელი იქნება ბერგამაზე საუბრისას არ ვახსენოთ პერგამენტიც. პერგამენტი არის ცხოველის კანი, რომელიც არ იხევა, ადვილად არ იწვის და სპეციალურად მომზადებულია ორივე მხარეს წერისთვის. იმ ფაქტმა, რომ პაპირუსი სწრაფად იხეოდა და მისი მიღება ადვილი არ იყო ეგვიპტის გარდა სხვა ტერიტორიაზე, უზრუნველყო ბერგამას მოსახლეობის მიერ კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქრის აღმოჩენა. პერგამენტი, რაც ნიშნავს "ბერგამას ქაღალდს", მომდინარეობს მისი ლათინური სახელიდან და გავრცელდა ყველა ენაში. ბერგამელებმა პერგამენტზე შესრულებული ათასობით ნამუშევრით გაავსეს ბიბილოთეკები. ამრიგად, დაახლოებით ორასი ათასი ხელნაწერით, მშვენიერი ბერგამას ბიბლიოთეკა გახდა ანტიკური სამყაროს სამი უდიდესი ბიბლიოთეკიდან ერთ – ერთი!

მოდით, მოკლედ ვისაუბროთ უძველეს სამკურნალო ცენტრ ალიანოიზე, რომელიც ბერგამასთან ახლოს მდებარეობს და ყურადღებას იპყრობს თავისი ხიდით, მონუმენტური შადრევნითა და გვირაბებით. ალიანოი ცნობილია როგორც "ჯანმრთელობის ღმერთის ასკლეპიოსის" სამშობლო... ალიანოი ანტიკური მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჯანმრთელობის ცენტრი იყო თავისი გოგირდოვანი წყლით, რომლის ტემპერატურაც 45 გრადუს ცელსიუსამდე აღწევდა. ბერგამაში მდებარე ასკლეპიონში ფსიქოთერაპიაზე დაფუძნებული მკურნალობა გამოიყენებოდა, ალიანოიშიკი ჰიდროთერაპია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წყლით მკურნალობა. სამწუხაროდ, დღეს სამკურნალო ცენტრი იორტანლის კაშხლის წყალქვეშაა მოქცეული. არქეოლოგიური გათხრების დროს აქ აღმოჩენილი იქნა მთლიანი აფროდიტეს ქანდაკება, მრავალი სხვა ქანდაკება, დამუშავებული მინის ნიმუშები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტები.

ბერგამა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიის "მრავალშრიანი კულტურული ლანდშაფტის არეალის" კატეგორიაში, რადგან ის შეიცავს ელინისტური, რომაული და ოსმალეთის პერიოდების ფენებს. ამ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ამ შესანიშნავი ქალაქის წყლის სტრუქტურების და მსოფლიოში პირველი საავადმყოფოს ასკლეპიონის შესახებ. 

 


საკვანძო სიტყვები: #ბერგამა , #წყალი და კაცობრიობა

მსგავსი ინფორმაციები