„კუთხე-კუნჭული“ 52/2020

ქალაქი უნიე

1550790
„კუთხე-კუნჭული“ 52/2020

„კუთხე-კუნჭული“ 52/2020

ქალაქი უნიე

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

თურქეთის შავიზღვიპირეთში ორდუს რეგიონში მდებარე ქალაქი უნიე ბევრი ქართველისათვის ცნობილი ადგილია. უნიეს აღმოსავლეთით ფაცა, დასავლეთით თერმე, სამხრეთით კი აქქუშ და ქუმრუს დასახლებებია. სწორედ ეს ქალაქი მასპინძლობს და სამუშაო საშუალებას უქმნის ჩაისა თუ თხილის მოსავლის პერიოდში საქართველოდან თურქეთში იმ სარჩოს შეგროვების მიზნით ჩასულ მოქალაქეებს, რომლებიც ამ დანაზოგით სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს ეხმარებიან. თუმცა ალბათ ნაკლებისათვის არის ცნობილი, რომ უნიე ამავე დროს არქეოლოგებისათვის თურქეთის მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი საბადოა.

ქალაქ უნიეში თურქეთის შავიზღვისპირეთის ყველაზე ძველი ნამოსახლარებია აღმოჩენილი. ერთ-ერთი პირველნი ვინც აქ ცხოვრობდნენ ხეთური წარმოშობის ხალხი ქაშქები იყვნენ. უნიეში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები ანკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორ, ქილიჩ ქოქთენის მიერ ორგანიზებით ჩატარდა. ქალაქ უნიესთან ახლოს სოფელ იუჯელერში 1944 და 1953 წლებში განხორციელებული გათხრების შედეგად გამოქვაბულები იპოვეს, სადაც პალეოლითის ხანის საყოფაცხოვრებო ნივთები და ამავე პერიოდის ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს.

როგორც ვთქვით, ძვ.წ.აღ.-ით 2000 წელს ქაშქები ქალაქ უნიესა და მასთან ახლოს მდებარე სინოპისა და ფერშემბეს ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. ქაშქები შიდა ანატოლიაში მცხოვრებ ხეთებთან აქტიურად მებრძოლი ხალხი ყოფილა. წყაროების მიხედვით, ქაშქები რამდენჯერმე ხეთების დედაქალაქ ხათუსამდეც კი მიახლოებულან. მტრად გადაკიდებული ამ ორი ხალხის ისტორია ძვ.წ.აღ.-ით მე-12-ე საუკუნეში მთავრდება. მას შემდეგ უნიეში სკვითების სახელმწიფოს გავლენა იმატებს. ეს სწორედ ის სახელმწიფოა, რომლის ჯარის დიდ ნაწილს ამორძალი ქალები შეადგენდნენ. მებრძოლი ქალების შესახებ ლეგენდები დღემდე ამ რეგიონში ცოცხალია. ცოტა მოგვიანებით უნიე ქალაქად გამოცხადდა და იქ ხალიბთა ტომები დასახლდნენ. ქრისტემდე 550 წელს კი აქ სპარსთა მმართველობა იკიდებს ფეხს. მათ შემდეგ კი დღევანდელი საქართველოსა და თურქეთის შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე პონტოს სამეფო დაარსდა და ქალაქი უნიეც მის შემადგენლობაში შევიდა. თუმცა 63 წელს პონტოს სამეფო დაიშალა და მის ადგილას რომის იმპერიამ დაიკავა ადგილი.

ჩვ. წ. აღ-ით 395 წელს რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდგომ უნიე აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) შემადგენლობაში შევიდა. მე-11-ე საუკუნიდან ქალაქი უნიე სელჩუკების ხელში გადავიდა, შემდგომ კი  ოსმალების და დღეს უკვე ის ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკის ნაწილია.

დღევანდელი უნიეს არქიტექტურა მრავალშრიანია. ქალაქის ძველ უბნებში სომხებისა და ბერძნების სახლებია შემორჩენილი. თუმცა ქალაქის ზოგადი სახე ოსმალურთან ერთად ბიზანტიურ სინთეზს ქმნის. უნიე ბიზანტიის პერიოდში ტრაპიზონის ოთხი საეპისკოპოდან ერთ-ერთ ნიქსარის საეპისკოპოსოს  იყო დაქვემდებარებული. იმ პერიოდის ეკლესიებით დაინტერესებულთ კი მათი მონახულება ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში შეუძლიათ.

ქალაქის მოსახლეობა დღესაც ეკლექტიკურია, იქ სომხები, ქართველები, ჩერქეზები, ბერძნები და თურქები თანაცხოვრებაში არიან და ეს თურქეთის შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია.

 


საკვანძო სიტყვები: #უნიე , #ქალაქი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები