„კუთხე-კუნჭული“ 50/2020
აფიონქარაჰისარის ციხე
„კუთხე-კუნჭული“ 50/2020
აფიონქარაჰისარის ციხე
ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი
თურქეთში ეგეოსის ზღვის დასავლეთ შიდა ანატოლიის რეგიონში მდებარე აფიონი, მარმარილოსა და შუა ანატოლიას, ეგეოსსა და ხმელთაშუაზღვის რეგიონების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს. ძვ.წ.აღ 3000 წლის წინ აფიონის ტერიტორიაზე ხეთებს, ფრიგიელებს, ლიდიელებს, სპარსებს, ელინებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, სელჩუკებს და ოსმალებს უცხოვრიათ. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მას ისტორიულადაც და დღესაც „ანატოლიის გასაღები“ ეწოდება.
აფიონის რეგიონი დღეს მარმარილოს, თერმული წყლების, კაიმაღისა ანუ ნაღებისა და ჰაშჰაშის ან იგივე ხაშხაშის მხარედ მიიჩნევა. ხაშხაში აქტუალურად გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში და საღებავების დასამზადებლადაც. რაც შეეხება მარმარილოს, ქალაქ აფიონის შემოგარენში კლდეების დაბალი საფარია, სადაც მარმარილოს მოიპოვებენ. ამიტომაც აქ მარმარილოს ირგვლივ მთელი ინდუსტრიული ხაზია განვითარებული. ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებამდე არ მისული, გზად აფიონთან წააწყდებით ათეულ მარმარილოს ადგილობრივ ქარხანას, რომელიც არა მარტო თურქეთის მასშტაბით, არამედ საზღვარგარეთ პროდუქციის ექსპორტზეცაა ორიენტირებული.
ასევე გზად თქვენ შეამჩნევთ ქალაქ აფიონის ცენტრში აღმართულ უზარმაზარ სალ კლდეთა სიმრავლეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე ქალაქში ეს სალი კლდეები ამ ადგილას მცხოვრები ძველი ხალხების ისტორიას ინახავს.
გეოლოგების თანახმად ეს კლდეთა გრეხილი ვულკანური წარმოშობისაა. კლდების ზუსტად შუა ადგილას წამომართულია ციხე, რომელსაც ქარაჰისარს ანუ შავ ციხეს უწოდებენ. არ არსებობს წყარო იმის შესახებ, რომ ციხე ანტიკურ ხანას განეკუთვნებოდეს. მის ისტორიულ წარმოშობას სელჩუკების პერიოდის ვეზირ საჰიბ ათა ფაჰრედდინ ალისთან მივყავართ. მაგრამ არსებობს ცნობა, რომ სწორედ ამავე ციხის ადგილას ბიზანტიური ციხე მდებარეობდა და ის შემდგომში სელჩუკების ხელში გადავიდა. ციხე ჰორიზონტის ოთხივე მხარეს თანაბრად არის გაშენებული და დიდი გალავნებითაა შემოვლებული, სავარაუდოა რომ ის მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრებლადაც გამოიყენებოდა. ქარაჰისარს ქვემოთ ქალაქთან დამაკავშირებებლად მხოლოდ საბილიკო გზა აქვს, თუმცა ვარაუდობენ რომ ძველად ეს ბილიკებიც გალავნებით იყო შემორტყმული და ბოლოს დიდი კარით ბოლოვდებოდა.
მე-17-ე საუკუნის თურქი მოგზაური ევლია ჩელები წერს, რომ ქარაჰისარზე ასასვლელად ზუსტად ორი საათი დასჭირდა. ასევე ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ სულ ზემოთ ციხის შიგნით სულთნის მცირე ზომის მეჩეთი მდებარეობდა, მისი მინარეთი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულა.
ქარაჰისარის კლდის სიმაღლე 226 მეტრია. ხშირად ციხეც და მთლიანად კლდეც ნისლში ეხვევა და თითქოს მისი ნახვის მსურველთ ემალება. ეს იდუმალი, ბევრისმნახველი კლდე და ციხე თურქული ფოლკლორის ნაწილიც გახდა. მასზე შექმნილი თურქუ „ქარაჰისარ ქალესი“ არა მარტო აფიონის არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით ამ ციხისადმი პატივისცემის ნიშნად იმღერება.