„კუთხე-კუნჭული“ 49/2020

ზექი მურენი

1539125
„კუთხე-კუნჭული“ 49/2020

„კუთხე-კუნჭული“ 49/2020

ზექი მურენი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

საქართველოში მე-19-ე საუკუნიდან დამკვიდრდა ქალაქური სიმღერების ჟანრი. ეს ერთი შეხედვით კავკასიური, უფრო ზუსტად აზრებაიჯანულ-ქართულ-სომხურ მოტივებზე აგებული მელოდიებია, რომელთაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო ტექსტი ახლავს. ქალაქური მელოდიები გიტარის თანხლებით სრულდება და სუფრის დამაგვირგვინებელ ხასიათს ატარებს.

ქალაქის წიაღშია დაბადებული თურქული ე.წ. „თურქ სანათ მუზიქი“, რაც „თურქულ სამხატვრო მუსიკად“ შეგვიძლია ვთარგმნოთ. ეს სპეციფიური ჟანრია და რომანსის, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის ერთგვარ ნაზავს ქმნის. გარკვეულ რითმზე აგებული ტექსტი, გიტარასთან შერწყმული არფის მსგავსი სიმებიანი საკრავები აღმოსავლურ ბაიათებს ჰგავს, მაგრამ უფრო მეტად მისგან შორს მყოფ რომანსებსაც აწვდენს ხმას.

მე-20-ე საუკუნის 40-იანი წლებიდან ამ ჟანრის პოპულარობამ სტამბოლისა და ანკარის დიდი სცენები დაიპყრო. შემსრულებელთა შორის ხმის განსაკუთრებული ტემბრითა და უჩვეულოდ განსხვავებული გარეგნობით გამოირჩა ერთი ადამიანი, რომელიც სულაც არ გახლდათ სტამბოლელი ელიტის შვილი. ეს იყო ზექი მურენი, რომელიც ქალაქ ბურსაში 1931 წელს დაიბადა.  მისი სახელი ითარგმნება, როგორც „ჭკვიანი“. გარდა ჭკუისა და იმ ელეგანტურობისა, რომლითაც მან პირველივე გამოსვლისთანავე მსმენელი მოხიბლა, მას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ნიჭი გააჩნდა. ის იმდენად დახვეწილ, მსუყე და მდიდარ თურქულზე მეტყველებდა, რომ ლინგვისტებიც კი გაკვირვებულნი რჩებოდნენ.

ზექი მურენმა გიმნაზიაში სწავლა სტამბოლში გააგრძელა და სწორედ მაშინ შექმნა თავისი პირველი კომპოზიცია. გიმნაზიაში მალევე შეამჩნიეს მისი მუსიკალური ნიჭი და პირველი ფირფიტის გამოშვებაში შეუწყვეს ხელი.

მომღერალმა 1951 წელს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ტრტ-ს რადიოს მიერ გამოცხადებულ ვოკალისტთა კონკურსზე პირველობა მოიპოვა და სწორედ ამ რადიოში პირველი ცოცხალი სოლო კონცერტი შეასრულა. მისი ტრტ-სთან თანამშრომლობა 15 წელს გაგრძელდა. რადიოთი გადაცემული მისი ცოცხალი კონცერტები კი მოსახლეობისათვის ნამდვილი დღესასწაული იყო. მისი, როგორც ხელოვანის სიდიდე იმაშიც მდგომარეობდა, რომ ის თავის მსმენელს განურჩევლად სოციალური ფენისა და წარმომავლობისა პატივს სცემდა და მას სიმღერით ემსახურებოდა.

ზექი მურენმა კინოსა და თეატრშიც სცადა ბედი და აქაც წარუშლელი როლებით დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

1955 წელს ზექი მურენმა სიმღერით „ჩემო მაგნოლია“ თურქეთის პირველი ოქროს ფირფიტის ჯილდო დაიმსახურა. 1976 წელს კი ის იყო პირველი თურქი, ვინც  ლონდონში როიალ ალბერთ ჰოლში კონცერტი ჩაატარა.

საინტერსოა ის ფაქტიც, რომ რომ ზექი მურენი სცენაზე ყოველთვის ფემინურ სამოს ირგებდა, ვარცხნილობასაც ქალბატონებივით იკეთებდა და სასცენო მკვეთრ მაკიაჟზეც  არ ამობდა უარს, თუმცა თურქული ტრადიციული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის ეს მიუღებელი არასოდეს ყოფილა.

ზექი მურენი თურქულმა საზოგადოებმა შეიყვარა, ამიტომ მას „სახალხო ხელოვანის“ ტიტულიც მიენიჭა. ნიჭიერი და სახელგანთქმული მომღერალი 1996 წელს იზმირის რადიო ტრტ-ში სიმღერის ცოცხალი შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #ზექი მურენი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები