წყალი და კაცობრიობა 11/2020

ცისტერნები ანუ წყლის საცავები

1526055
წყალი და კაცობრიობა 11/2020

წყალი და კაცობრიობა 11/2020

ცისტერნები ანუ წყლის საცავები

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ადამიანი არსებაა, რომელიც ყოველთვის აღწევდა წარმატებას იმაში, რასაც ჩაიფიქრებდა და დაბრკოლებებს არ უშინდებოდა. სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა იმ პრობლემების სათავეში იყო, რომლის გადალახვაც მას უწევდა ისტორიის მანძილზე.

ადამიანი დასახლების საკითხზე უპირველესად უპირატესობას წყლის სანაპიროებს ანიჭებდა, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა... წყლის სანაპიროებიდან შიდა მხარისკენ დაიწყო გადასვლა დასახლებებმა. უკვე აღარ იყო წყლის პირას ის ადგილები, სადაც ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ მას იგი სჭირდებოდა. ადამიანმა მოიძია და შეიმუშავა მეთოდები, რათა სასურველ დროს ადვილად მიეღწია წყლისთვის. ამ მიზნით იგი უძველესი პერიოდიდან მოყოლებული სხვადასხვა წყლის სტრუქტურებს აგებდა. ადამიანმა მდინარეებზე კაშხლები ააშენა, რომ წყალი გამოსაყენებლად მზად ყოფილიყო წლის ნებისმიერ დროს, წყალი შორიდან მოიტანა წყალშემკრები ნაგებობებით, შეაგროვა თოვლისა და წვიმის წყალი ცისტერნებში, ხოლო შეგროვებული წყალი არხებისა და შადრევნების მეშვეობით ქალაქში გაანაწილა. დღეს ჩვენ მოგითხრობთ ცისტერნების ანუ წყლის საცავების შესახებ, რომლებიც წყლის შეგროვებისა და შენახვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის სტრუქტურა იყო.

ცნობილია, რომ წყლის საცავებს პირველად სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების მოსარწყავად იყენებდნენ. ადამიანებმა, რომლებიც უფრო მშრალ რეგიონებში დასახლდნენ წყლიდან შორს, დასძლიეს ეს სირთულე ცისტერნების აშენებით, სადაც წვიმისა და თოვლის წყალს აგროვებდნენ. ამ გზით მან შესძლო მიწის მორწყვა და დამუშავება. ცისტერნებს, ძირითადად ქანებში ჭრიდნენ ან ქვისგან ამზადებდნენ. ის საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო ღია ან დახურული, მიწის ქვეშ ან მიწის ზემოთ. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შესაძლებელია სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული ცისტერნების ნახვა. მათი უძველესი ნიმუშები პერუში, ნასკას უდაბნოში გვხვდება.

ცისტერნების, რომლებიც ადრე სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენებოდა, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის შემდეგ სასმელი წყლის საჭიროების დასაკმაყოფილებლად აგება დაიწყეს. ცისტერნებს არა მხოლოდ სოფლად, არამედ ქალაქების სხვადასხვა ნაწილსა და ქარავანთა მარშრუტებზეც აგებდნენ.

ანატოლიაში სხვადასხვა პერიოდსა და ქალაქებში გვხვდება ცისტერნები. ხათუსაში მდებარე ხეთური ცისტერნები და მერსინის ანტიკური ქალაქ კორიკოსის ცისტერნები არის იმის მაგალითი, თუ როგორ აშენებდნენ მათ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. ფეთჰიეს ანტიკურ ქალაქ ტელმოსოსში მდებარე ცისტერნები ჩვენი წელთ აღრიცხვის დაწყების შემდეგ აშენებული ცისტერნების საუკეთესო ნიმუშებია. ეს ცისტერნები აშენებული იყო არა მხოლოდ წყლის რესურსებიდან შორს, არამედ ქალაქის მახლობლად მდებარე ადგილებშიც. ამის მიზეზი არის ის, რომ ანატოლიის ქალაქებში ხშირად ხდებოდა შემოსევები... როდესაც ქალაქს ალყას შემოარტყავდნენ, მტერი ჯერ გზებს კეტავდა, რომლითაც წყალი და საკვები მიჰქონდათ ქალაქში. ქალაქის მოსახლეობა, წყლისა და საკვების გარეშე, მოკლე დროში ნებდებოდა. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ცდილობდნენ ქალაქის ახლოს ცისტერნების გაკეთებას. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მერსინსა და სილიფკეს შორის მდებარე კორიკოსი, არ იყო საპორტო ქალაქი, იქ თითქმის ოცდაათი ცისტერნა იყო. არისტოტელე, რომელიც აცხადებდა, რომ ცისტერნები მნიშვნელოვანი იყო როგორც მშვიდობიანობის ასევე ომის დროს, ამბობდა: „ქალაქებს წყლის საცავები სჭირდებათ, რომ ომში უსაფრთხოდ იყვნენ“.

 

წარმოიდგინეთ ქალაქი, რომელსაც დაარსების დღიდან წყლის დეფიციტი აქვს ... უფრო მეტიც, ეს იყოს ქალაქი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში თავს ესხმიან. და ეს იყოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი იმპერიის დედაქალაქი! ალბათ ბევრი თქვენგანი მიხვდა, ეს ქალაქი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სტამბოლია... მიუხედავად იმისა, რომ იგი სამი მხრიდან წყლით არის გარშემორტყმული, სტამბოლისადმი ინტერესის გამო, არასდროს იყო საკმარისი წყალი მჭიდრო მოსახლეობისთვის. უძველესი პერიოდიდან რომის იმპერიის პერიოდამდე სტამბოლის წყლით დაკმაყოფილება ცისტერნებით ხდებოდა. სტამბოლში ასობით ცისტერნაა აშენებული ამისათვის. ზოგი სპეციალურად იყო დაპროექტებული და აშენებულია და ზოგი კი წლების განმავლობაში საეკლესიო სარდაფებიდან გადააკეთეს... ცისტერნებს, რომლებიც ბიზანტიის პერიოდში მიწისქვეშ ჩადეს, იმისთვის რომ წყალი არ გაეჟონა, მის კედლებს სპეციალური მასალით ლესავდნენ, რომელსაც ხორასანს უწოდებდნენ, ხოლო იმისთვის, რომ წყლის წნევისთვის გაეძლო, შიდა და გარე საყრდენებით ამაგრებდნენ. ცისტერნებს, რომლებმაც დროთა განმავლობაში დაკარგეს თავიანთი ფუნქცია და მნიშვნელობა, ახლა სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ; ზოგი მათგანი ხილისა და ბოსტნეულის საწყობებად, სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ადგილებად და ზოგი რესტორანად ან მუზეუმად გამოიყენება.

ცისტერნები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ბიზანტიური წყლის სტრუქტურებს შორის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ პერიოდის არქიტექტურისა და ინჟინერიის გამოსაკვლევად. ცისტერნები, რომლებიც თავდაპირველად დამოუკიდებელი იყო ერთმანეთისგან, თანდათან გამომწვარი თიხის მილებით ერთმანეთს და მიწისქვეშა წყლის სისტემებით ქალაქის წყალმომარაგების ქსელს დაუკავშირეს.

დახურული ცისტერნები, რომლებიც ადრეული მიწისქვეშა ცისტერნების რიცხვს მიეკუთვნებიან, განსხვავდება მასალის, ზომისა და სამუშაოების მიხედვით, მაგრამ არქიტექტურული თვალსაზრისით ერთმანეთის მსგავსია. სტამბოლის დახურული ცისტერნებიდან ყველაზე ცნობილი გახლავთ იერებათანის (Cisterna Basilica) და ბინბირდირექის ცისტერნები (Sloksenus Cistern). იერებათანის ცისტერნას, რომელიც 52 საფეხურიანი ქვის კიბით ქვემოთ ჩადის, ხალხმა "იერებათანის სასახლე" დაარქვა მისი წყლიდან ჭერისკენ აღმართული 336 მარმარილოს სვეტის და სილამაზის გამო. ამ ბრწყინვალე სტრუქტურის მონახულებისას, რომელსაც 100 ათასი ტონა წყლის შენახვა შეუძლია, შეუძლებელია არ გქონდეს განცდა, რომ სხვა ეპოქაში ხარ ან თუნდაც სხვა სამყაროში... მედუზას თავი, რომელიც, როგორც ითვლება, ქვად აქცევს მათ, ვინც პირდაპირ უყურებს, შებრუნებულია და გამოყენებულია სვეტის ფუძედ. იგი მალავს მრავალ საიდუმლოებას, ლეგენდას და დამთვალიერებლების დიდ ყურადღებას იპყრობს.

ცისტერნა 1453 წელს სტამბოლის დაპყრობის შემდეგ ერთი პერიოდი კიდევ გამოიყენებოდა, თუმცა ოსმალებმა, რომლებიც დაგროვებული წყლის ნაცვლად გამდინარე წყლის გამოყენებას ამჯობინებდნენ, საკუთარი წყლის ობიექტები შექმნეს და ცისტერნა აღარ გამოუყენებიათ. ბაზილიკის ანუ იერებათანის ცისტერნა, რომელიც მრავალი წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა, დღეს სტამბოლში იმ მუზეუმებს შორისაა, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბინბირდირექის ცისტერნა სიდიდით მეორეა სტამბოლში. ცისტერნა, რომელიც ყურადღებას იპყრობს დღემდე შემორჩენილი 212 სვეტით, დღეს მუზეუმია, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება.

ანატოლიაში არსებული წყლის ცისტერნები არ შემოიფარგლება სტამბოლით. მათგან ასევე ყველაზე თვალშისაცემია 1500 წლის წინანდელი ცისტერნა, რომელიც დღეს მარდინში, ანტიკურ ქალაქ დარაში მდებარეობს! დარა, გარნიზონის ქალაქი იყო, რომელიც შეიქმნა რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად. ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა კარგად არის ჩამოყალიბებული წყლის კარიბჭეებით, წყლის ცისტერნებით და წყალსაცავებით, რათა ქალაქს ალყისთვის დიდხანს გაეძლო. ცისტერნებში წყლის ნაკადის და რაოდენობის მაკონტროლებელი სისტემის არსებობა ცხადყოფს იმ დროის დარაში ინჟინერიის დონეს. ანტიკურ ქალაქ დარაში შესაძლებელია რომის გარდა, ბიზანტიური, სელჩუკური და ოსმალეთის სტრუქტურების ნახვა. ზოგიერთი ისტორიკოსი დარას მიიჩნევს ქალაქად, სადაც მესოპოტამიის პირველი სარწყავი არხები შეიქმნა. ანტიკური ქალაქი დარა მსოფლიოში უნიკალურია არა მხოლოდ თავისი ცისტერნით, არამედ „გალერეა საფლავად“ წოდებული დახურული სივრცით, სადაც „აღდგომის“ რწმენის გამო ძვლები იყო შენახული.



მსგავსი ინფორმაციები