წყალი და კაცობრიობა 9/2020

ელინები და "მილეტი" დღევანდელი ქალაქი აიდინი

1517656
წყალი და კაცობრიობა 9/2020

წყალი და კაცობრიობა 9/2020

ელინები და "მილეტი" დღევანდელი ქალაქი აიდინი

მეანდროსი ადიდდა, მინდვრები დაიტბორა, ნათესები ან დალპლა ან წყალმა წაიღო... გარდა ამისა, მან ჩახერგა ნავსადგური თავისი ალუვიუმით და გაწყვიტა ქალაქის კავშირი ზღვასთან... მეანდროსი დღეების მანძილზე ვერ შეუჩერებიათ... ხალხმა ვეღარ გაუძლო ამას და უჩივლეს მდინარის ღმერთს, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ. ამგვარად, ისტორიაში პირველად გაიმართა სასამართლო ადამიანებსა და ღმერთებს შორის.

ჩვენი პროგრამა დღეს მითოლოგიური ამბით დავიწყეთ. მეანდროსი, რომელზეც ვსაუბრობდით, მდინარე დიდი მენდერესია. ისინი კი, ვინც იგი ღმერთის ადგილზე დააყენა და უჩივლა, მილეტელები არიან ...

დაახლოებით 550 კილომეტრის სიგრძის დიდი მენდერესი არის ყველაზე დიდი მდინარე დასავლეთ ანატოლიაში, რომელიც ეგეოსის ზღვაში ჩაედინება. ისტორიის მანძილზე მენდერესი ერთის მხრივ სიცოცხლეს აძლევდა ნაყოფიერ მიწებს, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ადგილს, სადაც ზღვაში ჩაედინებოდა, ალუვიუმით ავსებდა, იწვევდა ქალაქების მოწყვეტას ზღვიდან, ხშირად დიდდებოდა და მოსავალს აზიანებდა. სწორედ ამიტომ ისტორიკოსი ჰეროდოტე დიდ მენდერესს „მომუშავე მდინარეს“ უწოდებს. სახელი 'მეანდერი', რომელიც ეწოდება ერთმანეთში გადახლართულ ლაბირინთის მსგავს მოტივს, მომდინარეობს ამ მეანდროსისგან ანუ დიდი მენდერესისგან. დღეს ჩვენ მოგითხრობთ ელინებზე, დიდ ცივილიზაციაზე, რომელიც შეიქმნა დასავლეთ ანატოლიაში მდინარე მენდერესის სანაპიროზე მდებარე ნაყოფიერ მიწებზე.

ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ელინები ანატოლიაში მბრძანებლობდნენ... მანამდე სანამ იტალიაში მცხოვრები რომაელები მოვიდოდნენ... როდესაც მათთვის იტალია აღარ იყო საკმარისი, რომაელებმა დაიწყეს ზღვის გადაღმა მიწებზე დასახლება. ქალაქმა-სახელმწიფოებმა, რომლებსაც ჰქონდათ სანაპიროები ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებზე, მოკლე დროში თავიანთ თავზე გამოსცადეს ეს ექსპანსიონისტური პოლიტიკა. ელინური ქალაქები, როგორიცაა ბერგამა (პერგამონი), იზმირი (სმირნა), ფოჩა (ფოკაია), დიდიმი (დიდმა), ეფესი (ეფესოსი) და აიდინი (მილეტი), რომლებიც დასავლეთ ანატოლიის მნიშვნელოვან კულტურულ, რელიგიურ და სავაჭრო ცენტრებს შორის იყვნენ, სათითაოდ გადავიდნენ რომაელების მმართველობის ქვეშ.

მილეტი ძალიან ძველი და ფართო არეალზე გაშლილი დიდი ქალაქი გახლდათ, რომელიც თავისი დროის მეტროპოლი იყო. იგი სპარსელთა მიერ გაძარცვის შედეგად განადგურდა და შემდეგ ახალი გეგმის მიხედვით აღადგინეს. ეს გეგმა მართი კუთხით გადაკვეთილი სწორ ქუჩებიანი მარტივი, მაგრამ ფუნქციონალური გეგმა იყო, რომელსაც "ბადე" ეწოდებოდა. "ქსელის ფორმის ქალაქის გეგმა", რომელიც ევროპისა და ამერიკის ბევრ ქალაქში ისევ გამოიყენება და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი ურბანული გეგმა, პირველად აღმოსავლეთის ელინურმა ცივილიზაციამ გამოიყენა. პირი, ვინც აღმოაჩინა და გამოიყენა ეს მოდელი, არის ჰიპოდამოსი, მილეტელი ანუ აიდინელი.

ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო გიმნაზიები... გიმნაზიები იყო მარტივი სტრუქტურები დიდი ეზოებით, სადაც ხალხს შეეძლო ერთად შეკრება, ურთიერთობა და სპორტით დაკავება. ეს იყო სავალდებულო ინსტიტუციური სტრუქტურა ახალგაზრდების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. მასში შედიოდა სარბენი ბილიკი, ხელსაწყოების ოთახები, დასაბანი ადგილი და საპირფარეშოები. გიმნაზიებმა ასევე მოიპოვა მნიშვნელობა საბანაო ოთახების გამო, რადგან ელინურ ცივილიზაციაში პირადი ჰიგიენა ძალიან მნიშველოვანი იყო. მათ სჯეროდათ, რომ თუ სისუფთავეს ყურადღებას არ მიაქცევდნენ, მათ ღმერთის ან ქალღმერთის რისხვა დაატყდებოდათ. დროთა განმავლობაში გიმნაზიის მოდელი განვითარდა, გადაიქცა აბანოებად წყლის ავზებით და მარმარილოს აბანოებით, რომლებიც რომაული აბანოების წინამორბედებად იქცნენ.

ელინები მნიშვნელობას ანიჭებდნენ არა მხოლოდ პირად ჰიგიენას, არამედ გარემოს სისუფთავესაც. ისინი ყურადღებას აქცევდნენ ამ საკითხს ქალაქის დაგეგმარებაში და იღებდნენ ზომებს სუფთა და დაბინძურებული წყლის გადინებისთვის. ისინი ქვებით აპირკეთებდნენ ქუჩებს, აშენებდნენ სადრენაჟე არხებს, წყლის გზებს, კანალიზაციის სისტემებსა და საპირფარეშოებს. ელინისტურ ქალაქებში ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა თიხისგან ან ტყვიით დამზადებული წყლის მილები, მრავალი ცისტერნა და წყლის ჭაბურღილი. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როგორიცაა მილეტი ანუ აიდინი, წყალი წყლის ავზებიდან სახლებამდე, გიმნაზიებამდე და შადრევნებამდე მილებით ყოფილა მიყვანილი.

"სიცოცხლე წყლით დაიწყო"

ეს სიტყვები ეკუთვნოდა თალესს, რომელიც ისტორიაში შევიდა ფილოსოფიისა და ძველი საბერძნეთის შვიდი ბრძენიდან პირველი... შესაძლოა იცნობთ როგორც მოაზროვნეს, შეიძლება როგორც მათემატიკოსს. თალესი ცნობილია თავისი მათემატიკური თეორემებით, რომლებიც ატარებს მის სახელს, მაგრამ დღეს ჩვენ მის განსხვავებულ და ნაკლებად ცნობილ მხარეზე მოგიყვებით.

იმის ნაცვლად, რომ ბუნებრივი მოვლენები აეხსნა ადამიანის ფორმის ღმერთებით, თალესი ცდილობდა დაკვირვების გზით მიეღწია ჭეშმარიტებამდე. იგი იკვლევდა წყლის, მყარი, თხევადი და გაზის მდგომარეობების გავლენას ბუნებაზე. ამ დაკვირვების შედეგად, ის აცხადებდა, რომ ყველაფერი წყლით დაიწყო. ის ფიქრობდა, რომ წყალი არ არის მკვდარი ნივთიერება, მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ფორმა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ცოცხალ და არაცოცხალ არსებებზე, რადგან მას ყველგან შეუძლია მიღწევა. არისტოტელესგან ნასწავლის თანახმად, თალესი ირწმუნებოდა, რომ ყველაფრის საწყისი და ბოლო წყალია, წყალში იქმნება და ისევ წყალს უბრუნდება. მისივე აზრით, წყალი იყო მატერიის პირველი ელემენტი და ყველაფერში მთავარი წყალი იყო და დედამიწა კი წყალში ცურავდა.

ამბობენ, რომ თალესი მიზნად ისახავდა მეზღვაურობისა და სოფლის მეურნეობის დახმარებას კლიმატისა და სამყაროს გამოკვლევით და მეზღვაურებს ურჩევდა მიეგნოთ მიმართულება არა დიდი დათვის არამედ პატარა დათვის მიხედვით. თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების გამო იგი ცნობილია როგორც "პირველი წყლის ინჟინერი". რატომ მიიღო თალესმა ეს ტიტული?

მოგითხრობთ მოკლედ და ტექნიკური დეტალების გარეშე: სპარსეთის მეფის წინააღმდეგ ომებში, როდესაც ლიდიის მეფემ თავისი ჯარით ვერ გადალახა წითელი მდინარე, თალესს სთხოვა დახმარება. თალესმა ღრმა თხრილი გათხარა და მდინარის კალაპოტი ნახევარწრიული არხით შეცვალა, რათა ჯარს ადვილად გადაელახა გაყოფილი მდინარე. მან ახსნა მდინარე ნილოსის ადიდების მიზეზები... და, რა თქმა უნდა, მას თეორიულად მრავალი კვლევა ჰქონდა წყლის შესახებ. ყოველივე ამან თალესი ისტორიაში პირველ წყლის ინჟინრად აქცია.

თალესმა ასევე გამოითვალა პირამიდების სიგრძე მათ ჩრდილებზე დაკვირვებით, შეისწავლა მაგნიტის გრავიტაციულ ეფექტი, გაზომა დრო ერთი მზებუდობიდან მეორემდე. ის ისტორიაში პირველია, ვინც ეს გააკეთა. თუ იცით, საიდან იყო თალესი, ცნობილი როგორც მათემატიკოსი, ასტრონომი, გამომგონებელი და ინჟინერი? ისე, როგორც ჰიპოდამოსი, რომელმაც აღმოაჩინა ჩვენს მიერ ნახსენები პირველი ბადისებური ქალაქის გეგმა, თალესიც ეგეოსის მხარეში მდებარე ელინისტური ქალაქი მილეტიდან ანუ აიდინიდან იყო...

თავის დროზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი, მილეტი დღეს საკმაოდ შორსაა ზღვიდან მდინარე დიდი მენდერესის მიერ ჩატანილი ალუვიების გამო. თუ მოისურვებთ ეს ანტიკური ხანის ცნობილი ქალაქი დაათვალიეროთ, პირველი შეგხვდებათ მილეტის საკმაოდ კარგად შემონახული თეატრი, რომელიც ბერძნულ-რომაული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია. თეატრის შემდეგ განთავსებულია ნიმფეუმები, რომლებიც ქალაქში წყალს ანაწილებდნენ. ნიმფეუმი სინამდვილეში იყო წყლის ფერიებისთვის მიძღვნილი ორ ან სამ სართულიანი წმინდა შადრევნები, რომლებიც შედგებოდა პირიდან წყალგადმომავალი ქანდაკებებისგან. წყალსადენით ქალაქში მიტანილ წყალს აგროვებდნენ წყალსაცავებში, რითაც თან ამ შესანიშნავ შადრევნებს და თანაც არხების დახმარებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილის წყლით ამარაგებდნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყლის სტრუქტურა, რომელიც მილეტში მდებარეობდა, იყო ფაუსტინას აბანო... იგი არის ერთ-ერთი უდიდესი რომაული აბანო ანატოლიაში თავისი ცივი, თბილი და ცხელი წყლის განყოფილებებით, გასახდელი ოთახებითა და აუზით.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ელინებზე, იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცივილიზაციაზე, რომელიც დაარსდა დასავლეთ ანატოლიაში და ელინისტურ ქალაქ მილეტზე, რომელიც მრავალი თვალსაზრისით გამოირჩეოდა. 



მსგავსი ინფორმაციები