„კუთხე-კუნჭული“ 38/2020

ფამუქქალე - ჰიერაპოლისი

1494734
„კუთხე-კუნჭული“ 38/2020
pamukkale.jpg
pamukkale.jpg

„კუთხე-კუნჭული“ 38/2020

ფამუქქალე - ჰიერაპოლისი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

თურქეთში ტურისტების სიმრავლით გამორჩეულ ისტორიულ ადგილებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაჩერება ფამუქქალეა. არც მეტი არც ნაკლები მას ყოველწიურად მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს. თერმული წყლებისა და ჰაერის ურთიერთშერწყმის შედეგად აქ ე.წ. ტრავერტენები წარმოიშვა, რაც ასე იშიფრება: კალციუმის კარბონატი, რომელსაც მიწისქვეშა წყლები შეიცავს, გარკვეული ბუნებრივი პირობების გამო ჩამოიშლება ხოლმე და სწორედ ფაფუკი მარმარილოს მსგავსი ტრავერტენები გაყინული პატარა ჩანჩქერების ფორმას იღებს. ისინი ტერასებად დაყოფილი თითოეულ ფორმაში ბუნებრივად წარმოქმნილი აუზებია. ფამუქქალეს ამ ბუნებრივი საოცრების ისტორია რომის იმპერიამდე აღწევს.

 

ფამუქქალე თურქულიდან ითარგმნება, როგორც „ბამბის ციხე“, ტერმინოლოგია მისი ამ ბუნებრივი წარმონაქმნიდან მომდინარეობს. ტრავერტენების ახლომახლო აღმართული ჰიერაპოლისი იგივე ანტიკური ქალაქის ნანგრევები სწორედ რომის იმპერიის პერიოდიდან არის შემორჩენილი. ბუნებრივი და ისტორიული „ნაგებობები“ ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. დაახლოებით 2000 წლის წინ პერგამონის სამეფომ (თურქულად ბერგამა) ფამუქქალეს ამ ბუნებრივ სილამაზეს ქალაქი ჰიერაპოლისი შეჰმატა.

იმ დროისთვისაც ჰიერაპოლისის ახლოს მდებარე აუზებში არსებული თერმული წყლების სამკურნალო თვისებებზე იცოდნენ და ამიტომაც იქ ანატოლიიდან სიჯანსაღისა და სილამაზის წყაროსთან მიახლების მსურველნი ჩადიოდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ეს ფაფუკი მარმარილოსებრი ჩანჩქერები ძალიან სათუთია, საცურაოდ მხოლოდ რამდენიმე ნაწილია გამოყოფილი. თერმულ წყლებთან ახლოს არსებული რომაული აბანო კი დღეს არქეოლოგიის მუზეუმად გამოიყენება. ჰიერაპოლისში აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების ხილვა სწორედ აქაა შესაძლებელი. აქვეა ანტიკური თეატრი, წარმართული ტაძრები, მონუმენტური შადრევნები, ტანვარჯიშისთვის განკუთვნილი დღევანდელი შესატყვისით სპორტული დარბაზები და რაც ყველაზე მთავარია ლეგენდებით აღსავსე ჯოჯოხეთის შესასვლელად ცნობილი პლოუტონიუმი.

გარდა ქრისტიანობამდელი კულტურისა ჰიერაპოლისი ქრისტიანობის შემდეგდროინდელ ამბებსაც ინახავს. ცნობილია, რომ ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან ფილიპე მახარობელი სწორედ აქ მოუკლავთ და მისი საფლავიც აქაა განთავსებული. საეპისკოპოსო წირვისათვის განკუთვნილი კათედრალი აქ ქრისტეს შემდეგ მე-6-ე, ხოლო ე.წ. დირექლი ქილისე მე-7-ე საუკუნეშია აშენებული. ქალაქის შუაგულში აქა-იქ მიმობნეული პატარა ეკლესიები იმაზე მიგვანიშნებს, რომ შემდგომში ბიზანტიის იმპერიაშიც კი ჰიერაპოლისი ქრისტიანობის ერთ-ერთ ცენტრი გახლდათ.

ქალაქ დენიზლიდან 17 კილომეტრში მდებარე ჰიერაპოლისი არქელოგიურ ტერმინოლოგიაში მოხსენიებულია როგორც „ჰოლი სითი“ იგივე „წმინდა ქალაქი“. მისი ეს სახელწოდება, წარმართული და შემდეგ ქრისტიანული სალოცავების სიმრავლითაა გამოწვეული. ისევე როგორც რამდენიმე ანტიკური ქალაქის სახელწოდება, ჰიერაპოლისიც მისი მფარველი ქალღმერთის სახელიდან მომდინარეობს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ჰიერაპოლისის ტოპონიმი მისი დამაარსებლის პერგამონის მეფის ტელეფოსუნის მეუღლის ამაძონების დედოფლის ჰიერას სახელიდან წარმოდგება.

 



მსგავსი ინფორმაციები