„კუთხე-კუნჭული“ 37/2020

კეკოვა

1489579
„კუთხე-კუნჭული“ 37/2020

„კუთხე-კუნჭული“ 37/2020

კეკოვა-დოლიჩისტე

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთის ცნობილი საკურორტო ქალაქის ანტალიის მახლობლად, დემრეს რეგიონში მსოფლიოში განთქმული ისტორიული კუნძული კეკოვა მდებარეობს. ის ისტორიაში შესულია როგორც დოლიჩისტეს ანტიკური ქალაქი, დღეს კი მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ჩაძირულ ქალაქს“.

ბუნებისა და ისტორიის ამგვარი სინთეზი, როგორიც კუნძულ კეკოვას ახასიათებს მნახველზე მომნუსხველ შთაბეჭდილებას ტოვებს. ანტიკური ლიკიის, ელინიზმის, რომისა და ბიზანტიის ცივილიზაციამ სწორედ ამ პატარა კუნძულზე მონაცვლეობით დატოვა კვალი.

ასევე ცნობილი კურორტის ქაშის მიმდებარე ტერიტორიები სწორედ კეკოვასთან სიახლოვის გამო, გარემოს დაცვის ფონდის განსაკუთრებულ რეგიონად არის გამოცხადებული. საინტერესოა ამ რეგიონის დათვალიერების მარშრუტი, რაც მხოლოდ ზღვით არის შესაძლებელი. არსებობს სპეციალური ტურები გემით, რომლის გეზიც კეკოვას, მასთან ახლოს მდებარე ქალექოის და სხვა პატარა კუნძულ-სოფლების მონახულებას გულისხმობს.

კეკოვას ზღვის სანაპიროს მთლიან ზოლზე თქვენ ნახევრად წყალში ჩაძირულ მინი-ქალაქს იხილავთ. თითქმის წყლის ქვეშაა მოქცეული ქალაქის გალავანი, სამარხები და ზღვასთან დამაკავშირებელი კიბეები. ეს ყველაფერი ქვისგან შედგება და ალბათ, სწორედ ეს არის მისი დღემდე შენარჩუნების მიზეზიც. დღეს ამ კუნძულზე არავინ სახლობს გარდა განსაკუთრებული მცენარეული საფარისა და ამ კლიმატს შეჩვეული ცხოველებისა.

თურქეთის ხმელთაშუაზღვის აუზში კეკოვას ზოლში ანტიკური ხანის ორი დასახლების ტიპი არსებობდა. ჩაძირულ ქალაქად ცნობილ დასახლებაში სამ-ოთხ სართულიანი, ტერასის სტილში გადაწყვეტილი შენობებია. მეორე დასახლება კი დოლიჩისტეს სახელს ატარებს და იქ იმდროინდელი საზღვაო ტრანსპორტის სახელოსნოებია განთავსებული. სწორედ აქ ვაწყდებით პორტს და სამ დიდი ეკლესიას. დღემდე აღმოჩენილია 150-200-მდე სამოსახლო და ქალაქის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ნიშნულები. ამ ტერიტორიაზე წყლისქვეშა სამუშაოებს არქეოლოგები დღემდე აგრძელებენ.

კეკოვას მოპირდაპირე მხარეს ასევე პატარა კუნძულზე განთავსებულია დღევანდელი ქალექოი, იგივე ციხის სოფელი, რომლის ყველაზე მაღალ წერტილში ციხეა წამომართული. უნდა აღვნიშნო, რომ ქალექოის ტერასებად შედგმულ სახლებს შორის პატარა სოფლის სკოლა მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ ეს სკოლა მთელი თურქეთის მასშტაბით ყველაზე ლამაზი ხედის მქონე სკოლად გამოცხადდა.

ქალექოიც ძველი სახელწოდებით სიმენა ლიკიური ქალაქი იყო. კეკოვასთან ერთად ქალექოიში ლიკიის მეფეების საფლავებია აღმოჩენილი. თუმცა მეფეების საფლავებით უფრო მეტად კეკოვას წყლისქვეშა ქალაქის ნაწილია განთქმული.

დღეს ქალექოიზე ადგილობრივები ჩვეულებრივ სოფლის ცხოვრებას მისდევენ. მოჰყავთ პომიდორი, ზეთისხილი, ციტრუსი, ჰყავთ თხები და ზაფხულობით მათთან მისულ აუარება სტუმარსაც ადგილობრივი თხის რძის ნაყინითა და ღიმილით უმასპინძლდებიან.


საკვანძო სიტყვები: #კუნძული , #კეკოვა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები