„კუთხე-კუნჭული“ 33/2020

ქალაქი ტრაპიზონი

1477130
„კუთხე-კუნჭული“ 33/2020

„კუთხე-კუნჭული“ 33/2020

ქალაქი ტრაპიზონი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

ბიზანტიის ერთ-ერთი ცენტრის ტრაპიზონის რელიგიურ-ეკონომიკურ-კულტურული როლი საქართველოს ისტორიაშიც მკვეთრად იკვეთება. დღესაც ეს ქალაქი თურქეთის შავიზღვისპირეთის რეგიონის მნიშვნელოვან ცენტრად მიიჩნევა და ქართულ-თურქულ ურთიერთიერთობებშიც მისი გავლენა ისევ ძლიერია. თუმცა საინტერესოა თვითონ ტრაპიზონის, როგორც მულტიეთნიკური ქალაქის თურქეთის კულტურულ-სოციალურ ატმოსფეროზე გავლენის ნიუანსები, განსაკუთრებით მაშინ როცა იმპერია ჩამოინგრა და მის ადგილზე რესპუბლიკა დაარსდა.

 

1850 წლიდან ტრაპიზონი მსოფლიო სავაჭრო გზის გასაყარზე საპორტო ქალაქის ფუნქციას ასრულებდა. ტრაპიზონელები სხვადასხვა კულტურის ხალხებს უმასპინძლდებოდნენ. აქედან გამომდინარე მსოფლიო პროდუქცია, იქნებოდა ეს საკვები თუ სხვა საყოფაცხოვრებო რამ, ტრაპიზონელებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდებოდა. დღევანდელი ტერმინი რომ გამოვიყენოთ ტრაპიზონი თავისუფალი ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი გახლდათ. ცხადია, ამ ყველაფერმა ქალაქის შერეულ ეთნოკულტურაზეც თავისი კვალი დატოვა და ეს განსკუთრებით მუსიკალურ ფოლკლორშიც გამოიკვეთა.

1900 წელს ქალაქს უკვე საკუთარი ფილარმონიული ორკესტრი ჰყავდა. 1912 წელს კი ქალაქის ცენტრში ოპერა გაიხსნა. 30-იან წლებში ის კინოს შენობად გადააკეთეს და 50-იან წლებში გზის გაფართოების მიზნით შენობა დაანგრიეს.

მანამდე კი 1879 წელს გირითლი ფაშა ტრაპიზონის მერად დანიშნეს. ფაშას მეუღლე ლეილა საზი კომპოზიტორი გახლდათ, რომელმაც ტრაპიზონელ ქალბატონებს თავი მოუყარა და ასე სახლებში ინსტრუმენტ უდის თანხლებით ტრადიციული თურქული ფასილის ნაწარმოებების შესრულება დაიწყეს. სახლებში მუსიკის საღამოების გამართვა და ამ საქმეში განსაკუთრებით ქალების ჩართულობამ მომავალ თაობებში ტრადიციის სახე მიიღო. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ფასილის საღამოებში მონაწილეობას იღებდნენ არამუსლიმი ქალბატონებიც, რომლებიც ტრაპიზონის მცხოვრებლები იყვნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტრაპიზონი განსაკუთრებული მიმღებლობით გამოირჩეოდა უცხო რელიგიის წარმოადგენლებისთვისაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმპერიის ბოლო წლებში ქალაქში რამდენიმე ენაზე პროფესიული სასწავლებლებიც არსებობდა, რაც ასევე ქალაქში მცხოვრები ე.წ. უმცირესობების ინტერესებსაც იცავდა და ითვალისწინებდა.

თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში სწორედ ტრაპიზონმა იქონია დიდი გავლენა. ამ პატარა მულტიეთნოსურ კუნძულზე რესპუბლიკის, დემოკრატიისა და კულტურული ცვლილებებისთვის კარი ყოველთვის ღია ჰქონდათ. რესპუბლიკის დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ ტრაპიზონში ათათურქის სტუმრობაც ამ ფაქტს შეგვიძლია მივაწეროთ. ცხადია, ქვეყნის ლიდერი ამ ქალაქის ცივილიზებულობაში ერთგვარ ქვეყნის მაგალითს ხედავდა. არსებობს გადმოცემა, რომ ტრაპიზონში პირველი სტუმრობისას მას იქ სტამბოლიდან ჩამოყვანილი მუსიკოსები დაახვედრეს, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია და დაუყოვნებლივ თავისთან ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსები მიიწვია.

მანამდე ფაშასა და მისი მეუღლის, შემდგომ ათათურქის მიერ დაფასებულმა ტრაპიზონელმა მუსიკოსებმა საფუძველი ჩაუყარეს ტრაპიზონის მუსიკალურ გაერთიანებებს, რომელთა ფუნქციონირება დღემდე გრძელდება. როგორც ფოლკლორული ისე კლასიკური მუსიკის სფეროში ტრაპიზონმა რესპუბლიკის კულტურულ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.

 


საკვანძო სიტყვები: #ტრაპიზონი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები