„კუთხე-კუნჭული“ 31/2020

„კუთხე-კუნჭული“ 31/2020

1464674
„კუთხე-კუნჭული“ 31/2020

„კუთხე-კუნჭული“ 31/2020

ბოდრუმი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როცა შუქის მოსვლა ნამდვილ დღესასწაულს უკავშირდებოდა და მასთან ერთად ერთი საათით ტელევიზორის ყურების შესაძლებლობა იქმნებოდა, ეკრანზე გაჟღერებული თითოეული „ფერადი“ ფრაზა მეხსიერებაში წარუშლელ ადგილს იკავებდა. უცხოური შამპუნის და შოკოლადების რეკლამების გვერდით იშვიათად მაგრამ მაინც ტურისტული კომპანიებიც თავს გვაცნობდნენ და ჩვენთვის მხოლოდ ზღაპრებში წაკითხულ ირეალურ სამყაროში დასვენებას გვთავაზობდნენ. მათთვის, ვისაც მაშინაც კი ფინანსები გააჩნდა, ეს დახატული სამყარო ჩვეულებრივი დასასვენებელი ადგილი იყო, რასაც კომფორტული სასტუმრო და ზღვაზე ხედით  აუზი შეადგენდა. თუმცა რეკლამა რისი რეკლამაა, ჩვეულებრივი რამ ათმაგად შეფუთული რომ არ მოგვაწოდოს. ჰოდა ასე დაგვაჯერეს, რომ სულ ახლოს, თურქეთში არსებობს ისეთი „კუნძული“, სადაც ოქროსფერი ქვიშაა, ამ ადგილს ბოდრუმი ერქვა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს ქვიშა არა ოქროს შემადგენლობის, არამედ ოქროსფერია და არა ქალაქ ბოდრუმში, არამედ ჯერ კიდევ დაუსახლებელ ახლო-მახლო უბე-ყურეებში იდებს ბინას. ქვიშაზე უფრო საინტერესო კი ამ ანტიკური ქალაქის  გასულ საუკუნეში ხელთავიდან აღმოჩენის ისტორიაა.

ისტორიკოს ჰეროდოტეს ცნობით ბოდრუმი ძვ.წ.აღ.-ით 2000 წელს ლელეგებმა დააარსეს. 1200 წელს კი თრაკიიდან ანატოლიამდე და  მესოპოტამიიდან ეგვიპტემდე ძალაუფლების მქონე დორებმა ლელეგლები დაამარცხეს და ძველი საბერძნეთის ნახევარკუნძულიც დაისაკუთრეს. 546 წელს ამ ტერიტორიაზე სპარსელებმა მოიკიდეს ფეხი და მთელი ანატოლია ხელში ჩაიგდეს. მათ დაპყრობილი ადგილები რეგიონალურ მმართველობას დაუქვემდებარეს და ე.წ. სათრაფები დააარსეს. ჰალიკარნასი იგივე ბოდრუმი სწორედ ასეთ სათრაფად იქცა. 334 წელს კი ჰალიკარნასი ალექსანდრე დიდმა „გადაიბარა“. შემდგომში ქალაქი ქრისტიანობის საეპისკოპოსო ცენტრიც კი გახდა. მე-11-ე საუკუნიდან კი თურქებმა დაიდეს ბინა. მე-15-ე საუკუნეში იქ ოსმალო მმართველობამ როდოსის რაინდები იგივე საავადმყოფოს სამხედრო პერსონალი დაასახლა, მათ იქ ბოდრუმის ცნობილი ციხე ააშენეს. სულთან აბდულჰამიდ II-ეს დროს ეს ციხე პოლიტიკური პატიმრების გადასახლების ადგილად იქცა. ჰალიკარნასის სახელის ბოდრუმად შეცვლა კი რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება.

ცენტრალური ქალაქებიდან ბოდრუმში პოლიტიკური პატიმრების გადასახლება თურქეთის რესპუბლიკის პერიოდშიც გაგრძელდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ცნობილი თურქი მწერალი ჯევათ შაქირ ქაბააღაჩლია, თავისი შერქმეული ფსევდონიმით ჰალიკარნას ბალიქჩისი, რაც ასე ითარგმნება ჰალიკარნასელი მეთევზე. თურქეთის მთავრობისადმი ოპოზიციური განწყობების გამო მწერალი 1925 წელს კულტურის ცენტრს სტამბოლს ჩამოაშორეს და ბოდრუმში გადაასახლეს. 3 წლიანი გადასახლების შემდეგ სტამბოლში დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა ჰალიკარნას ბოდრუმისა და მიმდებარე სანაპიროების, ხალხის, იქაური ბუნებისადმი იმდენად დიდი სითბო გაუღვივდა, რომ ბოდრუმში სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტა. სწორედ მისმა ამ ადგილას დამკვიდრებამ თითქმის პროვინციად ქცეული ეს ქალაქი გამოაცოცხლა და მისი ისტორიული მნიშვნელობა თავის რომანებში წარმოაჩინა. თუმცა მისი ნაწარმოებების მთავარი თემა მაინც „ლურჯი გზა“ იყო. ამ გზის წამომწყებიც თავად გახლდათ, ზღვის გზა კი ხმელთაშუა და ეგესოის ზღვის თითქმის ყველა სანაპიროს მონახულებას გულისხმობდა.

ჰალიკარნასმა უცხოეთიდან მიმოზის ხეებიც კი ჩამოატანინა და ბოდრუმის კლიმატიც მიმოზას ასე გაეცნო. ასევე მწერალი აქტიურად იყო ჩაბმული ამ ანტიკური ქალაქიდან უცხოეთში გატაცებული ძეგლების უკან დასაბრუნებელ საქმიანობაში. ჰალიკარნასი ინგლისის სამეფო კარსაც კი დაუკავშირდა მოთხოვნით, რომ ბოდრუმიდან წაღებული ძეგლები მშობლიური მიწისთვის დაებრუნებინათ, თუმცა სამეფო კარიდან მას წერილი მოუვიდა, რომ ზღვის ნაცვლად მუზეუმში ძეგლებს წყლის ხმას ასმენინებენ, ბოდრუმის ცის ნაცვლად კი ჭერს ცისფერი ტონები აქვს დამატებული. ამრიგად მისი თხოვნა უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ სწორედ ჰალიკარნასმა შესძინა ბოდრუმს ქალაქის სახე და დაუბრუნა მას ისტორიული ღირებულება.

დღეს ბოდრუმი თურქეთის მთავარი პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კურორტია. იქ დასასვენელად ჩასულებმა ნაკლებად თუ იციან მისი ანტიკური მნიშვნელობა, თუმცა მათ ვისაც სიძველისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ბოდრუმში ერთხელ მოხვედრაც კი ამ მოლოდინს გაუმართლებს.


საკვანძო სიტყვები: #ბოდრუმი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები