„კუთხე-კუნჭული“ 29/2020

წითელი ადამიანის დასასრული

1459709
„კუთხე-კუნჭული“ 29/2020

„კუთხე-კუნჭული“ 29/2020

წითელი ადამიანის დასასრული

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

 

წამოიდგინეთ გასული საუკუნის 90-იანი წლები. საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი ახალი გახსნილია. საბჭოთა კავშირიც ახალი დაშლილია. ყველაფრის თავიდან დაწყების ხანა. საზღვარზე კი გარდა ქართველებისა და თურქებისა, ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან „საშოვარზე“ გამოსული ადამიანები ირევიან. ართვინის, ტრაპიზონის, რიზეს მოსახლეობა დღემდე იხსენებს ე.წ. საბჭოთა ბაზრობებს, სადაც ნამგალისა და უროს გამოსახულებიანი ღილიდან დაწყებული მძიმეწონიან გასაბერ ჭაობისფერ ნავებამდე ყველაფერი გასაყიდად იყო გამოფენილი. ჰყიდნენ სახლის უნიკალურ ბიბლიოთეკებს, ჭურჭელს, ქურქებს, რომლითაც სულ რამდენიმე წლის წინ თავმოწონებით  თეატრში დადიოდნენ. იმ წლებში კი  ბაზრობებზე სანახაობად თითოეულის ცხოვრება ნივთების სახით იყო გამოფენილი.

თურქეთის შავიზღვისპირეთის ხალხს თავიდან უკვირდა ამდენი ქალი, კაცი რკინის ფარდის იქედან როგორ გამოძვრა და ადგილობრივების ადათ-წესებს ორგანულად შეერწყა. მათთვის ბარიერი არც ენა აღმოჩენილა, რადგანაც სავაჭრო ენა ფული გახდა. ფულზე კი ყველაფერი იყიდებოდა, საქორწინო ბეჭედიც და მეორე მსოფლიო ომში მოპოვებული ჩინ-მედლებიც, რომლებიც აღარავის სჭირდებოდა, გარდა კოლექციონერებისა, რომლებიც ასეთ ნივთებზე დადარაჯებულნი არიან ხოლმე.

თურქები, შავიზღვისპირელი თურქეთელი ქართველები მათ, ანუ საბჭოელებს არ იცნობდნენ, რადგანაც თავის დროზე ერთმანეთთან კარი ჩაუკეტეს და მიმოსვლა აუკრძალეს, ახლა კი კალაპოტ დაკარგული მდინარესავით ეს „უცხო“ ადამიანები დაუპატიჟებლად სწორედ ამ კარიდან შედიოდნენ. მაგრამ ყველაზე მეტად საზღვრის იქეთ მოსახლეობას ის უკვირდა, რომ მსახიობი, ექიმი, ინჟინერი, მუშა, მწერალი ყველას ერთნაირი ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული - ნივთების გაყიდვა და შვილებისთვის პურის ყიდვა.

ამ ადამიანებს ჰქონდათ ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა ინატროს - თავისუფლება. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ მიხვდა, რაში უნდა გამოეყენებინათ ეს თავისუფლება. „ჩვენთვის არ უსწავლებიათ თუ რა არის თავისუფლება. მხოლოდ თავისუფლებისათვის სიკვდილი გვასწავლეს“ ამბობს ბელორუსელი მწერალი ქალი სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელმაც 2015 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

ალექსიევიჩის წიგნი „მეორადი დრო“ (Second Hand Time; İkinci El Zamanı) ე.წ. წითელი ადამიანის დასასრულს აღწერს. შეიძლება ითქვას, მწერალმა ახალი ლიტერატურული დარგი, რომანის გემოს მქონე ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვა საბჭოთა კავშირისა და ახალი რუსეთის ადამიანებისაგან შეკრა. წიგნი თურქულად რუსულიდან (მთარგმ. საბრი გურსესი) 2013 წელს ითარგმნა და 2017 წელს მეორედ დაიბეჭდა. რაღაც გაურკვეველი ჯადოს მქონე ადამიანთა ეს ამბები, საბჭოთა და შემდეგდროინდელი ცხოვრების შესახებ ისეთ ცნობებს გვაწვდის, რომ 90-იანი წლების ბაზრობების ფუნქციის გააზრებას ვიწყებთ. ეს ადამიანები თავიანთი პირით აღწერენ მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის ველურობამდე მისული ადამიანის სახეს და საბჭოეთის დაშლის შემდეგ ფილოსოფიის ლექტორობიდან სიგარეტის ნამწვავების შემგროვებლის გამომეტყველებას.

თურქეთში ამ წიგნის მეორედ გამოცემა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მკითხველის ინტერესი საბჭოთა ადამიანების მიმართ დიდია. ამასთანავე ყველასათვის გასაგები ხდება რომ, ის უცხო საბჭოელი ადამიანები, ერთ დროს მშვიდობისმოყვარე, ყველა ერების პატივისმცემელი, ფულზე დაუხამებელი, თუმცა შემდეგ კუჭის ამოვსების მიზნით ძალიან შორ გზაზე საშოვარზე გამოსული ადამიანები იყვნენ.


საკვანძო სიტყვები: #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები