„კუთხე-კუნჭული“ 26/2020

გობექლი თეფე

1443746
„კუთხე-კუნჭული“ 26/2020

„კუთხე-კუნჭული“ 26/2020

გობექლი თეფე

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შანლიურფას რეგიონიდან 15 კმ.-ის დაშორებით სოფელ ორენჯიქში ცნობილი გობექლი თეფეს სალოცავი მდებარეობს, რომელიც 12 ათასწლოვან ისტორიას მოიცავს. გობექლი თეფემ, თარგმანით „მუცლიანმა ბორცვმა“ მას შემდეგ მიიქცია ყურადღება, რაც მის ტერიტორიაზე ასო “t“-ს გამოსახულების სვეტები ამოაჩინეს. ბორცვზე არქეოლოგიური გათხრები 1995 წელს შანლიურფას მუზეუმისა და გერმანელი არქეოლოგის  კლაუს შმიდტის ხელმძღვანელობით დაიწყო. გათხრები უკვე 20 წელია მიმდინარეობს და მიწის ზევით დღითი დღე თანამედროვე ადამიანის თვალისათვის განსაცვიფრებელი მასალა ამოდის. 19 წლის მუშაობის შემდეგ მიწის ექსვი ფენა გამოჩნდა, თუმცა ვარაუდობენ რომ ფენების რაოდენობა ოცს შეადგენს. გობექლი თეფე ნეოლითური ხანის ყველაზე ძველი ნიმუშია და ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ის ერთ-ერთი პირველი სალოცავის მაგალითია.

გათხრების შედეგად აღმოჩენილ მასალას შორის მჭრელი ქვის დანისებური ხელსაწყოები ჭარბობს. თუმცა საინტერესოა, ამ პატარა ხელსაწყოებით კლდეებიდან უზარმაზარი ქვები როგორ გამოჭრეს. სალოცავი „კერპების“ როლის შემსრულებელი, ვერტიკალურად აღმართული ქვების სიმაღლე ხუთი, ხუთნახევარი მეტრია, სიმძიმე კი 10-15 ტონას აღემატება. ისევ ვარაუდის მიხედვით, გობექლი თეფეს ეს სალოცავი ეგვიპტის პირამიდებთან შედარებით 7500 წლით ადრეა აშენებული. ასო “t”-ს ფორმის სვეტებზე ლომის, ღორის, ხარის, მელას, გველის, მორიელის, წეროს და გარეული იხვის ორნამენტებია გამოსახული. ამ სალოცავის აგების პერიოდში ადამიანების ძირითად საქმიანობას, როგორც ჩანს, მეცხოველეობა და მონადირეობა შეადგენდა, ამიტომაც ჭარბობს ქვებზე ცხოველების ფიგურები.

ნიმუშებს შორის მტაცებელი ცხოველების ქანდაკებებიც არის აღმოჩენილი. ისევე როგორც ანტიკურ ხანაში, გობექლი თეფეზეც, ქერბეროსი იგივე სამთავიანი ძაღლის ფიგურა დომინირებს. ის,  მიწისქვეშა სამყაროს მცველად მიიჩნეოდა.

დღემდე ეგვიპტის პირამიდების სიდიადე გვაკვირვებს, როგორ შეძლეს იმდროინდელმა ადამიანებმა პირველყოფილი ტექნიკის გამოყენებით ამ ყველაფრის შექმნა. თუმცა გობექლი თეფეს ნახვის შემდეგაც იგივე ემოცია იპყრობს ადამიანის გონებას. მაშინაც კი როცა დანის დღევანდელი ფორმაც არ იყო მოგონებული, მათ სალოცავის უზარმაზარი, არქიტექტურულად სრულყოფილებამდე ახლოს მყოფი ნაგებობა დაგვიტოვეს.

კაცობრიობის ისტორიაში ბნელ პერიოდად აღიარებული პირველყოფილი ხანა, გობექლი თეფეს მაგალითის შემდეგ ჩვენს წარმოდგენას ცვლის. ის თანამედროვე ხელოვნებასთან, არქიტექტურასთან ახლოს დგას. UNESCO-მ ეს უძველესი სალოცავი 2018 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ანკარაში, Cermodern-მა საგამოფენო დარბაზში მათ, ვისაც გობექლი თეფეს ადგილზე ნახვის შესაძლებლობა არ აქვს, ციფრული ვერსია შესთავაზა. 3D-ს მეშვეობით დამთვალიერებელს შეუძლია გობექლი თეფეს სალოცავის ადგილზე აღმოჩნდეს, ღამით ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ქვეშ პირველყოფილი ადამიანების ნადირობის ხმების ფონზე უზარმაზარ კერპად ქცეულ ქვებს შორის იაროს.

თუმცა ვფიქრობ, გობექლი თეფეს ადგილზე ნახვა, არა მარტო პირველყოფილ ადამიანებთან ახლოს მყოფობის ემოციას დაბადებს ჩვენში, არამედ ახლომდებარე სოფლების თანამედროვე ცხოვრების ფონზე იმასაც გვაგრძნობინებს, რომ ის ძველი ადამიანები არსად არ წასულან, ისევ აგრძელებენ ცხოვრებას, ოღონდ ქვაში გარდასახულნი.


საკვანძო სიტყვები: #გობექლი თეფე , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები