„კუთხე-კუნჭული“ 21/2020

ფოლკლორი შეხვდა მოდერნს...

1421163
„კუთხე-კუნჭული“ 21/2020

„კუთხე-კუნჭული“ 21/2020

ფოლკლორი შეხვდა მოდერნს...

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

 

1969 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „მილიეთ“ში, ჯერ კიდევ სტაჟიორმა კორესპონდენტმა არდა უსქანმა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „ფიქრეთ ქიზილოქი აშიქ ვეისელს ეთაყვანება“. იმ დროისათვის ფიქრეთ ქიზილოქი მუსიკის სფეროში უცნობი სახელი და გვარი იყო, აშიქ ვეისელი კი ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, რომ ანატოლიაში სიმღერის „ღმერთები“ ისევ ცხოვრობენ. სწორედ ამ ჟურნალისტმა ქიზილოქს ხელი ჩასჭიდა და სივასში, უკვე საქვეყნოდ ცნობილ აშიქ ვეისელის სოფელ სივრიალანში ჩაიყვანა. ყველაზე ცნობილ ოზანთან შეხვედრით შთაგონებულმა ახალგაზრდა ქიზილოქმა, სტამბოლში დაბრუნებისას თავისი პირველი ფირფიტა გამოუშვა და მის ყდაზე საკუთარი თავი ასე წარადგინა: „აბურძგნილი თმებით, ხელში გიტარით, მეოცნებე სოფლელ ბავშვებთან ერთად გრძელ გზებს, თვალუწვდენელ მინდვრებს და თეთრი ღრუბლების მთებს გადავივლი...“

 

ფიქრეთ ქიზილოქი, 1946 წელს სტამბოლში დაიბადა. არჩეულ პროფესიას, სტომატოლოგიას თავი დაანება და მომღერლის კარიერა აირჩია. როგორც მოგვიანებით თავად წერს, ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ პოპულარული გახდებოდა და მის სიმღერებს ხალხი მოისმენდა. თუმცა მუსიკის სფეროში ცნობადობის მოხვეჭის გარდა, მას ანატოლიური როკის ნოვატორის იარლიყიც მოარგეს. მართლაც, ფიქრეთ ქიზილოქი პირველი თურქი მუსიკოსი იყო, რომელმაც გიტარასთან ერთად ტრადიციული თურქული ინსტრუმენტი საზი და კუბური კონგა იგივე თუმბა გამოიყენა.

მისივე თქმით, ამ ინსტრუმენტების სინთეზმა ახალი რიტმი შექმნა. მან, მელოდიებში დასავლური მუსიკის ორკესტრული ელფერის წარმოსაჩენად სამი განსხვავებული რაოდენობის სიმებიანი საზი ააჟღერა. ქიზილოქის თქმით, ანატოლიურ-დასავლური სინთეზი თავისივე ფესვებთან ახლოს მყოფობას აგრძნობინებდა. პირველმა ფირფიტამ, სახელწოდებით „თქვი ჩემო საზო“, მასშტაბური პოპულარობა მოიპოვა და მუსიკის სფეროში, საქვეყნოდ ცნობილი ბარიშ მანჩოც კი უკან ჩამოიტოვა. შეიძლება ითქვას, ფიქრეთ ქიზილოქმა 70-იან წლებში დასავლური მუსიკით აღფრთოვანებულ თურქ ახალგაზრდა მუსიკოსებს, ფოლკლორული ნიმუშებისადმი მიბრუნებისა და მოდერნისა და ფოლკლორის სინთეზში უბადლო ნაწარმოებების შექმნისაკენ უბიძგა.

55 წლიანი მოკლე ცხოვრების და უფრო მეტად მოკლე მუსიკალურ კარიერაში, ფიქრეთ ქიზილოქის თითქმის ყველა ალბომი, გარდა ჟანრული ნოვატორობისა, თურქეთში განვითარებული სოციალური თემებისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულებითა და პათოსითაა სავსე. ქიზილოქის ტკბილი ხმის ტემბრით შესრულებული სიმღერები შეყვარებულ ადამიანსაც „ვალს უბრუნებს“ და სოციალური პრობლემებით დაღლილ რიგით მოქალაქესაც „ტკივილს უყუჩებს“.

გადაცემის დასაწყისში ფიქრეთ ქიზილოქისა და აშიქ ვეისელის შეხვედრის შესახებ პატარა ამბავიც გავიხსენეთ. სწორედაც რომ ქიზილოქის შემოქმედების ანატოლიურ ფესვებს აშიქ ვეისელის იგივე ვეისელ შათიროღლუს მუსიკა განსაზღვრავს. ავადმყოფობის გამო ბავშვობიდან დაბრმავებულმა აშიქ ვეისელმა საზზე დაკვრა საზის ოსტატებისაგან შეისწავლა. მისი სახელი პირველად 1931 წელს „სოფლის ინსტიტუტის“ ღონისძიებაზე გაისმა, სადაც ის ცნობილი პოეტის აჰმეთ ქუთსი თეჯერის მიწვევით მივიდა. 50-იან წლებში კი თურქეთის პარლამენტმა მას ენისა და კულტურისათვის გაწეული ღვაწლისათვის საპატიო ჯილდოც კი გადასცა. აშიქ ვეისელის ბუნებისადმი, ადამიანისადმი თითქმის სუფისტურ ფილოსოფიური მიდგომა არაერთი თურქი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა.

სწორედ მისმა ანატოლიისადმი სიყვარულმა, საზის მეშვეობით ამ მიწაზე მცხოვრებთა თუ წასულთა მიმართ გამოხატულმა სითბომ, ფიქრეთ ქიზილოქს ახალი მიმდინარეობის, ანატოლიური როკის შესაქმნელად ნაპერწკალი გაუღვივა. დღეს არცერთი მათგანი არაა ცოცხალი, მაგრამ ორივეს შემოქმედებას, ანატოლიიდან დანარჩენ მსოფლიომდე ფოლკლორისა და თანამედროვეობის შერწყმით დაინტერესებული ადამიანი ადევნებს თვალყურს.

 



მსგავსი ინფორმაციები