„კუთხე-კუნჭული“ 19/2020
და დავრჩით სახლში...

„კუთხე-კუნჭული“ 19/2020
და დავრჩით სახლში...
ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი
დავრჩით სახლში და დავიწყეთ შეგუება ჩვენივე სახლთან. იმ სახლთან, რომელსაც არც თუ ისე კარგად ვიცნობდით. სახლთან, სადაც ჩვენივე მოგონებები ინახება და კარგად თუ გავჩხრეკთ, შეუმჩნეველ კუთხეებში ისეთ ფოტოებს და წერილებს აღმოვაჩენთ, რომელიც ოდესღაც ჩვენი ნაწილი იყო, მერე კი თვალიდან დაგვეკარგა და მიგვავიწყდა კიდეც. აი დღეს, მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ აწმყო ჩვენივე წარსულით შევივსოთ, მთავარია ვეცადოთ ვკონცენტრირდეთ წარსული მოგონებების მხოლოდ დადებით ნაწილზე და ამით დღევანდელ ყოფას სილაღე და სიხალისე შევმატოთ.
დღეს სოციალური მედია ათჯერ უფრო გააქტიურდა. ადამიანები, თავიანთი „კარჩაკეტილი“ დღეების შესახებ საჯაროდ ჰყვებიან, ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებას უზიარებენ და ასე აფერადებენ თითქმის ერთნაირ დღეებს. ბევრი ჩვენგანი სახლში დარჩენის ფონზე, ხელსაქმეს შეეჭიდა და არც თუ ისე წარუმატებლად. ქსოვა, ქარგვა, ყვავილების დარგვა-გადარგვა, სიმღერა, ხატვა, იოგა, ტანვარჯიში და კიდევ უამრავი გასართობი გამოძებნა ადამიანმა. დრომ სხვანაირად დაიწყო ათვლა, ალბათ, იმიტომ რომ ადამიანთა დიდ ნაწილს აღარსად ეჩქარება. თუმცა საზოგადოებაში დარჩნენ ისეთებიც, ვინც იმის გამო რომ სახლში დარჩენილების ცხოვრება უზრუნველყოს, მუშაობს, სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული დასუფთავების სამსახურით დამთავრებული, რისკავს თავის ცხოვრებას, რომ უფრო მეტმა უსაფრთხოდ იცხოვროს. ჩვენ კი მხოლოდ ერთს გვთხოვენ, დავრჩეთ სახლში. ალბათ, ეს ყველაზე უკეთესი თხოვნა თუ მოთხოვნაა, რაც დღემდე გვსმენია. და დავრჩით სახლში... და შევუდექით ბევრი ისეთი საქმის კეთებას, რასაც მანამდე ან თავს ვერ ვაბამდით ან კიდევ ყოველთვის გადავაადებდით ხოლმე.
და ჩვენ ადამიანები მივუბრუნდით ჩვენს საწყისს, ყველაზე არქაულს და ძვირფასს. სახლში პურის ცხობის სიამოვნებას ვეზიარეთ. ერთი შეხედვით ამაში არც არაფერია გასაკვირი, მითუმეტეს ქალაქების გარდა თითქმის ყველგან პურს სახლში აცხობენ, თანაც არც ასეთ პერიოდში შექმნილა მაღაზიებში მზა პურის დეფიციტი. მაგრამ, დიდ ქალაქებში მცხოვრებლებმა თავიდან შევიგრძენით ჩვენივე ხელებით გამომცხვარი პურის სურნელება და გემო. და ასოციაციურად გაგვახსენდა ბავშვობა...
თურქულ სოციალურ მედიაში ბევრი ადამიანი სახლში პურის ცხობის ოსტატობას გვიზიარებს. ვიცით, რომ კულტურამ ადამიანის ცნობიერებაში უმი საკვების მოხარშულით ჩანაცვლება შეიტანა. ერთი შეხედვით ამ უმნიშვნელო ცვლილებამ ადამიანს თვითკმარობის შეგნება აუმაღლა. თუკი მანამდე მხოლოდ ნადირობას მიიჩნევდა საკუთარი ყოფიერების დასამტკიცებლად, თანდათან ცეცხლის დახმარებით ნანადირევის კერძად ქცევის პროცესში ეს საქმიანობა ოსტატობად აქცია. მერე ხორბლის თვისებებსაც გაეცნო და „ღმერთების საკვების“ პურის გამოცხობა ისწავლა. ადამიანი და პური იმდენად ძველი „მითია“, რომ თითქოს პურს კაცობრიობის სუნიც კი ასდის.
დღეს, პურს პირველყოფილი ადამიანივით შუაცეცხლზე გახურებულ თუჯის მრგვალ სინზე აღარ ვაცხობთ, ამისათვის ელექტრო ღუმელს ვიყენებთ, თუმცა ცომის ზელისას მის გამოსაცხობად მზაობის შეგრძნება მხოლოდ ჩვენს თითებს შეუძლიათ, რომელსაც ალბათ, გენეტიკურად პირველ ცომთან შეხება ახსოვს.
პურის ცხობა ისევ და ისევ რიგითი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ამ ჩაკეტილობის ჟამს ჩვენივე ბუნებრივი ნაწილი აღმოვაჩინეთ. მივხვდით, რომ ის რაც, ბუნებისგან დაშორების გამო დავკარგეთ ნელ-ნელა ვიბრუნებთ. ბუნების შემორიგებასაც ასე შევძლებთ და მას ისეთ ზიანს აღარ მივაყენებთ, რასაც აქამდე „დაუშვრელად“ ვუკეთებდით.