„კუთხე-კუნჭული“ 52/2019

„კუთხე-კუნჭული“ 52/2019

1330822
„კუთხე-კუნჭული“ 52/2019

„კუთხე-კუნჭული“ 52/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

ყველასათვის ცნობილი მსოფლიოს შვიდი საოცრების ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა თურქეთში მდებარეობს და ის არტემიდის ტაძრის სახელითაა ცნობილი, ხოლო ქალაქი რომელიც ამ სამლოცველოს უწევს მფარველობას - ეფესოს ანტიკური ქალაქია.

 

ჯერ კიდევ ძლიერების ხანაში, ქალაქი ეფესო რელიგიების, ვაჭრობისა და კულტურების შემაერთებელი მთავარი ქალაქი იყო. ეფესუს ან ეფესო, ანატოლიის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ეგეოსის სანაპიროზე გაშენებული ბერძნული ქალაქი გახლდათ. დღეს ეს ტერიტორია ამ ისტორიული მემკვიდრეობით იზმირის, სელჩუქის რეგიონს მიეკუთვნება. იმის გამო, რომ ეფესო საპორტო ქალაქი იყო, მას როგორც განვითარებულ „პოლისს“ ეგეოსისა და შიდა ანატოლიის თითქმის ყველა საპორტო ქალაქთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა.

ეფესოს განსაკუთრებულობა, თავდაპირველად, იმით იყო განპირობებული, რომ ანატოლიის ქალღმერთის ქიბელეს ვერსიფიკაციის არტემიდეს კულტის სამლოცველო სწორედ აქ მდებარეობდა. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ეფესო ამაძონებმა იგივე მებრძოლმა ქალებმა დააარსეს და სახელიც თავიანთი მთავარი ქალღმერთის პატივსაცემად შეურჩიეს - აფასა, რამაც ცვლილება განიცადა და ეფესოდ იქცა.

ბერძნების შემდგომ ეფესო რომაელების ხელში გადავიდა. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ქალაქი არქიტექტურით დამშვენდა, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ერთი მიზეზი, რაც რომაელების ეფესოს ბერძნული კულტურის გავლენისაგან განასახვავებდა. რომაელებმა ქალაქში მეტი უსაფრთხოება და მოსახლეობის ზრდის კოეფიციენტი აწიეს.

სწორედ ეფესოში იყო ერთ-ერთი პირველი ფილოსოფიის სკოლა, ეს ქალაქის კულტურული დონის ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე ყოფნას გამოხატავდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ წმინდა პავლე მოციქულმა ეფესოში მისიონერული წლები გაატარა. ასევე გადმოცემის თანახმად, წმინდა იოანე მოციქული უკვე მოხუცებულ ღვთისმშობელ მარიამთან ერთად სწორედ ეფესოში დასახლდა, სადაც მარიამი გარდაიცვალა და დღეს მისი საფლავის მოსალოცად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

ეფესო ოსმალების ხელში მე-14-ე საუკუნეში გადავიდა და თითქმის მე-20-ე საუკუნემდე მათ დაქვემდებარებაში იყო. რესპუბლიკის დაარსების შემდგომ ეფესო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იზმირის რეგიონს მიაკუთვნეს. ქალაქ ეფესოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მენდერესმა ქვიშით ანტიკური ქალაქის დაბლობის დიდი ნაწილი დაფარა და დღეს ეს საპორტო ქალაქი საკმაო მანძილით დაცილდა ზღვას.

ეფესოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას ღია ცის ქვეშ ამფი თეატრი შეადგენს. თეატრში ერთდროულად 24 ათას ადამიანს შეეძლო სანახაობისთვის ეყურებინა. საინტერესოა ისიც, რომ წმინდა პავლე სწორედ ამ სცენიდან ჰყვებოდა თურმე თავის ცნობილ ქადაგებებს.

დღესაც, ქალაქ ეფესოში, რომელიც შორიდან ერთ დიდ ქვის გროვას წააგავს, ქალაქის გალავნის გადალახვის შემდეგ მნახველის წინაშე ნატიფად შესრულებული კოლონები, უზადო ქვებისგან შემდგარი ქვაფენილი, გზის ორივე მხარეს გამავალი წყლის დაბალყელიანი არხები, თითქმის დამქანცველი გრძელი გზის დასასრულისაკენ კი პომპეზური არტემიდას სამლოცველო და ბიბლიოთეკა, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ არა წარსულში მოგზაურობას, არამედ ცივილიზაციის სრული გამოვლენით მოგვრილ სიამოვნებას ზეიმობს დამთვალიერებელი.

ალბათ, შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ ეფესოს ნახვის შემდგომ ძველი ბერძენი პოეტი სიდონ ანტიპატერიც აღფრთოვანებულა და არტემიდას სამლოცველოს შესახებ ასე დაუწერია: „ოლიმპოს შემდეგ, მზეს სხვა ასეთი დიდებულებისთვის არ შეუხედავს“.



მსგავსი ინფორმაციები