თურქული სამზარეულო 50/2019
"ზერდე"
"ზერდე"
დღეს ვისაუბრებთ დესერტზე, რომელიც მიეკუთვნება ოსმალეთის სასახლის სამზარეულოს და დღესაც მზადდება, თუმცა იშვიათად. ამ დესერტის სახელი, რომელიც მზადდება ბრინჯით, ზაფრანით და კურკუმით არის "ზერდე" და იგი კურკუმის თურქული სახელწოდება „ზერდეჩალიდან“ მოდის. ოსმალეთის დროს თავდაპირველად „ზერდე“ სამგლოვიარო ტკბილეულად იყო ცნობილი, მოგვიანებით მისი მომზადება დაიწყეს წინადაცვეთების, ქორწილების და გამარჯვების დღესასწაულების დროს და ასე გახდა იგი სადღესასწაულო დესერტი. მიზეზი, რის გამოც ზერდე იმ დროს ძალიან პოპულარული გახდა, იყო ზაფრანის მშვენიერი ყვითელი ფერი, რომელიც მზეს და ოქროს ჰგავდა. ზაფრანის მაღალი ღირებულების გამო ზერდე დღესდღეობით ძვირადღირებული დესერტია და მისი მომზადება მხოლოდ კურკუმის გამოყენებითაც შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ მაინც გირჩევთ, რომ დაიცვათ ორიგინალური რეცეპტი. რადგანაც მისი გემო არაჩვეულებრივია.
ზერდეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
1 ჭიქა ბრინჯი
2 ლიტრი წყალი
½ კგ შაქარი ან 1,5 წყლის ჭიქა თაფლი
2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
½ ჭიქა ვარდის წყალი
1 გრამი ზაფრანა
½ ჩაის კოვზი კურკუმა
მოსართავად
30 გრამი შავი მოცხარის ჩირი
30 გრამის ფიჭვის თხილი
ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად წინა ღამით ზაფრანა ვარდის წყალში თავდახურულ ჭურჭელში დატოვეთ. შავი მოცხარის ჩირი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და წყალში დაალბეთ. ამავდროულად ბრინჯი გაარჩიეთ, გარეცხეთ და 2 ლიტრ წყალში დარბილებამდე ხარშეთ. სახამებელი ნახევრ ჭიქა წყალში გახსენით და ბრინჯის ქვაბში დაამატეთ. შაქარი ან თაფლი, ზაფრანიანი ვარდის წყალი და კურკუმაც ჩაამატეთ. თან ურიეთ და თან ერთ-ორჯერ წამოადუღეთ. შემდეგ გაზქურას დაუწიეთ და იმისათვის რომ ზერდე შესქელდეს, ხარშვა გააგრძელეთ. მომზადებული ზერდე გაზქურიდან გადმოიღეთ და ექვს თასში თანაბრად გაანაწილეთ. რომ გაცივდება ზემოდან შავი მოცხარის ჩირი და ფიჭვის თხილი მოაყარეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ. შეგერგოთ!
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა