თურქული სამზარეულო 27/2019

ყაბაყის ყვავილის ტოლმა

1229679
თურქული სამზარეულო 27/2019

თურქული სამზარეულო 27/2019

ყაბაყის ყვავილის ტოლმა

მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია ბოსტნეულის ან მცენარეების ფოთლების ამოვსებით კერძების მომზადება. ამისათვის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მსგავსად სიმინდის და ბანანის ფოთლებს, ზოგი შორეული აღმოსავლეთის მსგავსად პალმის ან ბამბუკის ფოთლებს იყენებს. თურქეთში კი ამ ფორმით თითქმის ყველა ბოსტნეულს იყენებენ. მათგან კი ყველაზე საინტერესოა ყაბაყის ყვავილი. ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ყაბაყის ყვავილს ძირითადად ყველით ავსებენ და წვავენ.  თურქეთში კი სანელებლებით შეზავებულ ბრინჯს იყენებენ და კერძს ქვაბში ხარშავენ. ახლა კი შემოგთავაზებთ ყაბაყის ყვავილის ტოლმის რეცეპტს, რომელსაც უმთავრესად ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ამზადებენ.

ყაბაყის ყვავილის ტოლმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

30 ცალი ყაბაყის ყვავილი

2 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი

½ წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი

1 ცალი გახეხილი პომიდორი

1,5 წყლის ჭიქა ბრინჯი

½ წყლის ჭიქა ცხელი წყალი

¼ კონა წვრილად დაჭრილი კამა

1 ტკბილის კოვზი ხმელი პიტნა

1/3 ტკბილის კოვზი მარილი

¼ ტკბილის კოვზი დაუფქვავი შავი პილპილი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად ყაბაყის ყვავილებს მწვანე ნაწილები სათითაოდ მოაცალეთ. ყვავილების შიგნით არსებული ყვითელი ნაწილებიც ამოაცალეთ ისე რომ ფოთლები არ დააზიანოთ. ზეითუნის ზეთის ნახევარი ფართო ქვაბში ჩაასხით და გააცხელეთ. ხახვი დარბილებამდე მოთუშეთ. ბრინჯი მოხარშეთ, გადაწურეთ, ქვაბში ჩაამატეთ და კარგად მოთუშეთ. ჩაამატეთ გახეხილი პომიდორი, შავი პილპილი, მარილი და ხმელი პიტნა. ხახვიან ბრინჯს ½ ცხელი წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე მანამდე ხარშეთ სანამ წყალს არ შეიშრობს. გაზქურა გამორთეთ და დაელოდეთ ბრინჯის გაციებას. გაციებულ ბრინჯში წვრილად დაჭრილი კამა დაამატეთ და კარგად აურიეთ. მომზადებული მასით ყაბაყის ყვავილები ამოავსეთ. ყვავილების ზედა ნაწილები შიგნით ჩაკეცეთ და ქვაბში ისე ჩააწყვეთ, რომ ზედა ნაწილები ქვემოთ მოექცეს. დარჩენილი ზეითუნის ზეთი ზემოდან მოასხით და იმდენი ცხელი წყალი დაასხით რომ ტოლმა ნახევრამდე დაფაროს. იმისათვის, რომ ყვავილები არ გაიშალოს, ტოლმას ზემოდან სიმძიმე დაადეთ და ისე მოხარშეთ. ქვაბს თავსახური დააფარეთ და 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. სურვილისებრ სუფრასთან ლიმონის ნაჭრებთან ერთად თბილი ან ცივი მიიტანეთ. შეგერგოთ.

 



მსგავსი ინფორმაციები