ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ამცირებს

ამისათვის უკვე მზადაა “REPowerEU“ გეგმა

1792546
ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ამცირებს

მას შემდეგ, რაც ბაიდენმა აკრძალა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი, ევროკომისიამ გამოაცხადა თავის მიერ მომზადებული გეგმა სახელწოდებით “REPowerEU,“ რომელიც მოიცავს გაზის ახალი მიმწოდებლების მოძიებას, ალტერნატიულ საწვავზე გადასვლას, განახლებადი ინვესტიციების დაჩქარებას და ბუნებრივი აირის საწყობების ზამთრამდე შევსებას, რათა გაზარდოს ენერგომომარაგების უსაფრთხოება და შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ამავე გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები გაზრდიან როგორც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მომარაგებას, ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ მიმწოდებლებისგან ბუნებრივი აირის შესყიდვებს მილსადენებითაც. გარდა ამისა, ინვესტიციები განხორციელდება ისეთ ალტერნატიულ საწვავებში, როგორებიცაა წყალბადი და ბიომეთანი. ასე რომ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 1 ოქტომბრისთვის ბუნებრივი აირის საწყობების მინიმუმ 90 პროცენტით შევსება მოუწევთ. ამასთან დაკავშირებით ევროკომისია შესაბამის სამართლებრივ კანონმდებლობასაც მოამზადებს. რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ევროკავშირის ქვეყნებმა თავის მოქალაქეებს მოსთხოვეს,1 გრადუსით შეამცირონ ტემპერატურა საკუთარ სახლებში, რითაც ევროპაში მარტო წელს 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს დაზოგავენ. ამავე გეგმის ფარგლებში, ამიერიდან პრიორიტეტი მიენიჭება შენობების იზოლაციას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ენერგოეფექტურობას და ამასთან დაჩქარდება და გაიოლდება განახლებადი ენერგიის პროექტების სანებართვო პროცესები, დიდი ოდენობით გაიზრდება ინვესტიციები ასევე ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობებში. გასულ წელს ევროკავშირმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 40 პროცენტი რუსეთიდან შეისყიდა და შეძენილი გაზის საერთო  მოცულობამ 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #გაზი , #ნავთობი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები