„კუთხე-კუნჭული“ 33/2019

„კუთხე-კუნჭული“ 33/2019

1307400
„კუთხე-კუნჭული“ 33/2019

„კუთხე-კუნჭული“ 33/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

 

ყოველდღიურად მზარდმა დემოგრაფიულმა მდგომარეობამ, ურბანიზაციამ, თავისუფალ მიწებზე ფართოდ გაშლილმა მშენებლობებმა შეზღუდა და საზღვრები დაუვიწროვა სასოფლო მეურნეობას. გარდა ამისა, არასახარბიელო ეკოლოგიურმა პირობებმა მეურნეობას, რაც საკვებ პროდუქტს მოიაზრებს, არ მისცა საშუალება ისე განვითარებულიყო, რომ ადამიანების სრული კვებითი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. ამან ლოგიკურად დაბადა მცირე ფართობზე დიდი მოსავლის მოყვანის იდეა. მარტივად რომ ვთქვათ, სასათბურე სისტემამ უზრუნველყო სეზონური პროდუქტის მთელი წლის მანძილზე მოსავლიანობა და მასშტაბური მოცულობის პროდუქცია შემოსაზღვრულ ვიწრო ნაკვეთში მოაქცია.

 

თურქეთში, ანკარიდან ხმელთაშუაზღვის ულამაზეს სანაპიროებამდე გასავლელ გზაზე, ანტალიის სიახლოვეს მაღალი უღელტეხილიდან გადახედვისას მოსჩანს თეთრი საფარით „შეფუთული“ რეგიონი. ამ პეიზაჟის პირველად მნახველი თეთრ საფარს შორიდან აღიქვამს, როგორც ერთ დიდ თეთრ პოლიეთილენის პარკს, რომელიც თითქოსდა უსასრულოდ გაშლილ მინდვრებზეა გადაფარებული. მერე თვალი ნელ-ნელა არჩევს, რომ ეს თეთრი მირაჟი ერთმანეთის გვერდით სიმეტრიული სიზუსტით განლაგებული სათბურებია. მაშინვე ჩნდება ადამინის შრომისადმი პატივის მიგების განცდა. სათბური ადამიანისაგან მოითხოვს ორმაგ შრომას, ვიდრე ის გაშლილ გადაუხურავ სივრცეზე დახარჯავდა.

ეს ერთი შეხედვით მხატვრულად აღქმული სათბურები უკვე ათეული წლებია მთელს თურქეთსა და რამდენიმე უცხო ქვეყანას ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებს.

სათბურის თემა უცხო არაა იტალიელებისათვისაც, რადგანაც ჯერ კიდევ რომაელები პირველები იყენებდნენ პროდუქტის მოყვანის ამ მეთოდს. ისინი სამხრეთის მხარეს მოქცეულ ტერასებად დაყოფილ მიწის ნაკვეთებს გამჭვირვალე მინით ფარავდნენ და ამით ხილსა და ბოსტნეულს „ლაბორატორიულ“ გარემოს უქმნიდნენ.

სათბურმა, როგორც ინდუსტრიულმა წარმოებამ ამერიკასა და ევროპაში პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მჭიდროდ მოიკიდა ფეხი. დღეს ეს ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია, თუმცა ქვეყნების კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სათბურები ერთმანეთისგან გარე და შიდა დიზაინით, განათებისა და გათბობის სისტემით განსხვავდება.

თურქეთში ანტალიისა და მერსინის მიდამოებში სათბურების განვითარება პირველ რიგში მზის სიუხვემ გამოიწვია, რაც, თავისთავად, გათბობისა და განათების ნაკლებ ხელოვნურ ხარჯებს გულისხმობს. ასევე ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს მდებარე საკმაოდ ფართო ეს ვაკე ადგილი აქ სათბურების განვითარებისათვის იდეალური გარემო აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ მსოფლიო ბაზარზე თურქული ხილისა და ბოსტნეულის პროდუქცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იჭერს.


საკვანძო სიტყვები: #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები