თურქული პრესა 03.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 03.09.2018

 

                                         

                       

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, კატარის სახელმწიფოს მხრიდან 15 მილიარდი დოლარის თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ახლა, ამ ქვეყნის კერძო სექტორმაც ყურადღება თურქეთზე გადაიტანა და მისმა ხუთმა უდიდესმა კომპანიამ, რომლებსაც წარმოადგენენ Qatar Holding-ი, Essa, Nora Raşit Al Doosori, Al Sumeiti და Raşit El Kubeysi,  პირველ ეტაპზე თურქეთში 300 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებენ. კატარელი ინვესტორების ამბობენ, რომ თურქეთში თუ ერთ ცენტრალურ ოფისს გახსნიან, მაშინ, უახლოეს ხანებში კატარელი კერძო ინვესტორები, თურქეთის ეკონომიკაში სულ ცოტა 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ

Yeni Şafak-ი სტამბოლის საფონდო ბირჟის “Borsa İstanbul“-ის ფარგლებში მოქმედი საავტომობილო სექტორის წარმატებებს აშუქებს და წერს, რომ ხსენებული სექტორის ყველაზე მოწინავე 8 კომპანიამ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაზარდა სუფთა მოგება, რომელმაც 1,8 მილიარდ ლირას მიაღწია. ასე რომ, წლის მეორე კვარტალში, საავტომობილო კომპანიების საერთო აქტივებმა 42 მილიარდ ლირას, ხოლო სააქციო კაპიტალმა კი 10 მილიარდ ლირას გადააჭარბა, ხაზს უსვამს იენი შაფაკი

“თურქული წარმოების ვერტმფრენის ძრავის ტესტიც წარმატებით დასრულდა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პირველი ეროვნული, T-625 სახელწოდების ვერტმფრენის ძრავის ტესტირება წარმატებით დასრულდა და ამიტომ იგი პირველ გაფრენას 6 სექტემბერს განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ ვერტმფრენის პროექტიც და წარმოებაც მთლიანად ადგილობრივი, ე.ი. სამამულე წარმოების მასალებით მოხდა,  მას შეუძლია ფრენა ყველანაირ პირობებში, რთული კლიმატისა და გეოგრაფიის, მაღალი სიმაღლის, მაღალი სიცხის ან ყინვის, ღრუბლის ან ნისლის, დღის ან ღამის განმავლობაში. გარდა ამისა, T-625 ვერტმფრენი მრავალ პროფილიანია, იგი გამოიყენება ტვირთების გადაზიდვაში, საძიებო და სამაშველო სამუშაოებში, საზღვაო და სანაპირო ტრანსპორტირებების, საჰაერო სასწრაფო დახმარების  და სხვა მრავალ სფეროში.

Sabah-ის მიხედვით  კი მსოფლიოს შვიდი ყველაზე საუკეთესო სალაშქრო ბილიკიდან ერთი თურქეთშია. იგი მუღლას ოლქის ფეთჰიეს რაიონში იწყება და ანტალიაში მთავრდება. 540 კმ-ის სიგრძის ამ გზაზე, უნიკალური ლანდშაფტი და უნიკალური ბუნებრივი და ისტორიული სილამაზეები იტაცებს ადამიანებს. “ლიკიის გაზასაც ეძახიან ამ მარშრუტს და მის გავლისას თითქოსდა დროის გვირაბში გადიხართ. ამიტომაც, ყოველწლიურად იზრდება ლიკიის მარშრუტის ფეხით დამპყრობი ადგილობრივი თუ უცხოელი მოლაშქრეების რაოდენობა“, აღნიშნავს საბაჰი

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ ანტალიამ აგვისტოში, უცხოელი ტურისტების რაოდენობით, ყველა დროის რეკორდი მოხსნა. “გასულ თვეში ანტალიაში 2 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა, ხოლო მიმდინარე წლის 8 თვეში ჩამოსულთა რაოდენობამ კი 9 მილიონს გადააჭარბა, რაც ყველა დროის რეკორდია. ამ წლის ბოლომდის ანტალიაში ჩამოსულთა რაოდენობა 14 მილიონს გადააჭარბებს და ესეც ახალი რეკორდი იქნება“, იმედს გამოთქვამს ჰაბერთურქის მიმომხილველი



მსგავსი ინფორმაციები