თურქული პრესა 23.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 23.05.2018

 

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც რ.თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა საავადმყოფოში მწოლიარე პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბასის და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. თურქმა ლიდერმა აბასის დეტალური ინფორმაციები მიაწოდა 18 მაისს, სტამბოლში ჩატარებული ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუშაობისა და მასზე მიღებული დადგენილებების შესახებ, წერს ვათანი

Sabah-ი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს ისრაელის ძალმომრეობის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს. მასში იგი ხაზგასმით აცხადებს, რომ ისრაელი აუცილებლად აგებს პასუხს უდანაშაულო პალესტინელების მასიურ მკვლელობაზე. ეს განცხადება თურქმა დიპლომატმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისმა პალესტინელმა კოლეგამ, რიად ელ მალიქიმ ისრაელის მკვლელობები გაასაჩივრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. “ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით ამ სასამართლო პროცესს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ, აღნიშნავს საბაჰი

Star-ი იუწყება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში მკაცრად დაგმო ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ყანდაარის ვილაიეთში განხორციელებული ტერაქტი, რასაც ათობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. “ანკარა თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში

Haber Türk-ის მიხედვით, სამხედრო სამრეწველო კომპანია  ASELSAN-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მათი მხრიდან შექმნილი მრავალფენიანი მიკრო ტალღური კერამიკული ტექნოლოგიით შესაძლებელი გახდება მცირე და ძლიერი სარადარო და ელექტრონული საბრძოლო ტექნიკისა და მოწყობილობების წარმოება. ამავე განცხადებით, ასეთი ტექნოლოგიის გამოყენებით 30 ჯერ უფრო მეტი  მიკროტალღოვანი მოდულების წარმოება შეიძლება, თანაც, ჩვეულებრივ მეთოდებზე, ე.ი. კლასიკურებზე ბევრად უფრო მცირე მოცულობის, ამიტომაც, მომავალში ამ სამამულე წარმოების ტექნოლოგიით კოსმოსური სამუშაოებიც შეიძლება დაიწყოს

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ თავდაცვითი მრეწველობის ფირმა İÇDAŞ-ის კუთვნილ გემთსაშენში მზადება დაიწყო სამამულე წარმოების ავიამზიდის მშენებლობისთვის. ამ სამხედრო გემის მშენებლობისათვის 370 მეტრი სიგრძის და 70 მეტრის სიგანის მშრალი აუზი შენდება, რომლის ღირებულება 50 მილიონი დოლარი იქნება და მისი ექსპლოატაციაში გადაცემა 2019 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. ავია გემის მშენებლობის დაწყებისას კი  ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, იმედს გამოთქვამს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები