თურქული პრესა 04.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

117449
თურქული პრესა 04.07.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 23 დღიანი ტყვეობის შემდეგ ერაყის ქალაქ მოსულში გატაცებული თურქი მძღოლები გაანთავისუფლეს და ისინი გუშინ საღამოს ჯერ ერაყის ქალაქ ერბილში გადავიდნენ, ხოლო აქედან კი სპეციალური თვითმფრინავით თურქეთის ქალაქ შანლუიფაში ჩამოფრინდნენ. თურქული ტრაილერების მძღოლები და კიდევ თურქეთის ქალაქ მოსულში მოქმედი საკონსულოს თანამშრომლები 9 ივნისს ერაყის და სირიის ისლამური სახელმწიფო ორგანიზაცია IŞİD-ის ბოევიკებმა გაიტაცეს და ანკარამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შესძლო ბოევიკების დაყოლიება და მათი განთავისუფლება, წერს იენი შაფაკი


ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიით ბოსნია-ჰერცოგოვინის ქალაქ სრებრენიცაში სერბების მხრიდან ადგილობრივ მუსლიმან მამაკაცებზე განხორციელებული გენოციდის მეცხრამეტე წლისთავს სამგლოვიარო ღონისძიებებით აღნიშნავენ და მის ფარგლებში გუშინ ბოსნიელებმა მასობრივი სვლა მოაწყვეს იმ მარშრუტზე, რომელსაც ე.წ. სიკვდილისაგან გაქცევის გზას უწოდებენ და რომლითაც სერბ ჯალათებს გაექცნენ და თავს უშველეს ზოგიერთმა ბოსნიელებმა. ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება 11 ივლისამდის და ამ დღეს კი მიწას მიაბარებენ სერბების მხრიდან 1995 წელს მხეცურად მოკლულ კიდევ 175 ბოსნიელ მსხვერპლს, რომელთა ძვლები ამ დღეებში აღმოაჩინეს საერთო სასაფლაოში, ვკითხულობთ იენი შაფაკში


ვათანის მიხედვით სირიაში მიმდინარე სისხლიანი სამოქალაქო ომის გამო ყოველდღიურად იზრდება ამ ქვეყნიდან თურქეთში გამოქცეულთა რაოდენობა და მარტო ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სირიიდან გამოიქცა და თურქეთს შეაფარა თავი 5 ათასზე მეტმა კაცმა
რამაზანი თანადგომისა და სოლიდარობის თვეა და ამიტომ ფართო ფორმას იღებს ქვრივ-ობლებისა თუ ღატაკთათვის მატერიალური დახმარებები. სწორედ მის ფარგლებში თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაცია “Cansuyu“-მ დახმარებების პაკეტები გაუგზავნა მსოფლიოს 30-მდე ქვეყანას სლოგანით: “რამაზანი ღარიბისათვის დღესასწაულია, ობლისათვის კი ღიმილი“ და მათ შორის არიან ისეთი გაჭირვებული ქვეყნები, როგორებიცაა სომალი, კენია, ნიგერია, კამერუნი და ა.შ. წერს სტარი


ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება რომ სტამბოლში მოქმედი “Medipol“-ის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს დაქვემდებარებული რეგენერაციული და აღდგენითი მედიცინის კვლევის ცენტრი “REMER“-ი მარტო თურქეთის კი არა, არამედ ევროპის ერთ ერთ უდიდეს და მოწინავე კვლევით ცენტრად ითვლება. მიმდინარე წელს ხსენებულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამედიცინო ფაკულტეტიც გაიხსნა, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზეა და ამიტომ აქ მრავალი ქვეყნის სტუდენტებიც სწავლობენ, ვკითხულობთ ჰურრიეთში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები