„მემლექეთზე ფიქრებით“ 11.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ალი ერთუღრული

„მემლექეთზე ფიქრებით“ 11.2017

„მემლექეთზე ფიქრებით“ 11.2017

(ფოტო აღებულია ბატ. ალი ერთუღრულის facebook-ის გვერდიდან)

„მემლექეთზე ფიქრებით“ 11.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ალი ერთუღრული 

მოგესალმებით. ვაგრძელებთ რამდენიმე გადაცემის წინ დაწყებულ ციკლს, რომელიც დუზჯელი  ჩვენებურების გაცნობას ეხება. თქვენ უკვე მოგეხსენებათ, რომ თურქეთის ჩრდილო დასავლეთით, შავი ზღვისპირა რეგიონში მდებარე ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში მეოთხე წელია ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება. საქართველოდან ჩამოსული ქართველი პედაგოგების მეშვეობით გვეძლევა საშუალება უფრო ახლოს გავეცნოთ დუზჯელ ჩვენებურებს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი სწორედ დუზჯეს უნივერსიტეტის დოცენტი ბატონი ალი ერთუღრულია. მასალა მოგვაწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორმა ნანა კაჭარავამ, რომელიც ამჟამად ამ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.

აი რას მოგვითხრობს ქალბატონი ნანა: დუზჯეს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, დოც. ალი ერთუღრული წარმოშობით ქართველია. მისი დიდი წინაპრები რუსეთ-თურქეთის ბოლო ომის შემდეგ აჭარის, შუახევის რაიონის სოფ. ცივაძეებიდან აყრილან და ოსმალეთში გადასულან. აქ ჯერ გირესუნში, ხოლო 1900-იან წლებში დუზჯეს რეგიონის სოფ. გურჯუ ჩიფთლიქში დასახლებულან. სოფლის სახელწოდება “გურჯუ ჩიფთლიქი“ ქართულ მამულს ნიშნავს და ბატონი ალის წინაპრები, ქარცივაძეები ამ სოფელში ჩასახლებული შვიდი ქართული გვარიდან ერთ-ერთი გახლავთ. რაც შეეხება მათ სასიგელო გვარს, როგორც თვითონ ამბობს, იჰთიაროღლუ (İhtiyaroğlu) ანუ ბერიშვილის, შესაძლოა ბებრიშვილის ან შესაძლოა ბებურიშვილების ჩამომავლები არიან. დიდედები მოფერებით „ბებური, ბებურიო“ მიმართავდნენ თურმე ერთმანეთს - იხსენებს ბატონი ალი ბავშვობიდან შემორჩენილ მოგონებას. პირველი მსოფლიო ომის ცივი ტალღა შეეხო მის მამა-პაპასაც. ბატონი ალის პაპის მამა სამ ძმასთან ერთად სირიის ფრონტზე იბრძოდა. მათგან მხოლოდ ერთს, აჰმეთ უსტას  მოუწია შინ დაბრუნება. დანარჩენი ძმების მონაგარი ობლად გაიზარდა. ბატონ ალის ჰყავს მშობლები, დები, ძმები, რომლებიც მშვენივრად საუბრობენ ქართული ენის იმერხეულ დიალექტზე. თვითონაც ახერხებს ქართულად საუბარს, ძირითადად ბავშვობიდან გონებაში ჩარჩენილი ფრაზებით.

ალი ერთუღრული 1971 წელს დუზჯეში დაიბადა. 1995 წელს დაამთავრა ქ. იზმირის 9 სექტემბრის სახელობის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტი. მისი აკადემიური კარიერა ამავე უნივერსიტეტშივე დაიწყო, იგი ასისტენტად აიყვანეს სასულიერო ფაკულტეტის ისლამის ისტორიისა და ხელოვნების განყოფილებაზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქაურ ქართველებს, ძირითადად, სასულიერო განათლება აქვთ მიღებული. ახლო-მახლო სოფლების მეჩეთებში მოლა, იმამი, მუეძინი თუკი ვინმეა, მათი უმრავლესობა ქართველია. შეიძლება ითქვას, რომ დუზჯელ ჩვენებურებსა და მათ ოჯახებში მაჰმადიანურ რელიგიას ძლიერად აქვს ფესვი გადგმული.

1999 წელს ალი ერთუღრული ამთავრებს მაგისტრატურას, ხოლო 2009 წელს კი დოქტორანტურას. 2003-2005 წლებში სადოქტორო თემაზე მუშაობისას მეცნიერ თანამშრომლად მივლინებული იყო თეირანში. იქ მან გაიცნო საქართველოდან ასევე მეცნიერ თანამშრომლად ჩამოსული ირანისტი ალექსანდრე ჭულუხაძე. გულმა გული იცნო და ორი ქართველი ახალგაზრდა ისტორიკოსი სპარსეთში მალე დაუახლოვდა ერთმანეთს. მათი სასაუბრო თემები, რასაკვირველია, იყო სამშობლო, საქართველო, განათლება, მეცნიერება. ალექსანდრე ჭულუხაძის საშუალებით გაეცნო ალი ერთუღრული  საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის დარგს, კერძოდ, თურქოლოგიას, ირანისტიკას, თურქოლოგებსა და მათ ნაშრომებს.  ბატონი ალი დაინტერესდა ცნობილი თურქოლოგის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის გამგის, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებლის ბატონი სერგი ჯიქიას ქალიშვილის, ქალბატონი მარიკა ჯიქიას ნაშრომით, სახელწოდებით “თურქული წარმომავლობის ანთროპონიმები ქართულში.” ეს სტატია მას იმდენად მოეწონა, რომ მისი თარგმნა და თურქეთში გამოქვეყნება მოინდომა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის სპარსულად და ქართულად მეტყველებს, ალი კი - თურქულად და სპარსულად. ორმა ახალგაზრდა მეცნიერმა გადაწყვიტა მათთვის საერთო სპარსული ენის საშუალებით ეთარგმნათ და გამოექვეყნებინათ ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა შრომები. ამგვარად ალექსანდრე ქართველი მეცნიერის ნაშრომს უთარგმნის მეგობარს სპარსულად, ხოლო ის თავისი ლამაზი თურქულით აწყობს და აგვირისტებს წინადადებებს. ასე გამოცხვა ახალი თარგმანი, რომელიც 2010 წელს დაიბეჭდა ანკარის უნივერსიტეტის ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალში. ამგვარი მეთოდით მათ კიდევ სამი სტატია თარგმნეს და მათ შორის ცნობილი ქართველი ირანისტის, ისტორიკოს ვალერიან გაბაშვილის შრომებიც. აქ გასაკვირი ის არის, რომ უნებლიეთ ქართული მხატვრული ფილმის „მამლუქის“ საფინალო სცენა გვახსენდება ორ ქართველზე, რომლებიც სხვადასხვა უცხო ქვეყანამ შეიფარა და დიდი ხნის შემდეგ  ბედმა ისინი ისევ ერთმანეთს შეახვედრა.

2012 წელს ალი ერთუღრული იზმირის უნივერსიტეტიდან გადადის შედარებით ახალგაზრდა დუზჯეს უნივერსიტეტში. ეს მისი მშობლიური მხარეა. ამ უნივერსიტეტში იგი აარსებს ისტორიის კათედრას, კერძოდ, შუა საუკუნეების ისტორიის მიმართულებას. თვითონ ბატონი ალი შუა საუკუნეების, კონკრეტულად, სელჩუკთა სახელმწიფოს პერიოდზე მუშაობს. ბაკალავრიატის საფეხურის პარალელურად იგი სამაგისტრო პროგრამებსაც ამზადებს ისტორიაში, ხელს უწყობს თავის კათედრაზე სხვადასხვა მიმართულებების ჩამოყალიბებას. დღეს ბატონი ალი არის ამ კათედრის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი. 2016 წელს მას მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო ხარისხი, რაც თურქეთის უმაღლესი განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აკადემიური საფეხურია. ალი ერთუღრული  არის ხუთი მონოგრაფიისა და უამრავი სტატიის ავტორი. მისი შრომები თურქულის გარდა დაბეჭდილია ინგლისურ, სპარსულ და არაბულ ენებზე. იგი ასევე მეცნიერულ წიგნებს სპარსულიდან თარგმნის. მას ფევზი ჩელებისთან ერთად დიდი როლი მიუძღვის დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების გახსნის საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალურად არ ევალება ეს მიმართულება, შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი დღეს დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების კურატორია. არცერთი ღონისძიება, სტუმრობა, ოფიციალური ვიზიტი მის გარეშე არ ხორციელდება. ის ასევე ჩართული იყო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს მიეძღვნა. 2016 წელი იუნესკოს მიერ შოთა რუსთაველის წლად იყო გამოცხადებული. ამ სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებას გასული წლის შემოდგომაზე ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ გასულ ზაფხულს თურქეთში დატრიალებული პოლიტიკური მოვლენების გამო კონფერენცია გადაიდო და ამა წლის 12-14 მაისს ჩატარდა. ამ სამეცნიერო კონფერენციის პროექტი, ფინანსების მოპოვება, სხვადასხვა უწყებებთან მოლაპარაკება მთლიანად ალი ერთუღრულის დამსახურებაა. იგია ამ პროექტის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი.

ქალბატონი ნანა როგორც აღნიშნავს, ის და მისი კოლეგები ალი ერთუღრულის მეშვეობით ლექციების შემდეგ გამართულ საუბრებში უამრავ საინტერესო სიახლესა თუ ნიუანსს აფიქსირებენ ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა დუზჯეში ქართული მეტყველების თავისებურებები, ქართულში აღმოსავლური ენებიდან დამკვიდრებული ნასესხები ლექსიკა, შოთა რუსთაველი თუ აღმოსავლეთის ყველაზე ცნობილი სუფების მევლანა, შემსი თებრიზისა და სხვათა ცხოვრება და მოღვაწეობა, მათი ბრძნული გამონათქვამები.

მიუკერძოებლად შეიძლება ვთქვათ, რომ ალი ერთუღრული თურქეთში მცხოვრებ ქართველებში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია თავისი პიროვნული თუ აკადემიური ღირებულებებით.


საკვანძო სიტყვები: მემლექეთზე ფიქრებით

მსგავსი ინფორმაციები