„მემლექეთზე ფიქრებით“ 8.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ფევზი ჩელები

„მემლექეთზე ფიქრებით“ 8.2017

„მემლექეთზე ფიქრებით“ 8.2017

(ფოტოები აღებულია ბატ. ფევზი ჩელების facebook-ის პირადი გვერდიდან)

„მემლექეთზე ფიქრებით“ 8.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ფევზი ჩელები

მოგესალმებით. სანამ უშუალოდ დღევანდელ თემაზე გადავიდოდეთ, მინდა გაგახსენოთ გადაცემა, რომელშიც პოეტ აბდულაჰ ჩელებიზე ვისაუბრეთ. შემოგვაქვს შესწორება. ბატონი აბდულაჰის ლექსის „გადასახლების“ თურქულიდან ქართულად თარგმანი ეკუთვნის ქალბატონ ნანა კაჭარავას, ხოლო ლექსის პოეტური რითმის ავტორი კი ქალბატონი ხათუნა როგავაა. ლექსის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით  ქალბატონ ნანა კაჭარავას.

ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ თურქეთის დუზჯეს  რეგიონში  მცხოვრებ ჩვენებურ ქართველებზე საუბარს. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ფევზი ჩელები, იგივე ჩელებაძე. გადაცემის ამ ნაწილში მის ბიოგრაფიულ ცნობებს მოგაწვდით, ხოლო შემდგომში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას თავისი დედაენისა და სამშობლოსადმი.

 ფევზი ჩელები 1969 წელს თურქეთში, ქალაქ ბოლუში დაიბადა. დღევანდელი დუზჯეს რაიონის გოლიაქას დაბის სოფ. ჰაჯი იაკუბის სკოლის დამთავრების შემდეგ 1986 წელს ქალაქ იზმირის ეგეოსის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მან მაგისტრატურაში განაგრძო სწავლა ქალაქ საქარიის უნივერსიტეტში.  ხელოვნებათმცოდნეობაში მან დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი, სახელწოდებით „ქალაქ ანისის X-XIII საუკუნეების ქართული ხელოვნების ძეგლები“. ფევზი ჩელები ამავე დროს სტამბოლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტიც გახლავთ, თუმცა ალბათ ყველაზე „გასაკვირი“ (რა თქმა უნდა კარგი გაგებით) ის არის, რომ ის თბილისის საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის დოქტორანტია. ბატონი ფევზი დაინტერესებულია ასევე ფილოსოფიითა  და თეოლოგიით.

 ფევზი ჩელებიმ მასწავლებლობა 1992 წლიდან დაიწყო. ნახატები, ქანდაკებები, ლექსები, ნოველები მისი შემოქმედებითი სამყაროს ნაწილია. 1998 წლიდან მან გამოუშვა ჟურნალი, სახელწოდებით „ეფთენი“. ეფთენი ამ რაიონის ტბის სახელია. ამ ჟურნალის მხოლოდ შვიდი ნომერი გამოვიდა. 1999 წელს ფევზი ჩელებიმ გამოაქვეყნა წიგნი „გოლიაქა - გუშინ და დღეს“, ხოლო 2000 წელს მეორე წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „მიწისძვრა გოლიაქაში“.

ფევზი ჩელები დღემდე ქართული ხელოვნების, მწერლობისა და კულტურის კვლევით არის დაკავებული. ბატონ ფევზის ჰყავს ასევე ქართველი წარმოშობის მეუღლე ქალბატონი ნაგიჰანი და სამი შვილი, დილა, ომერ ფარუქი-ომერ საბა და მუჰამედ მირშაჰი იგივე მიშა.

ფევზი ჩელები როგორც თავად გვიამბობს, ბავშვობიდანვე ქართულად მოსაუბრეთა წრეში გაიზარდა. ბებიასთან და ბაბუასთან გატარებულ ბავშვობას ის იგონებს, როგორც ერთ მთლიან ოჯახს, სადაც მომსვლელი სტუმრების გარდა ყველა ქართულ ენაზე საუბრობდა. მისი თქმით, ე.წ. თავისიანები, ქართული ენის აჭარული დიალექტით მეტყველებდნენ. როგორც თავად ამბობს, ქართული ენის აჭარული დიალექტისა და ლაზურის განსხვავებულობასა და ამავე დროს მათ ნათესაურ კავშირზე დაკვირვება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ის ამავე დროს დაინტერესდა თურქული სალიტერატურო ენითა და ოსმალურით, მის ახლობელთა წრეში გამოყენებული თურქულის დიალექტებითაც.

აჰმედ ოზქან მელაშვილის წიგნის „საქართველოს“ საშუალებით ის გაეცნო ქართულ დედაენას და დაიწყო მშობლიური ენის შესწავლა. ასევე ჟურნალ „ჩვენებურის“ დახმარებით მან უფრო უკეთ გაითავისა ქართული კულტურა. საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მოკლე სიხშირით თურქეთში გადაიცემოდა რადიო „თავისუფლებისა და ამერიკის ხმა“, რისი მეშვეობითაც ფევზი ჩელების საშუალება ჰქონდა სალიტერატურო და ასევე ყოველდღიური ქართული ენა მოესმინა. შემდგომში მან მოიპოვა ქართულ-გერმანული და ინგლისურ-ქართული ლექსიკონები, რაც მას ქართულის სწავლაში დაეხმარა. დრო და დრო იზმირის საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოდან ქართველების მიერ ჩამოტანილ ქართულ გამოცემებსაც ეცნობოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა აღდგა და ფევზი ჩელები კულტურათა შორის დიალოგში ჩაერთო. ის საქართველოდან ჩამოსულ ქართველებს მასპინძლობდა და დღემდე აგრძელებს ამ ტრადიციას.

ფევზი ჩელების ერთი საწუხარი აქვს, მისი თქმით, თურქეთში მცხოვრებ ქართველებში ქართული კულტურის გაქრობის დიდი საფრთხეა, რაც პირველ რიგში მშობლიური დედაენის დავიწყებით არის გამოწვეული. ამიტომაც მან თავისი პროფესიული ძალისხმევა ქართული ენისა და ქართული კულტურის უფრო მაღალ დონეზე შესწავლას მიუძღვნა და მთარგმნელობითი მუშაობაც წამოიწყო. ფევზი ჩელებიმ ხელოვნემათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად თავის ხელმძღვანელთან პროფესორ თულინ ერთანთან ერთად ყარსის რეგიონში, ძველ ისტორიულ ქალაქ ანისში ქართულ ძეგლებზე, ფრესკებსა და ორნამენტებზეც იმუშავა. ბატონი ფევზის დოქტორანტურის თემაც (დისერტაცია) ქართულ ენის კვლევას ეხება; როგორც თავად აღნიშნავს მას აკადემიურ საქმიანობაში დაეხმარნენ პროფესორები ტარიელ ფუტკარაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, მანანა ტაბიძე და სხვანი.

ბატონი ფევზი დუზჯეში არსებულ ქართული კულტურის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრის მისიონერულ საქმიანობაში ჩართული აქტიური წევრია.

გადაცემას ფევზი ჩელების, როგორც დუზჯეში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველის სიტყვებით დავასრულებ: „ადამიანი მხოლოდ თავისი საქმითა და არჩევანით შეიძლება გახდეს საქებარი. ის რომ ქართველად დავიბადე, ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა და მხოლოდ ამით ვერ ვიამაყებ, თუკი მე ჩემს ქართველობას საქმით ვერ გამოვამჟღავნებ. ჩემი მთარგმნელობითი თუ კულტურული საქმიანობით მე ორ ქვეყანას უანგაროდ ვემსახურები და ეს კულტურათაშორისი „ელჩობა“  ჩემი არჩევანია.“


საკვანძო სიტყვები: მემლექეთზე ფიქრებით

მსგავსი ინფორმაციები