მატისი ავღანეთს ეწვია

ეს ვიზიტი არ იყო წინასწარ დაგეგმილი

მატისი ავღანეთს ეწვია

 

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტი მოაწყო.

ეს ვიზიტი წინასწარ არ იყო დაგეგმილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქაბულში ჩასულ პენტაგონის შეფს ოფიციალური მიღება მოუწყო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ.

ამერიკული მასმედიის მიხედვით, მათ  ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის გარდა, თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესიც განიხილეს.

ავღანეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ მხარეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა "სამშვიდობო პროცესი, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების რეფორმა, მომავალი არჩევნები, ტერორიზმთან ბრძოლა და პაკისტანთან დიალოგი".

ავღანეთში ვიზიტისას მატისს თან ახლდა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ჯოზეფ დანფორდი.

აშშ-ს ავღანეთში დაახლოებით 14 ათასი სამხედრო ჰყავს. ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც შარშან ავღანეთს ახალ სტრატეგიას დაჰპირდა, ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში დამატებითი 3 ათასი სამხედრო მიავლინა.



მსგავსი ინფორმაციები