„მემლექეთზე ფიქრებით“ 9.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ილჰან აქინი

„მემლექეთზე ფიქრებით“ 9.2017

„მემლექეთზე ფიქრებით“ 9.2017

(ფოტოები აღებულია ბატ. ილჰან აქინის facebook-ის გვერდიდან)

 

„მემლექეთზე ფიქრებით“ 9.2017

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“ - ილჰან აქინი

მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ ციკლს დუზჯელ ქართველებზე და დღეს მინდა გაგაცნოთ წარმოშობით ქართველი, თურქეთის ქალაქ დუზჯეში მცხოვრები მწერალი ილჰან აქინი. მის მრავალმხრივ მწერლობით შემოქმედებაში, ძირითადად, ჭარბობს რომანები, სწორედ მისი რომანების შესახებ გვექნება დღეს საუბარი, რომელთაგანაც ერთ-ერთი სწორედ გადასახლების ე.წ. მუჰაჯირობის თემას ეხება.

დუზჯელი ჩვენებურებისა და ზოგადად დუზჯეს ინტელიგენციის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია მწერალი და საზოგადო მოღვაწე, თურქული ენის პედაგოგი ილჰან აქინი. იგი 18 რომანისა და  მოთხრობების ორი წიგნის ავტორია. მწერალს შეხვდა და ესაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუზჯეს უნივერსიტეტის ასოც. პროფ. ნანა კაჭარავა.

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტის ბატონ ილჰან აქინის სახელი კარგა ხანია გასცდა დუზჯეს ფარგლებს. მწერლის ბოლო მოთხრობების წიგნი „მანამ ვარსებობ, სანამ დედა მყავს“ შეტანილია პროექტში, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის კითხვის შეყვარებას, კითხვის კულტურისა და ჩვევების განვითარებას. პროექტის მიხედვით ამ წიგნს ათი ათასამდე მოსწავლე წაიკითხავს.

მწერალი დაინტერესებულია და დაწვრილებით იკვლევს ძველი მსოფლიოს ცივილიზაციებს. მისი რომანების უმრავლესობაც სწორედ ამ თემებზეა შექმნილი. მას უყვარს ადამიანები განურჩევლად რასისა და რელიგიისა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ქმნის. მაგ. რომანი „იაპონიის ბატონი“ იაპონურ კულტურაზე მოგვითხრობს; “განგის ცრემლები,“ რომელიც თარგმნილია ინგლისურად, ინდოეთის ცივილიზაციას გვაცნობს; არაბული კულტურის თემაა გაშლილი რომანში „სირიუსი.“ ეს გახლავთ ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც ნახსენებია ყურანში. ქართულ თემატიკაზე მას დაწერილი აქვს რომანი „უხმო ქვითინი,“ რომელიც მუჰაჯირთა თემაზეა შექმნილი. რომანის ქართულ თარგმანზე მუშაობს ბატონი თემურ ტარტარაშვილი.

მწერალმა საუბრისას აღნიშნა, რომ მას უკვე დაწერილი აქვს რომანი „წმინდა ბარბარე“ („სანტა  ბარბარა“). კათოლიკებისა და მართლმადიდებლებისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ეს წმინდანი ნიკომედიელია (ახლანდელი იზმითი, თურქეთი). იგი 235 წელს აწამეს რომაელებმა. 550 წელს მისი საფლავი აია-სოფიას ტაძარში იქნა გადატანილი, ხოლო 1204 წელს ჯვაროსნების ლაშქრობის შემდეგ წმინდანის საფლავმა ვატიკანში გადაინაცვლა. ამ ნაშრომთან დაკავშირებით ილჰან აქინი სტამბოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ბართლომეოსმა მიიწვია, რომელსაც აქვს სურვილი, რომ  წიგნი  მისი წინასიტყვაობით გამოიცეს.

მწერალმა მომავალი გეგმებიც გაგვანდო. მან დაიწყო მუშაობა ახალ რომანზე, რომლის თემა იქნება არგონავტები - ოქროს საწმისი. ამასიელი ისტორიკოსი სტრაბონის, ნიკომედიელი ფილოსოფოსის არიანეს, პონტოელი ბრძენი მემნონისა, რომაელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწის პილინიუსის თუ სხვათა მიერ მოწოდებული ცნობების ანალიზის შედეგად ილჰან აქინი აპირებს არგონავტების თემის სულ სხვა და მეტად საინტერესო კუთხით გაშუქებას. სწორედ ქალბატონ ნანა კაჭარავას დაევალა, რომ მომავალში ეს წიგნი ქართულად თარგმნოს. ამ რომანის დამთავრების შემდეგ მწერალი ყირიმელი თურქების თემაზე აპირებს მუშაობას.

ილჰან აქინი სპეციალობით პედაგოგია, თურქული ენის მასწავლებელი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ქალ-ვაჟი, რომლებიც ლიცეუმის მოსწავლეები არიან. ახლახან საქართველოს დიასპორის დეპარტამენტიდან მან მიიღო შეთავაზება გახდეს საქართველოს მოქალაქე ანუ ექნება ორმაგი მოქალაქეობა. ამ წინადადებამ ბატონი ილჰან აქინი ძალიან გაახარა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებაო, დასძინა მან.

აი, ასეთი გახლავთ კიდევ ერთი გამოჩენილი ქართველის ცხოვრება და სამწერლობო საქმიანობა.

 


საკვანძო სიტყვები: მემლექეთზე ფიქრებით

მსგავსი ინფორმაციები